aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

“„ნაციონალური მოძრაობა“ რუსოფობიის გაღვივებით ცდილობს, საქართველომ პრაგმატულ პოლიტიკას გადაუხვიოს” – კობახიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძის განცხადებას “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

„ამ ავანტურისტული პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება, სამხედრო რიტორიკასთან ერთად, რუსოფობია და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად, რუსეთმა 2004-12 წლებში მიიღო მაქსიმალური სარგებელი, რაც მას საქართველოსთან მიმართებით შეიძლებოდა მიეღო. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ, რამდენიმე ასეული დაღუპული ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი, რამდენიმე ათეული ათასი დევნილი, ოკუპირებული რეგიონების ფართომასშტაბიანი მილიტარიზაცია, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით საქართველოს პოზიციების შესუსტება, საქართველოს ეკონომიკური დასუსტება.

შედეგების გათვალისწინებით, სიტყვა „ავანტურისტული“ არის იმ პოლიტიკის ყველაზე რბილი შეფასება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელდებდა. თავისი არსით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა იყო მოღალატეობრივი და ეფუძნებოდა ამ პოლიტიკური ძალის მთავარ თვისებას – მათ არ უყვართ სამშობლო და ყოველთვის ებრძოდნენ და დღესაც ებრძვიან იმას, რასაც სიტყვა სამშობლო გამოხატავს: დაწყებული სარწმუნოებით, დამთავრებული მამულით!

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტურისტული და მოღალატეობრივი პოლიტიკა პრაგმატული პოლიტიკით შეიცვალა. ამ პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი დასავლეთი იყო. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღემდე აფასებენ ამ მიდგომას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას შედეგად სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხის ფუნდამენტური გაუმჯობესება და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით შესუსტებული პოზიციების ხელახლა გაძლიერება მოუტანა. „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას აქვს მკაფიო წითელი ხაზები: დეოკუპაცია და დასავლური ინტეგრაცია არის პრინციპული მიზნები, რომლებსაც ხელისუფლება პრინციპულად არ დათმობს. თუმცა, სახელმწიფოს შიდა მტერს, კოლონა N5-ს, არც ახლა სძინავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლიდან ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველომ პრაგმატულ პოლიტიკას გადაუხვიოს და 11 წლის წინანდელ რეალობაში დაგვაბრუნოს. მეთოდები ამ შემთხვევაშიც იგივეა – აგრესიული რიტორიკა, რუსოფობიის გაღვივება და რუსეთის ხელისუფლების ლიდერების მიმართ მდარე ფორმით გამოხატული პერსონალური შეურაცხყოფა. „ნაციონალები“ პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებიან ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც კი მათ ამის საშუალება აქვთ.

ყველა რეზოლუციის პროექტი, რომელიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა თუ მეორე განშტოებამ რუსეთთან დაკავშირებით პარლამენტში წარადგინა, იყო თავისი არსით პროვოკაციული და სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს.

პროვოკაციის მორიგი გამოვლინება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ მომზადებული პასუხი პარლამენტში 20 ივნისს დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც ზუსტად იმგვარად იყო დაგეგმილი, რომ მაქსიმალური ზიანი მიდგომოდა სახელმწიფოს. „ნაციონალები“ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს რეგულარული პროვოკაციული აქციებით საოკუპაციო ხაზთან, რომლებსაც ისინი რუსეთთან საეჭვოდ დაკავშირებული პირების თაოსნობით აწყობენ. რუსოფობია, რომლის გაღვივებასაც ეს პოლიტიკური ძალა ქართულ საზოგადოებაში ცდილობს, იმაზე ბევრად ნაკლები სიბინძურე არაა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლების მიერ ქართველების რუსეთიდან გაძევება 2008 წლის ომის შემდეგ.

ამ ყველაფრის მიზეზი იგივეა – არ უყვართ სამშობლო, მიზანი იგივეა – სურთ მისი დასუსტება!

მთელი ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებასა და საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი საქმიანობის მიმართ ერთგვარად მოკრძალებული პოზიცია გვეკავა. გვერიდებოდა ამ ყველაფრის გაშიშვლება და მეტიც, თავდაცვით პოზიციაში ვდგებოდით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირდებოდა და სახელმწიფოს მტრობდა. თითქოს, გვეშინოდა, პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით ჩვენთვის არ მოეწებებინათ პრორუსის იარლიყი, რომელიც მათ თავად ბუნებრივად ამშვენებს.

„რუსთავი 2“-ის ეთერში მოწყობილი პროვოკაცია იყო მხოლოდ გაგრძელება იმ მტრული საქმიანობისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ეწევა. ამდენად, ამ უმძიმესი პროვოკაციის ერთ ჟურნალისტზე ან თუნდაც, მხოლოდ პარტიულ ტელევიზიაზე გადაბრალება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მივცეთ სახელმწიფოს მტრობის და ქვეყნის იმგვარ რეალობაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომლის წინაშეც მათ 11 წლის წინ დაგვაყენეს. პირველი ნაბიჯი კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადეკვატური შეფასება უნდა იყოს: მტერს მტერი უნდა დაერქვას!’ – წერს კობახიძე.

იტვირთბა....