„სოფელში რამდენჯერმე ვიკითხე, დგება თუ არა დღეს ისეთი საფრთხე, რომლითაც არსებული ვითარება იცვლება ანუ კონკრეტულ ოჯახებს საფრთხე ადგება? მე ასეთი კონკრეტული პასუხი არ მიმიღია, თუმცა ვადგენთ, იმიტომ, რომ აშკარაა, რაღაც მონაკვეთებში არის ბოძები და მახინჯი, უხეში კონსტრუქციები“, – ამბობს ციხელაშვილი.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ მოსახლეობისგან დღევანდელი გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს.
„იცით, რომ ხუთი წლის განმავლობაში ვეხმარებით ყველა სოფელს, რომელიც მავთულხლართების გასწვრივ მდებარეობს.
ვცდილობთ, ვუპასუხოთ იმ საჭიროებებს, რომელიც წინა წლებში ჰქონდათ. მომავალში ამ და მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას – ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეუპოვრობით, მშვიდობით, აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ“, – თქვა ციხელაშვილმა. მისი შეფასებით, ადგილობრივები მაქსიმუმს აკეთებენ იმით, რომ ამ მიწაზე მაგრდებიან.
2019 წლის 7 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალებმა ე.წ. ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაიწყეს, რომელიც დღემდე გრძელდება.
წყარო: რადიო თავისუფლება