მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში. ბრალეულობაზე საუბარს არ შევუდგები, ეს ადვოკატების საქმეა. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი. მე მინდა, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი – ეს არ არის პროკურატურა, აქ ძალიან ბევრი შტოა და ამას ორკესტრირებული შეტევა დავარქვი და მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ყავს მას, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის და მამუკა ხაზარაძე 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაიბარეს.
“დღევანდელი ბრიფინგი, მხოლოდ ხუთი წუთი მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ადვოკატებისთვის, 8% დააგდეს თი ბი სი ბანკის აქციები და რამოდენიმე ათეული მილიონით დააზარალეს ბანკის ინვესტორები. ეს არის მიზანმიმართული ქმედება. ისინი აზარალებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს. ეუბნებიან ინვესტორებს, რომ თქვენ აქ უსაფრთხოდ არ ხართ. ვიღაც პროკურორის ჩინოვნიკს შეუძლია, გამოვიდეს და დაანგრიოს რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუტი, რომელსაც სამარცხვინო ეროვნული ბანკის მმართველი ყავს და ამაზე ცალკე ვისაუბრებთ”, – განაცხადა ხაზარაძემ.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა მათ ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.