aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

2016-2017 წლებში 1 ლარად გადაცემული ობიექტების ნუსხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017-2016 წლებში, სახელმწიფოს მიერ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გასხვისებული ქონებების თაობაზე მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.

იურისტ, ია გოგნაძის  განცხადებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის საფუძველზე, დგინდება, რომ 2017-2016 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისება 23 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. აქედან 11 მიმღებია ფიზიკური პირი, ხოლო 12 იურიდიული პირი. ქონებების ფიზიკური პირების მიმართ გადაცემის საფუძვლად დასახელებულია მათი მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში, ხოლო იურიდიულ პირებს შორისაა შპს „ემ-კვადრატი“, ს.ს. „ენერგო-პრო-ჯორჯია“, შპს „ლ.ენდ ლ“, შპს „ინტერპლასტი“, შპს „აბა და კომპანია“, ს.ს. „ნენსკრა ჰიდრო“, ს.ს. „ენერგო პრო ჯორჯია“ და ს.ს. „თელასი“. ქონებების გადაცემის ადგილია: თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, გორი, მცხეთა, ოზურგეთი, მესტია, თელავი.

ორგანიზაციის ცალკე შესწავლის საგნად იქცა 2017-2016 წლებში, მთავრობის სხვადასხვა სამინისტროს შუამდგომლობების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, პირდაპირი მიყიდვის წესით განხორციელებული პრივატიზაციის პროცესი. ამ პერიოდში, პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისება 25 უძრავი ქონება. ქონებების მიმღებია ფიზიკური პირები, ეკომიგრანტები (სულ 545 ოჯახი), ლტოლვილები, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახი, თავდაცვის 482 პირი, შსს 7 პირი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. ქონებების გადაცემის ადგილია: თბილისი, ხოლო პრივატიზაციის დაწყების შუამდგომლობები ეკუთვნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ამასთან, ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით, ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების პროცესში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, პირდაპირი მიყიდვის წესით განხორციელებული პრივატიზაციის პროცესი. მხოლოდ 2017 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით – 1 ლარად მოძრავი და უძრავი საკუთრება დაიბრუნა, სულ 10 პირმა. აქედან 3 იურიდიული პირია – შპს „აკვარიუმი“, შპს „ინტერსერვისი“ და შპს „თავისუფალი ვაჭრობის კომპლექსი დიღომი-93“. დაზარალებულებმა სამართლიანობის აღდგენის გამო, უარი თქვეს სახელმწიფოს მიმართ მომავალში ყველა სხვა მოთხოვნაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ცალკე შეისწავლეს სახელმწიფო პროგრამა: „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გადაცემული უძრავი ქონებების  ჩამონათვალი. 2017 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით – 1 ლარად ქონებები მიიღეს 17 იურიდიულმა პირმა. მათ, საერთო ჯამში, ქვეყანაში 16,457,102 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ. რაც შეეხება 2016 წელს, ამავე პროგრამის ფარგლებში ქონებები მიიღო 24-მა კომპანიამ. აღნიშნულ კომპანებს ქვეყანაში, აგრეთვე 28,193,692 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ. ქონებები გადაცემულ იქნა: თბილისში, მცხეთაში, ბათუმში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთში, ლანჩხუთში, ახალციხეში, გარდაბანში, ბოლნისში, მარნეულში, ყაზბეგში, ვანში, ამბროლაურში, რუსთავში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და ტყიბულში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შესწავლილი ინფორმაციის საფუძველზე, არ არის მკაფიო პირობები, რომლითაც შეფასდება ქონებების მიმღებთა პასუხისმგებლობა. ამასთან, უცნობია, რამდენად სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებს სახელმწიფო პროგრამა: „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გადაცემული უძრავი ქონებების  მიმღები კომპანიები საპრივატიზაციო ვალდებულებებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა ინსტიტუციური გარანტიების შექმნა და მონიტორინგის კონტროლის უზრუნველყოფა, ვინაიდან პრივატიზაციის კანონის არსიდან გამომდინარე, დაცული იქნეს სახელმწიფოს და მიმღები მხარის უფლებები და ინტერესები.

geotimes.ge

იტვირთბა....