aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ დაემუქრა სასულიერო პირს – მამა გიორგი სხილაძის ვრცელი ინტერვიუ “მეტრონომთან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამა გიორგი სხილაძე, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის “სოდომურ ცოდვაში” მხილების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა. ქვეყანაში ჩამოსულმა კი, მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არსებული მდგომარეობის შესახებ კიდევ არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. რამდენიმე ქართველი სასულიერო პირის მხილების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ. სენსაციური განცხადებების ავტორი ახლა კვლავ საფრანგეთშია. ვინ დაემუქრა სასულიერო პირს; ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია მას ე.წ. სემინარიის სკანდალის გახმაურების შემდეგ,  ამავე სკანდალში მონაწილე კახა კალაძესთან და რატომ მაინცდამაინც ახლა გამოამზეურა 31 წლის წინ მომხდარი ამბავი – აღნიშნულ საკითხებზე მამა გიორგი სხილაძემ “მეტრონომისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“მეტრონომი”: მამა გიორგი, საქართველოდან წასვლამდე თქვენ განაცხადეთ, რომ გემუქრებოდნენ სიცოცხლის ხელყოფით, იქნებ დაგვიკონკრეტოთ ვინაობა – ვინ არის მუქარის ავტორი საერო თუ სასულიერო პირი?

მამა გიორგი სხილაძე: მუქარა იყო საერო პირისგან. შემიძლია დავასახელო – ეს იყო ვინმე სოსო ანდრიაშვილი. შევედი მისი “ფეისბუქის” პირად გვერდზე და აღმოვაჩინე, რომ ავადსახსენებელი ზოსიმეს ფოტოები აქვს გამოფნილი პირად ფოტოებად. როგორც ჩანს, მისი მრევლი ან მასთან დაახლოებული პირია. ის პირდაპირ მემუქრება, რომ საფრანგეთში მოგძებნით და მოგკლავთ. საფრანგეთში მე ჩამოვედი არა უსაფრთხოების გამო, არამედ იმის გამო, რომ მე თან მეუღლე მახლდა, რომელიც საკმაოდ გადაიღალა და ჩემზე მეტად განიცადა ყველაფერი – მორწმუნე ადამიანია და გული შესტკივა საქართველოს ეკლესიაზე. მეუღლემ მთხოვა, რომ განვრიდებოდით სიტუაციას. საფრანგეთიდანაც მთხოვეს ჩემმა სულიერმა შვილებმა, რომ დაგვეტოვებინა საქართველო, რადგან ჩვენი მანდ ყოფნა საფრთხისშემცველი იყო. ღვთის მადლით, საქართველოში დარჩენის შიში არ მქონია, ანგარიში გავუწიე ამ ადამიანების თხოვნას და მეუღლეს.

– რამდენად უსაფრთხოდ გრძობთ საფრანგეთში თავს?

პირველ რიგში, ჩვენ – მეუღლეც და მეც მორწმუნეები ვართ. ბუნებრივია, მორწმუნისთვის უფლის სიტყვები – “ჩემი ნების გარეშე, ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება თქვენი თავიდან” – არის მანუგეშებელი. უფალი თუ არ დაუშვებს, ვერავინ ვერაფერს გვიზამს. თუ უფალი დაუშვებს, რომ ჩვენ სიმართლისთვის მოვკვდეთ, ჩვენი ცხოვრება მიძღვნილი გვაქვს უკვე.

– მამა გიორგი, უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას აღარ გეგმავთ?

საჭიროება როგორც კი მოითხოვს ღვთის მადლით, მე ჩამოვალ საქართველოში. ჩვენ არ გავდივართ ამ ბრძოლიდან. მე არ გავქცეულვარ. სახარებიდანაც გვახსოვს, რომ უფალი თავად განერიდებოდა, როცა მის მიმართ რამე დევნა იყო. ტყუილად ვინმეს თავი მოაკვლევინო, რატომ? მე რომ ბერი ვიყო, დავრჩებოდი, მაგრამ ჩემს უკან ჩემი ოჯახია. ხაზს ვუსვამ, რომ მე ამბების გამო არ ჩამოვსულვარ საქართველოში. ჩამოვედი ჩემი მრევლისთვის. ეს მოვლენები უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს. მე არც რამე დოკუმენტი წამომიღია საფრანგეთიდან, არც მომილაპარაკებია მანამდე კახა კალაძესთან.

