პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტორნომთან” საუბარში თი ბი სი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღემდე მოსმენილი ინფორმაციით ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენა არის აბსურდი.
“პოლიტიკური კონტექსტი აქ აშკარად იკვეთება. მით უმეტეს, ხელისუფლებას ძალიან ბევრი და უცნაური პრობლემები აქვს ოქრუაშვილის განცხადებებზე და ა.შ. შესაბამისად, თუ ჩვენ აქ პოლიტიკა გვინდა დავინახოთ, ხელისუფლებას სურს, ერთის მხრივ, უკანა პლანზე გადაიტანოს თავისი მოქმედებები და უმოქმედობა “რუსთავი 2-თან” და ოქრუაშვილთან დაკავშირებით და თემის შეცვლა.
მეორე მხრივ, გასაგებია, რომ მამუკა ხაზარაძე ხელილსუფლებისთვის საარჩევნოდ ნომერ პირველი პრობლემა გახდა, რადგან “ნაციონალური მოძრაობა” მათი პრობლემა არც არასდროს ყოფილა, პირიქით, ერთმანეთით იკვებებოდნენ.
თავად საქმეზე ჯერჯერობით არ ვილაპარაკებ. დღემდე რაც მაქვს მოსმენილი, ამ ინფორმაციის საფუძველზე ბრალის წარდგენა არის აბსურდი. არ გამოვრიცხავ ხელისუფლებას ქონდეს ახალი რამე, მაგალითად, ეპოვა დაზარალებული. ჯერ მოვისმინოთ რას გვეტყვიან და შინაარსობრივად მერე ვილაპარაკოთ”, – აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული.