aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

ითამაშეთ, ნუ შეაკვდებით! მოვთხოვოთ მორაგბეებს თამაში და არა მიწოლა! (ბლოგი)

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი ხანია მინდოდა ამ წერილის დაწერა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ზუსტად ახლააა ამის დრო, როცა რაგბიში საქართველოს ნაკრებმა გამართა 2 გადამწყვეტი თამაში და ერთი, პრესტიჟის თამაშიღა დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

პროგრესი თუ რეგრესი?

დიდი ვაი-უშველებელი ატყდა სოც-ქსელებში ჯერ კიდევ უელსთან მარცხის შემდეგ, რამდენიმე ადამიანმა დაწერა, რომ ქართულ რაგბიში რეგრესია, ვეღარ ვვითარდებით და ა.შ. ვხედავ, რომ საქმიანი და კომპეტენტური ანალიზის დეფიციტია. განსაკუთრებით კი სპორტულ მედიაში.

პროგრესია თუ რეგრესი, მოდით სტატიის ბოლოს შევაფასოთ, მანამდე მივყვეთ ქრონოლოგიას.
2015 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან სრულფასოვნად გუნდის 1/3 შეგვეძლო ჩაგვეთვალა. შერკინება, რომელიც მხოლოდ სტატიკურ მდგომარეობაში თუ სჯობდა მოწინააღმდეგეს და ჯგუურ მიძალებაში უშუალოდ მოწინააღმდეგის 5 მეტრიან ზონაში.

სტატიკური მდგომარეობა- შერკინება მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია რაგბიში. რა თქმა უნდა საგრძნობია უპირატესობა, რასაც ამ სტატიკურ მდგომარეობაში მოწინააღმდეგის დაჯარიმება გაძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ დაბალი დონის მოწინააღმდეგეზე გასამარჯვებლად კმარა. ამ ელემენტის შესანარჩუნებლად კი ქართველებს მოუხეშავი, მძიმე მეორე ხაზი და ჯანიანი მესამე ხაზი სჭირდებოდათ.

რაც შეეხება შერკინების დინამიკას, აქაც პრობლემები იყო. შეტევაში ქართველების მესამე ხაზელები შუბლში დაჯახებას ამჯობინებდნენ, რითაც ყოვნდებოდა თამაში და შეტევაზე განუზომლად დიდი ენერგია იხარჯებოდა. შესაბამისად გადამწყვეტ მომენტებში ბურთი ხაზზე საერთოდ არ გამოდიოდა, ან მართო აუტზე ფეხით მოსაგერიებლად გამოდიოდა.

ამ სტილის განვითარების კულმინაცია იყო უელსთან მატჩი 2 წლის წინ უელსში. აქ სატართველოს ნაკრებმა თავისი “სტილით” ითამაშა და კინაღამ ფრეს მიაღწია. უელსის შესუსტებულ შემადგენლობასთან თითქმის ფრეს მიღწევა იყო ამ სათამაშო კონცეფციის მწვერვალი. ამაზე დიდი გამარჯვებები ამ სტრატეგიით არ მოვიდოდა. ეს ვიცოდი მე და იცოდა ბევრმა სპეციალისტმა და რათქმა უნდა იცოდა მილტონ ჰეიგმა.

ამასობაში კი ეს “აიღე და მიეძალე” ლამის “ქართულ რაგბად” გამოცხადდა. შარავანდედი მოირგეს მორკინალებმა, გორგოძე-გორგოძილა ახალ ვახტანგ გორგასალად და დევგმირ მებრძოლად გამოცხადდა. მედიამაც შეუწყო ამ აჟიოტაჟს ხელი და წამოვიდა სლოგანები: “აიღე და მიეძალე”, “ბრძოლაში ბედნიერნი”, “შეერკინე” და რაც ყველაზე სასაცილოა “მიაწვაააა”.
რაც ყველაზე სავალალოა, ამაზე გაიზარდა თაობები. ეს “სტილი” ბოლო 20 წელია მკვიდრდება საქართველოში. ჩემი და არამარტო ჩერმი აზრით ესაა ანტირაგბი, ყველა ესეთი სლოგანი თუ მეორე რანგის ქვეყნის ნაკრებზე ამ ”სტილით” მოპოვებული გამარჯვება აფერხებს რაგბის განვითარებას და უფრო შორეულ მომავალში გადააქვს ქართული რაგბის დიდი გამარჯვებები.

მსოფლიოსთვის მომზადება

ამის მერე იყო 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი და იქ გამოჩნდა რამდენიმე აშკარა ტალანტი, მათ შორის იყვნენ კვესელაძე და მოდებაძე, ასევე გორგაძე, გიორგაძე და ცუცქირიძე. იქვე იყო უკვე გამოცდილი ლობჟანიძეც.

2018-19 წლის 20 წლამდელები, სადაც გაიბრწყინეს აფრასიძე-აბჟანდაძის წყვილმა, ასევე იაშაღაშვიმა და საღინაძემ, ხაზში კი უკვე გამოცდილ თედოს მხარი კარგად აუბეს ლომიძემ, ჭიჭინაძემ და თაფლაძემ. შემდგომში გამოჩნდა ალანია და ლაშხი და ა.შ.

რაც მთავარია 20 წლამდელთა ნაკრები დაბალანსებულ და არა შერკინებაზე ორიენტირებულ “ქართულ რაგბს” თამაშობდა და შედეგსაც აღწევდა.

აბა ნამდვილი რაგბის თაყვანისმცემელს ჩვენი ნაკრების იმედი როგორ არ უნდა მქონოდა, როცა ამ ბიჭების დიდი უმრავლესობა ეროვნულ ნაკრებში მალევე მოხვდა. და დაიწყო ახალი გუნდის მშენებლობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შერკინების მესამე ხაზის გორგაძე-გიორგაძე-ცუცქირიძე-საღინაზით დაკომპლექტება. ეს შერკინების ყველაზე სწრაფი ხაზია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც უკანა ხაზის შეტევის გასაძლიერებლად, ასევე დაცვაში სწრაფად მოთამაშე მოწინააღმდეგისთვის სივრცეების დასახშობად, შიგნით შეტრიალებული გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის გასაჩერებლად და მოწინააღმდეგის შეტევის გარე, შორეულ ფრთაზე შესაჩერებლადაც კი. ამ კვარტეტის ძირითადში გაბედულად დაყენებამ სულ იმედით ამავსო. ცხადი იყო, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს კარგად ესმოდა მობილური შერკინების აუცილებლობა. შერკინების მწვრთნელად ინგლისელი სპეციალისტის დანიშვნამ კი იმედი გაასამკეცა.

შედეგმაც არ დააყოვნა. გამოჩნდა ქართული მესამე ხაზის ფრთაზე დადებული ლელოები, დაცვის სიღრმეში აღებული ბურთები და ეფექტური შეტევები მოწინააღმდეგის უკანა ხაზელთა წინააღმდეგ.

განზრახ არ ვლაპარაკობ პირველ ხაზზე. ეს ერთადერთი კომპონენეტია, სადაც მსოფლიოს პირველი დონის ნაკრებების დარი კონკურენცია და მწვრთნელისთვის უდიდესი შესაძლებლობებია.

დაცვის ხაზშიც დადებითი ცვლილებები იყო. მოვიდნენ ისეთი ტალანტები, როგორებიც არიან მათიაშვილი, ძნელაძე,მოდებაძე და კვესელაძე. ლობჟანიძე, აფრასიძე და აბჟანდაძე გახდნენ გუნდის ძირითადი გამთამაშებლები. მართალია, მე ამათ ეროვნულში თაფლაძეს და ლომიძესაც მივცემდი შანსს, მაგრამ კარგით, ჩავთვალოთ რომ მწვრთნელებმა უკეთესად იციან.