– რაც შეეხება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც სავარაუდოდ, კახა კალაძეს ეკუთვნის, მისი შინაარსის გათვალისწინებით, რას გვეტყვით წერილის ნამდვილობაზე?

,,ტაბულას” მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილად კახა კალაძეს ეკუთვნის. კალაძის წერილის ხელნაწერი მაქვს მე არქივში, მაგრამ თავად არ გამოვაქვეყნე წერილი იმიტომ, რომ მას წაიკითხავდნენ მანდილოსნები, ახალგაზრდები. საქართველოში რომ ჩამოვედი, წერილი უკვე გამოქვეყნებული დამხვდა “ტაბულას” მიერ. არ ვიცი ეს ტექსტი როგორ მოხვდა მათ ხელში. ზოგადად კი, ამ საკითხზე ხშირად ვწერდი ხოლმე თბილისის ფორუმზე. მე მეუბნებიან, რომ 31 წელი სად იყავიო. სად ვიყავი? – მე გამუდმებით ვამხელდი ამ საშინელებას, ახლა კი არ ამომიღია ხმა. 2004 წელს პარიზში გამოვეცი ნარკვევი, სათაურით – “საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა გარდაქმნიდან გარდაქმნამდე” – 1985 წლიდან 2003 წლამდე. ამ ნარკვევში მე სემინარიის სკანდალზე მიწერია. და როგორ არის ჩემგან პირველად ამაზე საუბარი? ასევე აქტიურად ვწერდი ერთ-ერთ თეოლოგირ საიტზე. უბრალოდ ხალხი არ კითხულობდა ჩემ ნაწერებს იმიტომ, რომ საპატრიარქოს მიერ გამოცხადებული ვიყავი ქართული ეკლესიის მტრად, საპატრიარქოს თეოლოგები დამცინოდნენ, საპატრიარქოს მორწმენეები კი, შეურაცხყოფას მაყენებდნენ. რამდენ საიტზეც დავწერე, ყველგან დამბლოკეს.

– მას შემდეგ, რა ე.წ. სემინარიის სკანდალის შესახებ “ფეისბუქზე” განცხადება გამოაქვეყნეთ, თუ გქონდათ კახა კალაძესთან კომუნუკაცია?

მე კახა კალაძეს გუშინ დავურეკე, ვესაუბრე, მოვიკითხე ძმურად. კარგა ხანია მე მასთან არ მისაუბრია. გუშინ ვესაუბრე, ბოდიში მოვუხადე იმიტომ, რომ მან ისე აღიქვა ეს ყველაფერი, თითქოს მე მის გარეშე რაღაც დავგეგმე და მას არ ვაცნობე. ის გულნატკენი ჩანდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არის უაღრესად ამაღლებული, ძმაკაცური, როცა ერისკაცები ვიყავით. მეჯვარედ ავირჩიე ადამიანი, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ადამიანს ირჩევს ადამიანი მეჯვარედ. მე მას ყოველთვის ვიცნობდი, როგორც ვაჟკაც ბიჭს და სიმართლის მთქმელს. მასზე იყო უდიდესი ზეწოლა პირდაპირ გეტყვით. ის წრეებიც ვიცი, ის პიროვნებებიც ვიცი. მათგან იყო მცდელობა – საპატრიარქოს ხალხზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, მათ ქვეშევრდომებზე. მე მაინც დავურეკე და ავუხსენი… ჩვენი შეხვედრა შედგება ამ დღეებში. ჩვენ დავსახავთ გარკვეულ გეგმას ასე ვთქვათ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტრიპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა. სასულიერო პირმა “მეტრონომთან” კიდევ ერთი სკანდალური ისტორია გაიხსენა.  

უფრო ადრე კი, სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.  მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....