aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რომან გოცირიძეს ცრემლები მოსდიოდა, რომ პუტინმა სანქციები არ შემოიტანა” – ზოიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ,  პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ რომან გოცირიძე გოდებდა, როგორ თუ არ შემოიტანა პუტინმა სანქციებიო და ცრემლები მოსდიოდა, ასობით ათასი ადამიანი რომ არ გაამწარა კახეთში, თუ შავ ზღვისპირეთში

„სანამ თქვენს გადაცემაში მოვიდოდი, „პალიტრაში“ ვუსმენდი, სადაც რომან გოცირიძე გოდებდა, როგორ თუ არ შემოიტანა პუტინმა სანქციები. წარმოიდგინეთ, რაზე გოდებდა. პუტინმა სანქციებზე უარი თქვა და ამასაც ჩვენ გვაბრალებდა, ივანიშვილს გაუგორა კოჭი, რადგან მისი მსახურიაო. ცრემლები მოსდიოდა, პუტინმა სანქციები რომ არ შეიტანა და ასობით ათასი ადამიანი არ გაამწარა კახეთში, თუ შავ ზღვისპირეთში“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, აბსურდია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ექსპერტების საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესება ძალიან კარგი საქმე იქნება, რადგან ეს ქვეყანას დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს.

„ღვინოების ხარისხს ავამაღლებთო, რომ ამბობენ, იმ ადამიანებს რას ეუბნებიან, დღეს რომ ჯავშანი მოუხსნეს?! ეს ისედაც უნდა გავაკეთოთ, დივერსიფიცირება უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება დღეს რას ვეუბნებით ამ ხალხს?!“, – განაცხადა ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ სანქციებთან და გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით გუშინ, პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საქართველოს სანქციებს არ დაუწესებდა.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....