ამიტომ ვიყავი იმედით აღსავსე მსოფლიოს წინ. ყველაფერი ადგილზე იყო: ახალი ტალანტები გუნდში, მცოდნე მწვრთნელთა შტაბი, მსოფლიო დონის მომზადების პირობები. შოტლანდიასთან ბოლო თამაშში კი ძირითადში ჩემი ფავორიტი უკანა ხაზი იდგა: ძნელაძე, მოდებაძე და მათიაშვილი.

რაგბის ნამდვილი გურმანების კრედოა: მობილური მოძრავი შერკინება, რომრლიც ყველას შესაძლოა არ ჯობნიდეს ჯანით მსოფლიოში, მაგრამ თავს არავის დააჩაგვრინებს, პლუს სუპერტალანტები ხაზში, რომლებიც ქმნიან რაგბის, თამაშს, სისწრაფის, პლასტიკის და ტექნიკური ილეთების მრავალფეროვან არაპროგნოზირებად დღესასწაულს, პლუს შერკინებისა და უკანა ხაზის ურთიერთგაძლიერება და ურთიერთდახმარების შესაძლებლობა.

ამ კონცეფციის მიმდევარისთვის პირველი მსუბუქი განგაში შემადგენლობის გარეთ ზურაბ ჟვანიას დატოვება გახდა. სუპერმოძრავი პირველი ხაზელი შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ჩავთვალე, რომ პირველი ხაზია, არაუშავს , იქ უამრავი უძლიერესი მოთამაშეა, მწვრთნელებმა უკეთესად იციან.

მეორე ჩემი მსუბუქი განგაში გამოიწვია გაგიკვირდებათ და – გორგოძის გუნდში დაბრუნებამ. მაგრამ ჩავთვალე, რომ რახან ცუცქირიძე დაიმტვრა, გორგოძე ამ დანაკლისს შეავსებდა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ხაზში თუ ლომიძეს შეუწყვილდებოდა, ახალგაზრდა მესამე ხაზთან ერთად სუპერსწრაფ მეორე ხაზად შეიძლებოდა მოგვვლენოდა. აქ უკვე შესაძლებლობა გვექნებოდა შერკინების 5 სწრაფი მოთამაშე გვყოლოდა მოედანზე, ყველა სპეციალური დავალებით: დაექოლათ ის ღრიჭოები დაცვაში, რომლის ამოქოლვასაც სწრაფი ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ მარტო უკანა ხაზი ვერ შეძლებდა. სისწრაფე დაცვაში ფიჯისნაირ ნაკრებთან თამაშში გადამწყვეტია ხოლმე.

ამას დაემატებოდა სისწრაფე შეტევაში. დარწმუნაბული ვარ, რომ სწრაფ შეტევის კონცეფციას ამუშავებდა საქართველოს ნაკრები ბოლო წლების განმავლობაში. ეს შეტევა რაღაცნაირი ეკლექტურია, ხაზის მოთამასეების, მესამე და მეორეხაზელების მონაწილეობით. ამ შეტევას ლელო თუ არ მოსდევს, გადადის რაქში მოწინააღმდეგის ხუთმეტრიანთან, სადაც პირველ ხაზს გააქვს ლელო ჭიდაობით. ამაში მიუღებელი არაფერია. ასეთი ლელოები დაიდო შოტლანდიასთან, უელსთანაც და ურუგვაისთანაც.

