აჭარის მაღალმთიანეთში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს.
“მუშაობა გრძელდება და მალე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე შეძლებს გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობა” – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
„ხულო-ადიგენის მიმართულებით, კურორტ გოდერძამდე საღამოს საათებშიც კი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ცენტრებამდე პრაქტიკულად ყველგან გაწმენდილია გზა, ასევე სოფლების მიმართულებით. მუშაობა გრძელდება და მალე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე შეძლებს გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტ გოდერძისკენ მიმავალი ტურისტები. ასევე, ელექტრომომარაგების კუთხითაც იყო გარკვეული შეფერხება. თუმცა, კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად აღმოფხვრილია ყველა პრობლემა და ელექტრომომარაგება ძალიან მალე აღდგება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.