aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთი აფხაზეთში სისხლისღვრას არ დაუშვებს, ალბათ, იმედია” – პაატა ზაქარეიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსეთი აფხაზეთში სისხლისღვრას არ დაუშვებს, ალბათ, იმედია”, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან”  საუბრისას კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს.

ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთი, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის საზოგადოების განწყობებს დააკვირდება, სოხუმში ვითარების დასტაბილურებას კულუარულად ან საჯაროდ შეეცდება.

კონფლიქტოლოგის თქმით, მოსკოვი ან განმუხტავს სიტუაციას, ან საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა.

“ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციამ აშკარად გარკვეული უპირატესობა მოიპოვა და კარნახობს ვითარებას დე ფაქტო პრეზიდენტს. ის საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაშია იმიტომ, რომ პარლამენტიც პრაქტიკულად განუდგა და ურჩია, რომ გადამდგარიყო, ხაჯიმბა კი, უარს ამბობს გადადგომაზე.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს მოსკოვი. მოსკოვი დუმს ამ წუთში, ჯერჯერობით ხმა არ ამოუღია და უყურებს მოვლენებს. ეტყობა, ელოდება საზოგადოების პოზიციას ანუ რამდენი ადამიანი გამოვა და რამდენ ხანს იდგება ქუჩაში. ალბათ, ორი-სამი დღე, შეიძლება ერთი-ორი დღეც საკმარისი იყოს – მოსკოვი იფიქრებს, რომელ მხარეს დაუჭიროს მხარი და შემდეგ, ალბათ, გააგზავნის რაღაც გარკვეულ მესიჯებს სოხუმში. მოსკოვის განცხადება, რომ სოხუმში მიმდინარე მოვლენები, აფხაზეთის საშინაო საქმეა, არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ ჩაერევა. ის, რაც ხდება, ნამდვილად საშინაოა. ის, რაც მოხდა სოხუმში, ეს არ ყოფილა რუსეთის მიერ დაგეგმილი, ეს იყო ადგილობრივად დაგეგმილი. სხვადასხვა კლანები ერთმანეთს ებრძვიან, თუ ვინ უნდა მართავდეს რუსულ ფულს, რომელიც იქ მიდის და ვინ უნდა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელიც რუსეთიდან მოდის, შესაბამისად, ოპოზიციას აქვს საშუალება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები. ანუ ის, რაც ხდება, ნამდვილად შიდა საქმეა, მაგრამ მეორეა, რამდენად აწყობს ეს არეულობა მოსკოვს. რუსეთს არ აწყობს ეს არეულობა, მას ურჩევნია იყოს სიმშვიდე. ამიტომ, ერთია, რა განცხადებას გააკეთებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მეორეა, როგორ ჩაერევა ამ ყველაფერში კულუარულად. ჩუმად ახლაც ერევა, დარწმუნებული ვარ, რაღაც გარკვეული ზარები და ზემოქმედება არის, მაგრამ თუ კულუარულად ჩარევამ არ უშველა, მერე ალბათ, რუსეთს მოუწევს, საჯაროდ ჩაერიოს, ანუ გააგზავნოს რაღაც დელეგაცია, რათა ადგილზე დაალაგოს სიტუაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსკოვი უყურებს, საზოგადოება საითკენ გადაიხრება. ოპოზიციას ჰყავს აქტივი და რუსეთი აკვირდება, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია მთლიანად საზოგადობის მობილიზებას. ამიტომ, ერთი-ორი კრიტიკული დღე სჭირდება ყველას, რათა თავიანთი კუნთები აჩვენონ ერთმანეთსა და მოსკოვს.

რუსეთი, აფხაზეთში სისხლისღვრას არ დაუშვებს, ალბათ, იმედია. ის არ დაუშვებს, მისი ვითომდა მშვიდობისმყოფელის იმიჯი შეირყეს. მოსკოვი შეეცდება, რომ ან განმუხტოს სიტუაცია, ან როგორც ჩანს, სიტუაცია შეიძლება იქით წავიდეს, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

“მეტრონომის” შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა მხარემ შექმნილ ვითარებაში, კონფლიქტოლოგი პასუხობს, რომ “საქართველო გვერდზე დგას”.

“ჩვენ, სამწუხაროდ, გვერდზე ვდგავართ. ქართულ მხარეს არავითარი კონტაქტები არ გააჩნია, როგორც ჩანს, აფხაზურ მხარესთან. შესაძლოა, უშიშროების სამსახურები რაღაც ფორმით ამყარებენ კონტაქტს. აფხაზეთში არაერთხელ ჩატარებულა ასეთი აქციები, მაგრამ არსებობს გარკვეული გამოცდილებაც, რომ თუ არსებობს პირდაპირი პოლიტიკური კონტაქტები, ქართული მხარე ატყობინებს ხოლმე აფხაზურ მხარეს, რომ აქ არ არის ჩართული საქართველოს ინტერესები და ქართული მხარე ამ არეულობაში არ ეძებს თავის გამოსავალს. მეც მიმიღია მონაწილეობა, როცა ჩვენ შეგვიტყობინებია, რომ რაც ხდებოდა, ჩვენთვის მიღებელი იყო და რომ ქართული მხარე არ მართავდა და არ ერეოდა პროცესებში. წესით, ახლა ქართული მხარე ამას უნდა აკეთებდეს, თუ აკეთებს, არ ვიცი. წესით, თუ გამგზავნი არის ვინმე, ასეთი ტიპის სიგნალი უკვე გაიგზავნებოდა”, – უთხრა “მეტრონომს” პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ  ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.

ბჟანიას თქმით, დროა სამხედროები, ძალოვნები და გენერლებიც კი, დადგნენ აფხაზი ხალხის გვერდით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყება მოვლენებს უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აფხაზეთში მომხდარი მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა“.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

 

იტვირთბა....