აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რთული პროცესი მიმდინარეობს და ნებისმიერ პროცესს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდება, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია, სანამ არ მოხდება გაერთიანება და დევნილების ღირსეული დაბრუნება.
„ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს სოხუმში, ეს პროცესები არის დაწყებული არა გუშინ და გუშინწინ, ეს მიმდინარეობს დიდი ხანია და ამ პროცესების ძირითადი მიზეზი არის ოკუპაცია და მილიტარიზაცია. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჩავრთოთ ყველა საერთაშორისო პარტნიორი. ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა. შესაბამისად, არც ერთ პროცესს, სადაც არის გათვალისწინებული საზოგადოების ჩართულობა, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია. ყველა ასეთი პროცესი მიმართული იქნება იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალა ეცდება ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ლეგიტიმაციას. ნებისმიერი პროცესს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდება, არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია, სანამ არ მოხდება გაერთიანება და დევნილების ღირსეული დაბრუნება“, – განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.
ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო და ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.