დღეს გარკვევით ვთქვი, რომ რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ციხელაშვილის განცხადებით, მიზანმიმართული და პროვოკაციული განცხადებები კეთდებოდა და რუსი ჯარისკაცები, მათი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია და როდესაც შეიარაღებული ადამიანები დასახლებულ პუნქტებთან და ფაქტობრივად გაყოფილ სოფელში ახლოს ჩნდებიან, რა თქმა უნდა, მოსახლეობისათვის ეს შეიძლება შეშფოთების საფუძველი იყოს. მაგრამ იქ, ადგილზე, მობილიზებული იყვნენ საქართველოს სამართალდამცველები, უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაკეთდა არაერთი განმარტება, რომ არ ჰქონია ადგილი რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც რაიმე დამატებითი მონაკვეთის მშენებლობის ეპიზოდს და არც რაიმე სხვა ტიპის ინციდენტს. ამიტომ, განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა, რომ შემოიჭრნენ და რაღაც უბედურება ხდება, მხოლოდ პროვოცირებდა დაძაბულობას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებდა რამდენიმე ადგილობრივიც.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გაცხადებით, სამი ნიღბიანი პირი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ 7 თებერვალს დამონტაჟებული სამეთვალყურეო კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრის აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
შემდგომში, გორის აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს.
“უბრალოდ სამი ნიღბიანი , ნიღბები უკეთიათ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ” – განმარტა მერმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისივე ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ტერიტორია, სადაც იყვნენ განლაგებული.