ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: “პასუხი მოეთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც შვილმკვდარი ოჯახი გაანადგურა”

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან წარმოუდგენელი ცინიზმის დემონსტრირებაა. ამის შესახებ კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ადამიანის განადგურება, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურასა და სახელმწიფოს ეპასუხა ძალიან სერიოზულ ბრალდებებზე, რომ სახელმწიფო დამატებით მკვლელებს ხელს აფარებს.

„დღეს პროკურატურამ სარალიძეს უთხრა, რომ თქვენი შვილის მკვლელი არ არსებობს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სარალიძე არავის მოუკლავს. ეს იმ ფონზე ხდება, როცა პასუხს არ სცემენ, რატომ აფარებენ ხელს მირზა სუბელიანს, რატომ განადგურდა მტკიცებულებები, რატომ უპირისპირდება დაზარალებულ ადამიანს სახელმწიფო. ეს ყველაფერი დააგვირგვინეს იმით, რომ ეს ადამიანი საერთოდ გაანადგურეს და უთხრეს, თქვენი შვილის მკვლელი არ არსებობსო. ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ხოშატარიამ.

მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

„პარლამენტის საგანგებო რეჟიმში მოვითხოვთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი სასწრაფოდ გადაწყდეს. ამ პროცესში პარლამენტი უნდა ჩაერიოს და პასუხი მოეთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც შვილმკვდარი ოჯახი გაანადგურა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შვილმკვდარ ადამიანს ეუბნები, რომ შენი შვილის მკვლელი არ არის და ჩვენთან მომუშავე მაღალჩინოსანს ხელს ვაფარებ. პასუხებისგან თავს ვერავინ დაიძვრენს. ეს არის სილის გაწნა ძალიან ტრაგიკულ საქმეზე, რის პოლიტიკაზეა საუბარი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ის არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო დამნაშავედ.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ გამოაცხადა.

ამ წუთებში სასამართლოს დარბაზში დაძაბულობაა. სარალიძე და მისი მეგობრები მოსამართლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მკვლელები ეძახა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....