უშუალოდ მსოფლიოზე

უელსთან დიდი ანგარიშით დავმარცხდით. აქ უელსელი სუპერმენი უკანახაზელები ვერ გააჩერეს ჩვენებმა. უელსთან მოგებას არავინ ელოდა, მთავარია ეს ეტაპი უტრამვოდ გაგვევლო, ასეც მოხდა. ჩემთვის შემაშფოთებელი კი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ნარიაშვილის ნათქვამი ფრაზა იყო. არაუშავს, ამის მერე გამოვიყენებთ საქართველოს ნაკრების მთავარ უპირატესობასო. ჩემთვის ეს ნიშნავდა, რომ ისევ ანტირაგბს მივუბრუნდებოდით, ისევ აიღე და მიეძალეს ვითამაშებდით და ისევ “მიაწვააა”-ს ძახილით გავამხნევებდით გუნდს. დამაიმედა იმან, რომ ეს მოთამშემ თქვა. მწვრთნელებისგან სხვა გადაწყვეტილებებს ველოდი.

შემდეგი თამაში ძალისმიერი სტილით მოვუგეთ გადაღლილ ურუგვაის. ეს, იცოცხლე, მოსწონს ქართველ გულშემატკივარს. მე კი მაინც ‘დამალულ’ სწრაფ ხელით თამაშს ველოდი. ველოდი ფიჯისთან წლებით მომზადებულ შეტევით სქემებსა და სიახლეებს.

ფიჯისთან თამაში

ცივი შხაპი იყო ფიჯისთან სათამაშო შემადგენლობის გამოცხადება. პირველ ხაზზე არასოდეს მაქვს პრეტენზია. მეორე ხაზი აშკარად მძიმე და ასაკოვანი იყო, მესამე ხაზში კი 2015 წლის წარმატებულ გორგოძე-თხილაიშვილს ერთადერთი ახალგაზრდა გორგაძე პარტნიორობდა. აშკარა იყო განზრახვა- ფიჯი ძალით უნდა დაგვეჩაგრა, სისწრაფეს ვუთმობდით. 10 ნომრად აბჟანდაძის არდაყენება, 12-13 ნომრებად კი შარიქაძე-კაჭარავას წყვილი და ფრთაზე თოდუა, აშკარად ამბობდა სათქმელს: როგორმე თავი უნდა დავიცვათ. უკანა ხაზით შეტევაზე საერთოდ არავინ ფიქრობდა.

სწრაფი და დაბალანსებულ თამაშის კონცეფციას 2 ძირითადი რამე არ შეესაბამებოდა: ლომიძის და აბჟანდაძის არყოფნა. აქ თავი იმით დავიმშვიდე, რომ სათადარიგოთა სკამზე ბევრი იყო თამაშის ასწრაფების შესაძლებლობა. აქ იყვნენ საღინაძე და გიორგაძე, აქ იყო აფრასიძე და აქ იყო მოდებაძე. ვიფიქრე, რომ მეორე ტაიმში სწრაფი კომპლექსური ცვლილების მიზანი სწირედ დაცვისა და შეტევის გამობილურება იქნებოდა.

თამაშის დაწყების წინ ჩემს თავს დავუსვი კითხვა: დამაკმაყოფილებდა “ანტირაგბით” წვალებით, ჯაჯგურით, აიღე და მიეძალეთი ფიჯისთან მოგება მინიმალური ანგარიშით? პასუხი დადებითი იყო. ყველანაირი, ანგარიშით, ყველანაირად მოგება გამოდგებოდა. რადგან მარტო მოგებაა ის, რაც საქართველოში რაგბს უნარჩუნებს ნომერ პირველი გუნდური სპორტის სტატუსსა და პერმანენტულ ყურადღებას.

ამ ყველაფრისა ფონზე თითქოს ცუდი არ იყო პირველი ტაიმი. შერკინებამ გადამწყვეტი უპირატესობა ძალისმიერ თამაშში ვერ მოიპოვა, მაგრამ ერთი ეკლექტური, დაუგვირგვინებელი 80 მეტრიანი შეტევა გვქონდა. 3-7, თამაშში ვიყავით.

