ექსპერტი გია ხუხაშვილი სამთავრობო ცვლილებებს აფასებს და აცხადებს, ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად
ხუხაშვილის თქმით, ჯერ უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის წარდგენა და შემდეგ პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი.
„პროცედურა ცოტა სხვანაირია, წარდგენა უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის და პრემიერ-მინისტრმა ამის შემდეგ უნდა წარმოადგინოს მთლიანად მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ როგორც ჩანს, იჩქარეს. ესეც რაღაც ინსტიტუციურ არეულობაზე მეტყველებს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ერთად წარდგენა როგორც წესი, არ ხდება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი.
„ფაქტია, რომ მთავარი თემა, მთავარი ტექნოლოგია იქნება უცვლელი, შუას გაკრეფა, ისე უზრუნველყოფა, რომ არ გაჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ისევ ის მარტივი ნარატივი, რომ ვართ ჩვენ და არის „ნაციონალური მოძრაობა“ . „ნაციონალური მოძრაობა“ არის მტერი, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა არის მტერი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ . ეს იქნება მთავარი სქემა წინასაარჩევნოდ. გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, გახარიამ აკრიფა ნეგატივი, მაგრამ, მეორე მხრივ, შუას გაკრეფისთვის, ასე ვთქვათ, ანტიგმირის ჩანაცვლებისთვის კრიტიკული ელექტორატისთვის, ის არის ოპტიმალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად. წყალი რომ აიმღვრევა და თუ მოხერხდა ეს შუას გაკრეფა და ორპოლუსიანობის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში, პრინციპში, ის თვლის, რომ შანსი, რომ ის მოგებული დარჩეს ამ სიტუაციიდან, არის მაღალი, მაგრამ მთელ ნეგატივს შეისრუტავს გახარია და თვითონ დარჩება „თეთრ სახლში“, ამის იმედი აქვს” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერმინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.