aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ბესელია-ივანიშვილის შეხვედრას ესწრებოდა – “2 ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი, დეპუტატ ეკა ბესელიას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ბესელია ამბობს, რომ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილთან შეხვედრას თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. ბესელიას თქმით, შეხვედრაზე ივანიშვილმა მას თხოვა, რომ 10 მოსამართლიდან 5-ის გაყვანაში მაინც არ შეეშალა ხელი. თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. გთავაზობთ ჩუგოშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პასუხს:

“რამდენიმე წინადადება გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

1 – პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვეპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვეპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესიმის მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს.

2 – ცალკე საკითხია მოსამართლეების დანიშვნის თემა. ჯერ კიდევ დეკემბერში და მას მერეც უამრავ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ეს თემები იხილებოდა, ამ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი პოზიცია იყო უცვლელი. ჩემთვის, ისევე როგორც, ჩემი მრავალი კოლეგისთვის მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა. უმრავლესობის არაერთი წევრი იყო დეკემბერში წარმოდგენილი სიის კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგი (ამას ათეულობით მოწმე ყავს, ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს) და ის რომ სია ჩავარდა ამ ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიმე ერთი ადამიანის.

3 – ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ.

4 – ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი 9 წლის შვილის წინაშე. ის რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს. კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით.

ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანღვა-გინებითაა დაკავებული ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა.” – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ხელი გაარტყა დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს. ბესელიამ მოგვიანებით “თოქშოუებში” განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილთან შეხვედრას თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. ბესელიას თქმით, შეხვედრაზე ივანიშვილმა მას თხოვა, რომ 10 მოსამართლიდან 5-ის გაყვანაში მაინც არ შეეშალა ხელი.

იტვირთბა....