aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რადიაციას საქართველომდე არ მოუღწევია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, 8 აგვისტოს არხანგელსკის პორტ სევეროდვინსკის მახლობლად მომხდარ აფეთქებას, არანაირი გავლენა არ მოუხდენია საქართველოში რადიაციული ფონის ცვლილებაზე, – ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა  ვასილ გედევანიშვილმა.

ვარაუდი რადიაციის გავრცელებისა და რადიაციული ფონის შესაძლო ცვლილების შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოთქვა ბირთვული გამოცდების აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის (CTBTO) აღმასრულებელმა დირექტორმა ლესინა ზერბომ, რომელმაც თავის ტვიტს დაურთო დისპერსიული მოდელირების გრაფიკული გამოსახულება, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ჰიპოთეტური ნაწილაკების გავრცელების შესაძლო არეალს ადგენს.

„როგორც კი ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი, მას შემდეგ ვაკვირდებით მონაცემებს და 24-საათიან რეჟიმში ვზომავთ რადიაციას. დღემდე რამე სახის ცვლილება არ დაფიქსირებულა. ეს შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი სადგურების მონაცემების (სულ ხუთი ასეთი სადგური გვაქვს) საფუძველზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ საქართველოში რადიოაქტიური ფონის ცვლილება არ მომხდარა“, – ამბობს ვასილ გედევანიშვილი, რომლის თქმითაც, საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს არანაირი შეტყობინება არ მიუღია არც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან (მაგატე).

დავუკავშირდით ნორვეგიის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, ასევე უკრაინელ და აზერბაიჯანელ კოლეგებს. ნორვეგია ყველაზე ახლოსაა ინციდენტის ადგილთან. წარმოუდგენელია, რომ არხანგელსკიდან საქართველომდე (3 500 კმ-ზე) ჩამოეღწია რადიაციას და ნორვეგიაში არ შეცვლილიყო რადიოაქტიური ფონი, ასევე უკრაინაშიც. ამ სამი სახელმწიფოს არც ერთ სადგურს არ დაუფიქსირებია რამე სახის ცვლილება“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვასილ გედევანიშვილმა.

რაც შეეხება CTBTO-ს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოდელირების გრაფიკულ გამოსახულებას, ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ ყველა მონაცემი, რაც მოდელირების სიზუსტისთვისაა საჭირო, რუსეთის ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს. უცნობია, როგორც აფეთქების სიმძლავრე, ასევე რადიოაქტიური ნუკლიდის ზუსტი დასახელება.

აფეთქება არხანგელსკის ოლქის ნავსადგურ სევეროდვინსკში მდებარე ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და გაიზარდა რადიაციის დონე.

წყარო: რადიო თავისუფლება

იტვირთბა....