aviabiletebi
ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა

ფოჩიანი კანფეტები “მტრის ხატის” ნაცვლად – საით მიდის ივანიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ივანიშვილს საგარეო რეპუტაცია არასოდეს ჰქონია. მით უმეტეს ახლა… უფრო მეტიც, ახლა, უკვე მისი და მისი გუნდის იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშაა. კონგრესმენების და ზოგადად, დასავლური პრესის მხრიდან „ოცნების“ ლიდერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. რა შანსი დარჩა მმართველ პარტიას? რა დარჩა მას საყრდენად 2020-მდე? საით მიდის ბიძინა ივანიშვილი?

მმართველი გუნდის ლიდერი მხოლოდ ერთი მსხვილი ხავსის იმედადაა – „მტრის ხატი“, რომელიც საარჩევნო ყუთებთან ყოველთვის „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ „ამუნიად“ წარმოჩენა ყოველთვის მმართველი გუნდის წისქვილზე ასხამდა წყალს და თუკი დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები მხრებგამართულები დადიან, გულის სიღრმეში, ისევ და ისევ, ამ ე.წ. „მტრის ხატის“ იმედი აქვთ. ივანიშვილს ბოლომდე სჯერა, რომ ხალხი ცოცხებს ისევ შეჩვეულ ჭირს ანაცვალებს და 2020-იც მმართველი გუნდის სასარგებლოდ ჩაივლის.

არადა, რეალურად, საკმაოდ სერიოზულად ვითარდება მოვლენები. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ბოლო წერტილი პროპორციული სიის ჩავარდნა იყო. დაპირების ვერშესრულებას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მოჰყვა. „ოცნების“ საქმე ყოველდღიურად უკან მიდის. ისიც გამჟღავნდა, რომ „თავისუფლების მოედანზე“ გამოყვანილი მომხრეების გარკვეული ნაწილი იძულებით იყო ჩამოყვანილი დედაქალაქში. სკოლებისა თუ ბაგა-ბაღების რიგ ადმინისტრაციაში უკვე აღარ მალავენ, რომ ადგილი ჰქონდა ზეწოლას. ნაცნობი სურათია, უკვე მრავალჯერ აპრობირებული ქართული სინამდვილისთვის. საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის ფაქტი კი მმართველი გუნდის იმიჯს, „მატროსოვის“ პოზაში ჩადგომით, კიდევ უფრო დაბლა სცემს.

კონგრესმენ ადამ კინზინგერის „შოკი“ (როგორც ის წერს პრემიერ გახარიას) სერიოზული სიგნალი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის. როგორც მახსოვს, ყოველთვის ასე ვითარდებოდა წინა პროცესები ხელისუფლებების ცვლილებებამდე. უფრო მეტიც, დასავლური პრესა პირდაპირ მიანიშნებს ტრამპს, რომ დროა, სანქციები დაწესდეს ივანიშვილის საბანკო ანგარიშებზე. ასე წერს Washington examiner-ში ტომ როგანი.

ივანიშვილი ხედავს, რომ ბოკერია მშვიდი პოლიტიკური პრაგმატიზმით წევს სერიოზულ წინააღმდეგობას, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ. საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მის გასაჩერებლად მან თაროზე შემოდებული დოკუმენტაცია ჩამოიღო და „ევროპული საქართველოს“ ლიდერს „ძველი გრეხებისკენ“ მიუთითა.

აშკარაა, მმართველი პარტიის ლიდერი გრძნობს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა უკვე ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა აიძულებს ივანიშვილს ხშირად ჩახედოს პოლიტიკურ ინდიკატორს, რომლის ისარი, ბოლო პერიოდში, მგრძნობიარე გახდა.

ივანიშვილს ისიც კარგად ესმის, რომ ბოკერიას დაკავებით კიდევ უფრო გაირთულებს საქმეს, რადგან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, დღეს, თუკი ვინმეს აქვს გარე მხარდაჭერა, ეს ბოკერიაა. ძველი კავშირების თუ დასავლელ დიპლომატებთან „პოლიტიკური ფლირტით“ მიღებული სარგებლის სათავისოდ ამუშავების ნიჭი „ევროსაქის“ ლიდერმა სააკაშვილისგან ნამდვილად მიიღო და ახლა, ის მთელი ძალით ცდილობს მის ამოქმედებას. ეს იგრძნობა. საკმარისია უცხოური პრესის გაცნობა, ევროპარლამენტის თუ კონგრესის წარმომადგენლებთან გასაუბრება და ყველაფერი თვალნათლივ გამოჩნდება.

