ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფინანსურ ორგანიზაციებს სესხის ამოღებისას მომხმარებლის შევიწროება/მოტყუება აეკრძალებათ

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებით ეთიკის კოდექსის ამოქმედებას გეგმავს. პროექტი ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა.

“სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი “ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის” პროექტს აქვეყნებს.
ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში, მომხმარებლების უფლებების დაცვის ჩარჩოს სრულყოფის, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოების მიზნით, ბაზარზე არსებული პრობლემების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსის ამოქმედებას გეგმავს.

კოდექსის მიზანია ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებისას მომხმარებლებთან ურთიერთობის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობა. თავის მხრივ, ამ კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებლებში ფინანსური ორგანიზაციების მიმართ სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას და მათი უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვას სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში.

დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებას სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოთხოვნების შესრულება კოდექსის დამტკიცების შემდეგ სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტისათვის.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოქმედი წესი გარკვეულწილად უკვე ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ ვალდებულებას, მათ შორის ფინანსურ ორგანიზაციებს ევალებათ ეთიკის კოდექსის შემუშავება. თუმცა, შემოთავაზებული პროექტი მეტი დეტალიზაციით აწესრიგებს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს მომხმარებლებისგან სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში.

აღნიშნული პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: მომხმარებელის გვერდზე განთავსებულ სამართლებრივი აქტების პროექტებში. ამ ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიესალმება დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და შეკითხვების მიღებას. პროექტზე მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2019 წლის 3 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cp@nbg.gov.ge;

ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება დაექვემდებაროს შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტვირთბა....