aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბერძენიშვილი – ჩვენ არ უნდა ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობის თემის მძევალი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოქმედი ჩინოვნიკია და აუტკივარ თავს არ აიტკივებს. ეს თემა ოფიციალურად არ დაასმულა ნატო-ს მმართველ წრეებში. ის ჩინოვნიკია და ჩინოვნიკური დამოკიდებულება აქვს. ჩემთვის რასმუსენი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატო-ს უზარმაზარი სტრუქტურის ერთ-ერთ რეგიონში მისი წარმომადგენელი აპატურაი, – ამის შესახებ “რესპუბლიკური” პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას ჯეიმს აპატურაის თემის კომენტირებისას განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, არ უნდა ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობის თემის მძევალი.

“ანდრეს ფოგ რასმუსენის მოსაზრება ჩვენთვის სასარგებლოა. ეს არსებითად ნიშნავს, რომ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი თვლის, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. რაც შეეხება ფორმულირებას – ეს ბუნებრივი და ნორმალურია. ქვეყანა ხდება ნატო-ს წევრი და იმ ტერიტორიებზე, სადაც ამ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, დროებით ვერ განხორციელდება ნატო-ს უფლებამოსილება. ეს ნატო-სთვისაც ჩვეულებრივია, გერმანიის მაგალითიც გაიხსენა რასმუსენმა. ეს ეროკავშირისთვისაც ჩვეულებრივია, როდესაც კვიპროსი ევროზონაში შევიდა, ჩრდილოეთ კვიპროსზე არ ვრცელდება ევროკავშირის სიკეთეები, რადგან იქ ვითარებას თურქული ჯარი აკონტროლებს და არა კვიპროსის ოფიციალური ხელისუფლება.

ეს ნორმალური დამოკიდებულებაა და აქ ატეხილი სკანდალი გამოწვეული იყო ბევრისთვის უცოდინრობით და კიდევ უფრო ბევრისთვის ირმა ინაშვილისთვის და ა.შ. პრორუსობით. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ? ჩვენ არ უნდა ვიყოთ ტერიტორიული მთლიანობის თემის მძევალი. სანამ რუსეთი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან ჯარს არ გაიყვანს, მანამდე ჩვენ დასავლური გზა შევაჩეროთ? ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას რომ ვაწერდით ხელს, ნატო-სთან ასეთი სიახლოვე და ბევრი შეთანხმება რომ გვაქვს, ამით უარს ვამბობთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იურისდიქციაზე? რა თქმა უნდა, არა.

რასმუსენი 2009-2014 წელს იყო ნატო-ს გენერალური მდივანი, როდესაც ჩვენი თემა ნატო-სთვის აქტუალური იყო. 2014-ში ყირიმის ანექსია მოხდა და დასავლეთს სხვა თვალით დაანახა პრობლემა – რუსეთი პატარა საქართველოს ძალიან პატარა ტერიტორიების კი არა, არამედ საკმაოდ მსუყე ყირიმის ნახევარკუნძულის  წამრთმევია. უკრაინის თემამ გაააქტიურა და პოსტ ფაქტუმ გაახსენათ 2008 წლის საქართველოს მოვლენები”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, დისკუსია გასახსნელია და კარგია, რომ ამაზე საუბარი დაიწყო პოლიტიკურ, პოლიტოლოგიურ, ინტელექტუალურ, უსაფრთხოების საკითხების მთავარი წამყვანი სპეციალისტების მიერ.

“რაც შეეხება აპატურაის, ის მოქმედი ჩინოვნიკია და აუტკივარ თავს არ აიტკივებს. ეს თემა ოფიციალურად არ დაასმულა ნატო-ს მმართველ წრეებში. ის ჩინოვნიკია და ჩინოვნიკური დამოკიდებულება აქვს. ჩემთვის რასმუსენი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნატო-ს უზარმაზარი სტრუქტურის ერთ-ერთ რეგიონში მისი წარმომადგენელი აპატურაი. კრამერი, რასმუსენი და ა.შ. მართლა პენსიონერები კი არ არიან. რასმუსენი ევროპის ძალიან წარმატებული ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსია მრავალი წელი. პენსიონერები აქეთ მოიკითხონ. ვოლსკი აქეთაა პენსიონერი, როდის ყოფილა პოლიტიკაში ახლა რომ იყოს. ასეთი ვითარებაა, დისკუსია გასახსნელია და კარგია, რომ ამაზე საუბარი დაიწყო პოლიტიკურ, პოლიტოლოგიურ, ინტელექტუალურ, უსაფრთხოების საკითხების მთავარი წამყვანი სპეციალისტების მიერ”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.

რასმუსენის განცხადებას უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა. ვოლსკის განცხადებით, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს.

ასევე უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება.

დისკუსია ჯეიმს აპატურაიც გამოეხმაურა – მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს, – განაცხადა აპატურაიმ.

იტვირთბა....