Sport ახალი ამბები მთავარი

საიდან იწყება “დინამოს” პრობლემა: “მეტრონომთან” ასაკობრივი გუნდის ყოფილი მწრვთნელი საუბრობს

თბილისის “დინამომ” მორიგი ევროსეზონი ჩააგდო. თბილისელებმა სლოვაკურ “სტრედასთან” ორრაუნდიანი ბრძოლა დათმეს და “ევროპა ლიგას” გამოეთიშნენ. ყოველი წლის დასაწყისში  თბილისელები ახალი იმედებით არიან, მაგრამ ადრეულ ეტაპზევე ეთიშებიან ასპარეზობას.

“დინამოსა” და ზოგადად, ქართული ფეხბურთის კრიზისთან დაკავშირებით “დინამოს” ასაკობრივი გუნდის ყოფილ მწვრთნელს, კოტე მელქაძეს გავესაუბრეთ.

მეტრონომი: საიდან უნდა დაიწყოს პრობლემის მოგვარება?

კოტე მელქაძე: პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ბავშვებმა ფეხბურთზე სიარულში ფული არ უნდა გადაიხადონ. ეს ყველაზე დიდი უბედურებაა. აუცილებელია კვალიფიციური მწვრთნელები, ხელმძღვანელები და ზოგადად, კლუბებში მომუშავე პერსონალი – ადამიანები, ვინც იცის საკუთარი საქმე.

ახლა არის თბილისში 1-2 აკადემია და ზუგდიდში გაკეთდა, ეს არ არის საკმარისი. ყველა რეგიონში უნდა იყოს ერთი აკადემია მაინც, სადაც ბავშვები უფასოდ ივლიან. სწორედ ამას უნდა აფინანსებდეს სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხა. ახლა კიდევ ეს თანხა კლუბებს ურიგდება და მიდის ხელფასებში, ეკიპირებაში, პრემიებსა და ა.შ. კლუბმა თავად მოიძიოს ეს თანხა.

მეტრონომი: ფეხბურთის განვითარების პროგრამის თანახმად, ქართულ ფეხბურთში 2016-დან 2020-წლამდე 265 700 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადანაწილდეს ეს თანხა?

კოტე მელქაძე: ფული იდება ფეხბურთში, მაგრამ ამას მიზანი არ აქვს. აი, ახლა 50 მილიონი ჩაიდო ფეხბურთში ყოველწლიურად. აქედან, თანხის რაღაც ნაწილი კლუბებზე ნაწილდება და რას ხმარდება არავინ იცის.

მე მაგალითად, ამ თანხას ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოვახმარდი – სკოლების, ბაზების მოწყობას და ა.შ. უნდა შეიქმნას სკოლები და აკადემიები, სადაც ბავშვები ივლიან. ყველა რეგიონს უნდა ქონდეს საფეხბურთო აკადემია და მთავრობიდან გამოყოფილი თანხა ამაში უნდა დაიხარჯოს. გარდა ამისა, არის ნეპოტიზმი, როგორც საბავშვო, ასევე სანაკრებო დონეზე და ამ საკითხსაც მიხედვა ჭირდება.

მეტრონომი: კონკრეტულად თბილისის “დინამოზე” ვისაუბროთ. თქვენ კლუბის შიდა სამზარეულო კარგად იცით. რა პრობლემებია დღეს “დინამოში” და რა არის წლების განმავლობაში არსებული წარუმატებლობის შედეგი?

კოტე მელქაძე: კლუბის დრევანდელი მეპატრონე რომან ფიფია ძალას არ იშურებს, რომ კარგი გუნდი ყავდეს და “დინამო” მოწინავე ადგილზე იყოს. თუმცა, ფიფიას საკმარისი თანხა არ გააჩნია, რომ შექმნას გუნდი, რომელიც თუნდაც გუშინდელ მეტოქეს მოუგებდა “ევროპი ლიგის” ბარიერს გადალახავდა.

“დინამოში” არის 7-8 ფეხბურთელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ასაკობრივ გუნდში თამაშობდა. იმათთვის ძალიან ძნელია ასეთ დონეზე თამაში. ამ ახალგაზრდებს საბავშვო დონეზე არ უწევთ ძლიერ კლუბებთან თამაში და შესაბამისი მენტალიტეტი არ გააჩნიათ.

“მეტრონომი”: ანუ გინდათ თქვათ, რომ საქართველოში, მოზარდებში კონკურენცია არ არის?

კოტე მელქაძე: აქ “დინამო” ყველას ჯობნის, მაგრამ ფარგლებს გარეთ რომ გადის უჭირს ძალიან. გინდ ვიტალი დარასელიას თასი ავიღოთ, ფიფიას მშვენიერი წამოწყებაა ეს, მაგრამ ბოლო 2-3 წელი ვერ მოვიგეთ ეს ტიტული. არც თუ ძლიერი კლუბები ჩამოდიან, მაგრამ “დინამოს” უჭირს. არ უწევთ ხშირად თამაში.

ჩვენებისთვის “ალკმაარის” და ა.შ. დონის გუნდთან თამაში არის სასწაული. წელიწადში ერთხელ რომ გექნება ასეთი ამხანაგური თამაში, ძნელია შედეგის მიღწევა. მე რომ ვიყავი “დინამოს” ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი 17 მატჩი ვითამაშეთ და ყველა მოვიგეთ. გავიტანეთ 106 გოლი და 2 გავუშვით. რომელ წინსვლაზეა საუბარი, მოწინააღმდეგე ხომ უნდა გყავდეს? ჩადიხარ 10-0 იგებ და რა განვითრებაზეა აქ ლაპარაკი?!

შეგახსენებთ, საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამა დამტკიცდა (2016-2020წწ), რომლის თანახმადაც, ჯამში, ქართულ ფეხბურთს 265 700 000 ლარი მოხმარდება.

იტვირთბა....