aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასამართლომ ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ახალაიების გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ციხეში პატიმართა წამებისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტთან დაკავშირებით არსებულ საქმეზე ბ.ა., რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბ.ა.-ს  დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით. ასევე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით. ბრალდებულები გ.მ. და ლ.ქ., რომელთაც ბრალი ედებოდათ ჯგუფურად, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 109 მუხლის ,,ა“ და ,,თ“ პუნქტით და სასჯელის სახით შეუფარდა თვისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით ბრალდებულებს საბოლოდ  მიესაჯათ 11 წლითა და 3 თვით  თავისუფლების აღკვეთა. ბრალდებული მ.ქ., რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 144 მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.  ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მ.ქ.-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ქ.თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დ.ა.-ს  და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ.დ.-ს თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლ.ქ.-ს და გ.მ.-ს მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი  სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები – 17 წლის შ.გ., 20 წლის რ.ს. და 22 წლის მ.ა.  აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბ.ა.-ს ინიციატივითა და მ.ქ.-სთან ერთად მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა პატიმრების წამება. კერძოდ, პატიმრები გააშიშვლეს ციხის ეზოში, ხელკეტებისა და ავტომატების გამოყენებით სცემეს და იანვრის ღამეს, გაუსაძლის სიცივეში ცემით დაყარეს ტალახში და ნახევარი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. გარდა ამისა, პატიმრების წამება მეშვიდე დაწესებულებაში ელექტროშოკის გამოყენებით  განხორციელდა, რამაც პატიმრების ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.  სასამართლო განაჩენით ასევე დადასტურებულ იქნა, რომ ბ.ა.-მ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით უზრუნველყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე ფაქტზე (ე.წ.„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი განაჩენით, რომელიც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით, დ.ა. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე  მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე განაჩენით  გ.დ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე  მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით” – ნათქვქმია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....