aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფი: ჩანასახს უნდა ჰქონდეს მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსი

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში აბორტზე სასაუბროდ შეიკრიბნენ. საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მეორედ გამართა შეხვედრა ამ თემაზე და კანონმდებლები მიიწვია. საპატრიარქო ითხოვს, რომ ემბრიონს მიენიჭოს მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსი.

დეპუტატებმა მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ამ საკითხზე არ იქნება.

მიუხედავად ამისა, აბორტის თემაზე მომუშავე ჯგუფი, ძირითადად სასულიერო პირები, აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია, რადგან ბავშვი სამართლებრივ დაცვას საჭიროებს, როგორც დაბადებამდე, ასევე დაბადების შემდეგ.

„ეკლესია, ბავშვს ყოველთვის მიიჩნევდა პიროვნებად ჩასახვისთანავე. იმისთვის, რომ ქალს გაადვილებოდა აბორტის გაკეთება, ამ მანიპულაციას დაარქვეს პროცედურა, ხოლო აბორტის გამკეთებელს ექიმი. მოწყობილი იყო ყველაფერი იმისთვის რომ გაადვილებულიყო აბორტი. საზოგადოება, აბორტის შემთხვევაშიც კი, ქალს მაინც აღიქვამდა მზრუნველ დედად. ეს ორმაგი სტანდარტები დამახასიათებელია ბოროტებისთვის. ეს არის საშინელი ძალადობა, როცა ბავშვის არსებობის ყველაზე ბედნიერ, მუცლადყოფნის ხანაში, შეითქმებიან ზრდასრული ადამიანები მის წინააღმდეგ და უსწრაფებენ სიცოცხლეს“, თქვა მამა გიორგი ფირცხელანმა, საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელმა.

„აბორტების რაოდენობა უნდა შემცირდეს, ამას ცალსახად ვეთანხმებით. ვეძებთ გზებს, რომ ეს კონკრეტული მიმართულება განვავითაროთ“ – თქვა შეხვედრაზე მისულმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა შეხვედრაზე აბორტების აკრძალვის წარუმატებელ საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა. “ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ აბორტი ჩავანაცვლოთ უსაფრთხო, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარებით. მკაცრი აკრძალვა არ არის გამოსავალი,”- დაამატა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტს აბორტის აკრძალვის ინიციატივით ბოლოს 2017 წელს მიმართეს. მაშინ, ინიციატივის ავტორი „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება – 21“-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე იყო. მაშინ ამ ინიციატივამ დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

ქალთა მოძრაობის წევრი იდა ბახტურიძე არ გამორიცხავს, რომ თუ საპატრიარქოსთან არსებულმა ჯგუფმა აბორტების თემაზე მსჯელობა დაიწყო, შესაძლოა კიდევ იხილოს საზოგადოებამ ანალოგიური ინიციატივა პარლამენტში. მისი თქმით, აბორტის აკრძალვა დემოგრაფიულ პრობლემებს არ აგვარებს და თავად აბორტების რიცხვსაც კი არ ამცირებს, რადგან ის იატაკქვეშეთში ინაცვლებს.

„ეს უფლებრივი საკითხია, იმიტომ რომ ეს არის ქალების სხეულზე კონტროლის პირდაპირი მცდელობა. იწყება საუბარი იმაზე, თითქოს ემბრიონს აქვს იმ ქალზე მეტი უფლებები, რომლის სხეულშიც ხდება ეს ყველაფერი“, ამბობს იდა ბახტურიძე.

მისი თქმით აბორტი არის შედეგი იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სქესობრივი განათლება და რელიგიური მოსაზრებებისა თუ სოციალური პრობლემების გამო ადამიანები ვერ ყიდულობენ კონტრაცეპტივებს, ან ამ საკითხზე არ აქვთ საკმარისი ცოდნა.

2017 წელს საქართველოში 25 ათასამდე აბორტია რეგისტრირებული. ეს 4 ათასით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

ქართული კანონმდებლობით ორსულობა ხელოვნურად შეიძლება შეწყდეს ქალის მოთხოვნის საფუძველზე ორსულობის 12 კვირის ჩათვლით, ხოლო სამედიცინო ჩვენებების შესაბამისად, ორსულობის 12-დან 22 კვირამდე.

წყარო: “რადიო თავისუფლება

იტვირთბა....