aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ღამით ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ზედამხედველობას უცხოელი ექსპერტები გაუწევენ.

„ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეს ღამიდან, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე, მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება. გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, როცა ფუნდამენტურ რეაბილიტაციას ვახორციელებთ. მხოლოდ მოასფალტება და გზის ძველი საფარის ახლით შეცვლა საქმეს არ შველის. ქალაქში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ, სადაც რეაბილიტაციას დავიწყებთ, იქ, ყველანაირი კომუნიკაციის ცვლილება უნდა მოხდეს, წყალარინების, სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგების და ა.შ.

ჭავჭავაძის გამზირზე არის კონკრეტული ადგილები, რომელიც ჩავარდნილია და გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. იმის გამო, რომ ქალაქში კოლაფსი არ გამოვიწვიოთ, მთლიან გამზირს ვერ გადავკეტავთ, ამიტომ ადგილების შერჩევა მოხდა და შეზღუდვა მათზე დაწესდება. ჩამოყვანილი გვყავს უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია.

„პროექტის ფარგლებში, გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები, ავტობუსების ზოლები შეიცვლება და მოწესრიგდება. გარდა ამისა, მთავრობის წინა სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალე, რომ ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდეს. საზოგადოების ნაწილმა ეს არასწორად გაიგო. ნაგვის ურნები მიწის ქვემოთ განთავსდება. მიწის ზემოთ კი ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. ღია ურნები, რაც ახლა გვაქვს, ვიზუალურად და ანტისანიტარიის თვალსაზრისით პრობლემას ქმნის. ასევე, ურნები იქნება სეპარაციისთვის განკუთვნილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. რეაბილიტირებულ პარკებში ასეთი ურნები განვათავსეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა თბილისის მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში მოსალოდნელი შეზღუდვების გამო მოუბოდიშა.

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო იმიტომ, რომ გარკვეული შეფერხებები იქნება რეაბილიტაციის დროს, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ შეუძლებელია სამუშაოების გარკვეული შეზღუდვების გარეშე წარმოება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

იტვირთბა....