ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ რუსეთმა დართო ნება, შეიძლება სცადონ ხაჯიმბას დამხობა” – ანალიტიკოსი

ანალიტიკოსი რეზი ქოიავა “მეტრონომთან” ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოხუმში ვითარება კონტროლიდან გავა, რუსეთი პროცესებში აუცილებლად ჩაერევა.

ქოიავას თქმით,  ე.წ. ოპოზიციის კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას უკან დგას ასლან ბჟანია, რომელიც აფხაზეთში ავტორიტეტული ფიგურაა და რუსეთთან პირდაპირ კავშირზე იმყოფება.

ანალიტიკოსის აზრით, ე.წ. ოპოზიციამ, რომელიც რუსეთისგან სიგნალს ელოდება, ნების დართვის შემთხვევაში, შეიძლება რაულ ხაჯიმბას დამხობა სცადოს.

“აფხაზეთში პროცესები დაიწყო ე.წ. არჩევნების შედეგების შემდეგ. 8 სექტემბერს ჩატარდა არჩევნები, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტი აირჩიეს და მეორე ტურის შედეგად, მცირე სხვაობით მოიგო რაულ ხაჯიმბამ. და მაშინ უკვე, დიდი ეჭვები გამოიწვია ამ გამარჯვებამ. ოპოზიციაც, ასე ვთქვათ, მობილიზებული იყო და გააპროტესტა, მათ შორის, სასამართლოში. სასამართლომ მიიღო ეს საქმე განსახილველად, მაგრამ პროცესი გადადო რამდენიმე თვით. ის, რომ ასე სწრაფად განვითარდა ახალი წლის შემდეგ მოვლენები, ეს ცოტა მოულოდნელი იყო. აფხაზეთში საზოგადოება არის პოლარიზებული და თვითონ ხაჯიმბას რეიტინგი მუდმივად იკლებს, ოპოზიციასაც გააჩნია მნიშვნელოვანი რესურსი, შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.

რუსეთი, ალბათ, ფიქრობს, რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. დე ფაქტო ოპოზიციაც და დე ფაქტო ხელისუფლებაც ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი უფრო ლოიალურია რუსეთის მიმართ. ხაჯიმბა რომ აირჩიეს ე.წ. პრეზიდენტად, პუტინმა კი მიულოცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრი და განწყობები თუ შეიცვალა, მოსკოვი მხარს არ დაუჭერს ოპოზიციას.

რუსეთი აუცილებლად ჩაერევა, თუ ვითარება კონტროლიდან გავიდა. ოპოზიციის ლიდერის, ალხაზ კვიცინიას უკან დგას ასლან ბჟანია, რომელიც ავტორიტეტული ფიგურაა აფხაზეთში და რუსეთთანაც პირდაპირ კავშირზე იმყოფება. ის, სავარაუდოდ, დაელოდება რუსეთისგან სიგნალს. თუ რუსეთმა დართო ნება, შეიძლება სცადონ ხაჯიმბას დამხობა, თუ არადა, დაელოდებიან სასამართლო პროცესს. ცხადი არის ის, რომ ოპოზიცია რუსეთისგან ელოდება სიგნალს. საქმე შეიძლება თავისუფლად მივიდეს ვადამდელ არჩევნებამდეც”, – უთხრა “მეტრონომს” რეზი ქოიავამ.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ  ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.

ბჟანიას თქმით, დროა სამხედროები, ძალოვნები და გენერლებიც კი, დადგნენ აფხაზი ხალხის გვერდით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყება მოვლენებს უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აფხაზეთში მომხდარი მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა“.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....