aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიმედოვნებ, რომ კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდება” – ციხელაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე პარლამენტში განაცხადა, იმედი აქვს, რომ ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდება.

მისი თქმით, თუ არსებობს მომხდარის ამსახველი კადრები, რაზეც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვემ ისაუბრა, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ გარემოებების დადგენაზე ინფორმაცია მაქსიმალურად გაიცვლება.

„ტრაგიკული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ ცხელი ხაზის მეშვეობით შემოვიდა. ამ ინფორმაციის თანახმად, ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა. სანამ ჩვენს ხელთ არ იქნება მეტი დეტალი და მასალა, რათა უფრო დაზუსტებულ გარემოებებზე ვისაუბრო, ცხადია, ამას ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან, რომ სწორედ ეს გარემოებები გამოვლინდეს. სოხუმში საქართველოში მყოფი ჟენევის თანათავმჯდომარეები გაემგზავრნენ, რომელთანაც კომუნიკაცია გვქონდა. მათ კონკრეტული კითხვები და მოთხოვნები ექნებათ.

მოლოდინი მაქვს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდება. ამისთვის ყველა მობილიზებული ვართ, მნიშვნელოვანი იქნება, პროცესი სწრაფად წარიმართოს როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე ჰუმანიტარული კუთხით. რაზეც თავად საუბრობდნენ, სხვა დამადასტურებელი მასალა, კადრების არსებობის შემთხვევაში ისინი ჩვენთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. იმედს გამოვთქვამ, გარემოებების დადგენაზე ინფორმაცია მაქსიმალურად გაიცვლება. ჩატარდება ექსპერტიზა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

იტვირთბა....