მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა.
მისი თქმით, ეს უპრეცედენტო ფაქტია.
„მინდა მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც თვეობით იდგა მოსახლეობა ქუჩებში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო არანაირი რეაგირება, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილება მოხდა. ასევე ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი პლატფრომის შექმნას, რომელმაც ორგანიზებულად უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და მე ვფიქრობ, კანონი ამის საშუალებას ასევე იძლევა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, როგორც დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები, მათი ადვოკატები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები შესაძლოა, დაესწრონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს.
„მნიშვნელოვანია აღნიშნოს, უპრეცედენტოა, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა არის უმრავლესობა და თავმჯდომარე არის უმცირესობის წარმომადგენელი“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უმნიშვნელოვანესი თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება მოხდა ქვეყანაში.
„ასე რომ, ეს უმნიშვნელოვანესი თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მინდა ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრზე დღევანდელი სახელმწიფო, ეს ცვლილება მოიტანა, რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ.
მე, რა თქმა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველი ხალხის გამარჯვება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.