ერთი შეხედვით, მმართველი გუნდის ლიდერები, მოსახლეობაში ისე წარმოაჩენენ თავს, თითქოს, მათ საზიანოდ, არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, პიარის გამოცდილ სპეციალისტთა ჯგუფი, რომელმაც ლამის ჩრდილოვანი ინსტიტუციის ფორმაც კი მიიღო, ყველაფერს ცდილობს კარგად შეიფუთოს ოპოზიციის ნეგატივი და „ოცნების“ პოზიტივი. თუმცა, ზედაპირზე რჩება მთავარი, რასაც არ სჭირდება გამადიდებელი შუშა: სუსტი საკრებულოს წევრი, რომელსაც, რატომღაც, უაზრო პრინციპულობით უჭერს მხარს მმართველი გუნდი, სუსტი საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც მოახერხა მტრის ემისარი სპიკერის სავარძელში მოეკომფორტებინა, ძალოვანი სტრუქტურა, რომელმაც თვალები დათხარა ახალგაზრდებს და ერთ-ერთი მათგანი დაზარალებულადაც კი არ ცნო, მმართველი გუნდის სუსტი ლიდერები, რომლებიც დაპირდნენ ხალხს პროპორციულ არჩევნებს და საზოგადოება მოტყუებული დატოვეს, „სისხლიანი 9 წლის დროინდელი“ მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, სუსტი პრეზიდენტი, რომლის გამოჩენა უკვე ვირუსივით აღიზიანებს მოქალაქეებს, მედიის და ჟურნალისტების დისკრედიტაცია, პარლამენტის წევრები, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მილიონერია და ა. შ.

ზუსტად ასეთ დროს, მრავალნანახი და მრავალგამოცდილი ბოკერიას „პოლიტიკური მანქანა“ და ზოგადად ოპოზიცია, სრული სიმძლავრით ამუშავდა. მათმა გაერთიანებამ პოლიტიკურ წინააღმდეგობას უფრო მეტი ძალა მიანიჭა. პირადად მე, ოპოზიციის ასეთი კონსტრუქციული მოქმედება, ბოლო 30 წლის განმავლობაში, არ მახსოვს, რაც კიდევ უფრო ღრღნის ივანიშვილის ნერვებს და აიძულებს შეცდომა შეცდომაზე დაუშვას. მოვლენების ასეთი განვითარება მმართველი პარტიის პოლიტიკურ იმუნიტეტს საგრძნობლად აზიანებს და ის, აშკარად გადაჰყავს უშანსო სივრცეში. ქართული პოლიტიკის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, წესით, უნდა დაიწყოს რაღაც ახალი პროცესი, რაც 2020-ის ოქტომბრამდე კულმინაციას მიაღწევს.

მაგრამ მაინც… მმართველი გუნდისთვის, ამ უშანსო სივრცეში, გვირაბის ბოლოს, ნათელი წერტილივით მოჩანს ერთადერთი სურათი – „მტრის ხატი“, ცოცხები და სისხლიანი საპატიმროები. ისევ ეს არის ბოლო შანსი ივანიშვილისთვის, რომელსაც ის აუცილებლად შეეცდება გამოიყენოს. მმართველი პარტია და ივანიშვილი, ერთი წლის განმავლობაში, პერიოდულად, შეახსენებენ ხოლმე მოსახლეობას, თუ რა დევს სასწორის მეორე მხარეს, თუმცა, არავინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს, მათ „მტრის ხატის“ ნაცვლად, იქ ფოჩიანი კანფეტები აღმოაჩინონ. შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური პროდუქტი, რომელიც ისევე მისაღები იქნება საზოგადოებისთვის, როგორც ივანიშვილის 2012 წლის ოქტომბრამდელი დაპირებები. მაშინ ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გენერირებულ მძლავრ სისტემას, თავისი ადმინისტრაციული უკიდეგანო რესურსების ჩათვლით, რაიმე მოერეოდა?! ივანიშვილის ხელისუფლება დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ „მტრის ხატი“ ფოჩიან კანფეტებად ტრანსფორმირდეს…

გენო ჯოხიძე

 

 

იტვირთბა....