aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა – ხუხაშვილი “მეტრონომთან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე, აღნიშნული შეხვედრის შესაძლო შედეგსა და მოლოდინებზე საუბრობს.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შეხვედრა, რომელსაც ევროპელი ელჩები დაესწრებიან, კონსენსუსისთვის სივრცეს აჩენს. კონსენსუსი კი, მისი თქმით, შესაძლოა, იყოს ის, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადობის დასადგენად, ე.წ. გერმანული მოდელის საარჩევნო კანონპროექტი განსახილველად ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს.

ექსპერტის აზრით, თუ ამაზე “ქართული ოცნება” უარს იტყვის, ვითარება იქნება ნათელი – “ოცნებას” არ სურს ამ მოდელით არჩევნების ჩატარება.

“აქ არის ერთადერთი გამოსავალი. როდესაც ასეთი საუბარი იწყება და მით უმეტეს, ამ ყველაფერში ევროპელი ელჩები ერთვებიან, აქ არის ერთადერთი კონსენსუსი. ხელისუფლება გასაგებია რატომაც ამტკიცებს, რომ “გერმანული მოდელი” საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება და გამოსავალი არის ძალიან მარტივი. არსებობს ვენეციის კომისია და შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ მიმართონ ვენეციის კომისიას და ვენეციის კომისიამ დაწეროს დასკვნა – “გერმანული მოდელი” შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან თუ არა. აი, ამაზე შეიძლება შეთანხმება. აქ არის კონსენსუსის სივრცე. ჩვენ ვცხოვრობთ მონოლოგების სამყაროში, სადაც მხარეები ერთმანეთს არ უსმენენ და ორივე მხარეს შეუძლია თავ-პირი დაალეწოს ერთმანეთს ისე, რომ ერთმანეთის არგუმენტები არც მოისმინონ. არსებობს ამისთვის ვენეციის კომისია – კი ბატონო, ევროპელებმა უზრუნველყონ, რომ მხარეები აი, ამ შეთანხმებამდე მიიყვანონ. იტყვის ვენეციის კომისია რომ თავსებადია? – მაშინ ვატარებთ ამ მოდელით არჩევნებს”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

“მეტრონომის” შეკითხვაზე, რომ “შენების მოძრაობის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრს, ექსსპიკერ ირაკლი კობახიძეს უკვე შესთავაზა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტი განსახილველად ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა, თუმცა შეთავაზებაზე “ქართულ ოცნებას” თანხმობა არ უთქვამს და შეიცვლის მმართველი პარტია აზრს? ექსპერტმა ასე უპასუხა:

“თუ ახლა ისინი ვენეციის კომისიაზე უარს იტყვიან, ე.ი. მათი მხრიდან ეს არის მხოლოდ თამაში და მეტი არაფერი. ეს იქნება მათი მხრიდან აღიარება იმისა, რომ ეს მოდელი რეალურად შეესაბამება კონსტიტუციას, მაგრამ ხელისუფლებას მაინც არ უნდა ამის მიღება. ძალიან მარტივი დასკვნები გაკეთდება. “ქართული ოცნება” იმდენად არის ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი, რა დროს რას იზამენ, არ ვიცი. ისინი არიან აბსოლუტურად აფექტურ მდგომარეობაში. ამბობენ, რომ არიან ძალიან ვაჟკაცები, მაგრამ ამასთანავე, ეშინიათ. ასეთ უბედურებაში არიან”.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვალ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიცია კვლავ საუბრობს იმაზე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ოპოზიცია კი, საპირისპიროს ამტკიცებს. დადგება თუ არა დღის წესრიგში “გერმანული მოდელის” კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის საკითხი, სავარაუდოდ, ხვალ დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....