ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მათ ასევე არ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ რეჟიმადგამოცხადებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ეს არის ლუსტრირება, რაც ხდება დღეს ჩვენს პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იყო არამხოლოდ ცხრა დეპუტატის ხმა, ეს იყო ინიციატივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა უჭერდა მხარს, ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მათ ასევე არ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას.
აი, ვინ არის კიდევ ერთხელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხმატკბილებული და ვინ არის თავისი ქმედებით იმ ძალადობრივ სისტემასთან გარიგებული. ჩემთვის დღევანდელი დებატები და სურათი აჯამებს საკმაოდ მძიმე რეალობას, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში.
სამწუხაროდ, ვერც ირაკლი კობახიძემ, ვერც ზარდიაშვილებმა, ოხანაშვილებმა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ძალადობრივ რეჟიმად გამოეცხადებინათ სააკაშვილის რეჟიმი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ჩავარდა.