aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატები” განცხადებას ავრცელებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თავისუფალი დემოკრატები” განცხადებას ავრცელებენ, რომელიც საარჩევნო სისტემაზე ბოლოდროინდელ აჟიოტაჟს ეხება. ისინი თვლიან, რომ ივანიშვილის მორჩილი დეპუტატების ახალი ინიციატივა არა მხოლოდ ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და სტაბილობის აღდგენის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ ინტერესს – საქართველოს იურისდიქციის აღდგენას საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

“სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე საჯაროდ გაცემული დაპირების უარყოფის შედეგად ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და მასობრივი საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე კიდევ უფრო აღმაშფოთებელ და დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის მაპროვოცირებელ მოქმედებად ვაფასებთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ორპალატიანი პარლამენტის შემოღებას ისახავს მიზნად.

მართალია, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა დღევანდელი გადანაწილების პირობებში ამ კანონპროექტს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ან თუნდაც 2/3-ის მხარდაჭერის მოპოვება არ უწერია, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამით ცდილობს კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება, რომელიც, ბუნებრივი განსხვავებების მიუხედავად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხში ერთიანი და მონოლითურია. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური კანონის პროექტი არათუ ხელს არ უწყობს ქვეყანაში თანხმობისა და სტაბილობის დამკვიდრებას, არამედ პოლიტიკური დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის მიზანს ემსახურება.

ეს უპასუხისმგებლო ინიციატივა კიდევ უფრო სახიფათოდ წარმოჩინდება, თუ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხიდან შევხედავთ. კანონპროექტის თანახმად, საქართველოში ერთპალატიანი პარლამენტის ნაცვლად ორპალატიანი პარლამენტი უნდა იქნეს ამოქმედებული. ორპალატიანი პარლამენტის იდეა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში მისი მიღების დღიდან არის ჩადებული. კერძოდ, კონსტიტუციის  დღევანდელ რედაქციაში დადგენილია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. არსებითად იგივე შინაარსის დებულებას ითვალისწინებდა კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციაც.

ორპალატიანი პარლამენტის შემოღება საქართველოს ხალხმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის ფაქტს იმიტომ დაუკავშირა, რომ ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატა – სენატი ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპით უნდა იქნეს არჩეული. ხოლო, ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპი ვერ იქნება დაცული თუ საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა არ ეყოლებათ საქართველოს განუყოფელ და ძირძველ ტერიტორიებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. აქედან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის შემოღება მანამდე, სანამ საქართველოს იურისდიქცია მთლიანად არ იქნება აღდგენილი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ირიბად იმის აღიარება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღარ არის საქართველოს სახელმწიფოს ნაწილი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი დეპუტატების ეს ახალი ინიციატივა არა მხოლოდ ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და სტაბილობის აღდგენის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს უმთავრეს ეროვნულ ინტერესს – საქართველოს იურისდიქციის აღდგენას საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამ ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტის ნებისმიერ ორგანიზატორს, ინიციატორსა თუ მხარდამჭერს მართებს გაიაზროს პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე”. – ინფორმაციას “თავისუფალი დემოკრატების” პრესსამსახურის ხელმძღვანელი ინგა სამხარაძე ავრცელებს.

იტვირთბა....