aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერი სმიტების მკვლელობის საქმეზე: “დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

“დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი არ მოუკლავს და ისინი შემთხვევის ადგილზე მყოფმა ორმა უცნობმა პიროვნებამ მოკლა, სიმართლის თქმის შემთხვევაში კი ოჯახის ამოხოცვით დაემუქრა.

შსს-ს ოფიციალური განცხადება საქმესთან დაკავშირებით:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მომხდარ ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

იტვირთბა....