აი მეორე ტაიმში კი, ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა. ფიჯელებმა ფლანგებისკენ გაშალეს თამაში. ჩვენთან ცვლილებებმა დაიგვიანა. მწვრთნელებმა ვერ გათვალეს რომ თამაში გაიშლებოდა? იმისდა მიუხედავად, რომ სწორედ ასე დაიდო ფიჯელთა ერთადერთი ლელო პირველ ტაიმში? სწრაფი მესამე ხაზელები რომ გამოჩნდნენ, უკვე უიმედოთ ვაგებდით. არადა მესამე ხაზელები თუ ფრთაზე შემტევს ვერ მიუსწრებდნენ, ამათი მიმყოლები მაინც უნდა შეეჩერებინათ და ოფლოუდებიდან ან შეტრიალებული პასებიდან მაინც არ უნდა მიგვეღო ლელოები.

ეგ კი არადა ისე დაგვხიეს და გაგვაცამტვერეს დაცვაში, რომ მათმა ცენტრმა, 12 ნომერმა ლევან ბოთიამ მთელი სისწრაფით გაირბინა ჩვენი შერკინების შუაში. კაციშვილმა ხელი ვერ შეუშალა. ესერთი თავხედობა არავის უკადრებია მანამდე “მსოფლიოს საუკეთესო შერკინებისთვის”. ზედ ჩათვლის მოედანთან გააკეთა ბოთიამ მოკლე პასი და მიმღებმა უადვილესი ლელო დაგვიდო. ამაზე უფრო შეურაცხმყოფელი იყო ლელო, რომელიც პირდაპირ ლელოს შემდეგ დაკიდებული ბურთის აღების მერე დაგვიდეს.

რადრადრა! ასე ქვია იმ დღის ფიჯელთა დღესასწაულის შემოქმედს! ჩვენთვის კი იყო მძიმე მარცხი, მაგრამ მოდი სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ: იმ დღეს რაგბმა, ლამაზმა, სწრაფმა სპორტმა გაიმარჯვა ჩვენი მარცხის ხარჯზე და არა ფიჯის ნაკრებმა!

ასე დავმარცხდებით ყოველთვის, როცა ისტორიული განვითარების წინააღმდედგ, სილაღისა და სილამაზის წინააღმდეგ გამოვალთ სპორტში, მეტოქის ფიზიკურად დაჩაგვრის იმედად!

რას იზამდა დიდი ნაკრები ჩვენების ადგილას? ერთი წამალი უკვე ვთქვი, სწრაფ სეტევას სწრაფ დაცვას დაუპირისპირებდა, შერკინების, პირველ,მესამე და მეორე ხაზს მაქსიმალურად ჩართავდა დაცვაში, ზონებს გადაუნაწილებდა ყველა მოთამაშეს, ყველა შესაძლო შეტევის მოგერიების სქემას დაამუშავებდა.
შეეძლო ყველა ლელოს არიდება ვინმეს? რა თქმა უნდა, არა!

ამიტომაც, მეორე უმთავრესი წამალი ასეთ გუნდებთან სათამაშოდ, ვისაც უსწრაფესი ხელით შეტევა შეუძლია, არის საკუთარი სწრაფი ხელდახელ შეტევა. აი ის, რასაც მე უშედეგოდ ველოდი ფიჯისთან თამაშის მეორე ტაიმში. რაგბია, დიდი გუნდების თამაშები მთავრდება ანგარიშებით 35-33, 45-44, 21-18. ანუ სწრაფი შეტევის სრული განეიტრალება და საკუთარი კარის მშრალად შენახვა, რაც ფეხბურთში შეიძლება, რაგბში შეუძლებელია! მთავარია, 80 წუთი რომ ამოიწურება, რა ანგარიში იქნება ტაბლოზე. ანუ რასაც გაუშვებ, იმაზე ერთით მეტი ქულა მაინც უნდა მოიპოვო. რომ გაუშვებ ქულებს ფაქტია. თუ არ გაიტან წააგებ. ხომ მარტივია? მთლიანად ლელოს არგაშვებაზე ორიენტირებული შემადგენლობის გამოყვანა, იმის იმედზე,რ ომ ფიზიკურად დავჩაგრავ მოწინააღმდეგეს და მერე გამიმართლებსო, ესაა უდიდესი შეცდომა, რაც იმ დღეს სამწვრთნელო შტაბმა დაუშვა.

და კიდევ ძირითადად 2015 წელს მოთამაშე მორაგბეები რასაც ითამაშებდნენ აშკარად ადვილად გათვალა მოწინააღმდეგემ.

Out of box thinking – არაორდინალური აზროვნება, მოულოდნელის შეთავაზება, აი რისი საშინელი დეფიციტი გვაჩვენა იმ დღეს სამწვრთნელო შტაბმა. ანდა, მოგების ერთსულოვანი მოთხოვნის ფონზე, მწვრთნელებს გამბედაობა არ ეყოთ შეეთავაზებინათ დაბალანსებული თამაში, რისთვისაც ბოლო წლები ემზადებოდნენ.

და არის თუ არა ეს რეგრესი?

რა თქმა უნდა არა! და აი რატომ:
რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, რაგბის რეგრესად ვერ შევაფასებთ. პირველი იმიტომ, რომ რაგბი მხოლოდ ეროვნული ნაკრები არაა. 20 წლამდელთა ნაკრები მუდმივად წარმატებით გამოდის. ეს ნაკრები ჯერ-ჯერობით, განუწყვეტლად წარმოაჩენს ახალ, ნიჭიერ მორაგბეებს. ეს მორაგბეები მზადყოფნის შემთხვევაში შეუბრკოლებლად ხვდებიან ეროვნულში. ესაა მომავლის დიდიდ იმედი. ნაკრები სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით. ესაა თაობათა ცვლა დადებითი ეფექტით!

მეორე, მაინც მგონია, რომ საქართველო დღეს უფრო დაბალანსებულ რაგბის თამაშობს ვიდრე გუშინ. ამ მომზადებულ, გაუმჯობესებულ თამაშზე უარის თქმა იყო ფიჯისთან მარცხის მიზეზი. მარცხის შიშით მორალურად მოძველებულ ძველი იარაღის გამოყენება, რომელიც 10 წელია გაშიფრა მსოფლიომ.

მესამე არაა რეგრესი, იმიტომ რომ დღეს საქართველოს რაგბის გავცილებით უფრო გამართული ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები აქვს.

როგორც კი თაობა, რომელიც ბავშვობიდან ეთამაშება ტიერ-1-ის ქვეყნების თანატოლებს და ბევრსაც იგებს მთლიანად ჩაანაცვლებს წინა თაობას, შედეგიც უფრო მეტი იქნება და ერთ დღესაც საქართველოც მოუგებს ერთ თამაშს ერთ-ერთ დიდ გუნდს.

ყველანაირი შედარება რაგბისა და ფეხბურთის, ორი ან თუნდაც ერთი წლის წინ ჩატარებული ამხანაგური მატჩების შედარება დღევანდელ შედეგთან არაა სწორი.

ბევრი და დიდი მოგებებისთვის კი, ჩემის ღრმა რწმენით ჯერ ისევე შორს ვართ, როგორც ეკონომიკურად ევროპასთან დაწევისგან. სამწუხაროდ რაგბი არაა ძალოსნობა, სადაც თუ დაიბადა ეღთი გენიოსი სპორცმენი, დიდი გამარჯვებები შესაძლებელია.

მომავალზე და განვითარების გზებზე სხვა დროს ვისაუბროთ. მანამდე კი ნუ დავძრახავთ ჩვენ ნაკრებს ცალკეული წაგებისთვის, თუ დავინახავთ, რომ სპორტი სწორად ვითარდება! ეგებ დაგვანახოთ ბოლო თამაშში მაინც…

მალხაზ რამიშვილი

იტვირთბა....