aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელს ბოდიშის მოხდას სთხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს, სადაც ლორა თორნტონი წერს, რომ დონალდ ტრამპი საქართველოს, სავარაუდოდ, რუკაზეც ვერ იპოვის.

„მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ქალბატონ ლორა თორნტონის მიერ გაკეთებულ საჯარო კომენტარს, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტი რუკაზეც კი ვერ მოძებნის საქართველოს. ქალბატონი თორნტონის ამ „მტკიცებით“, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან, განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საზღვრების ურღვეობას, მტკიცედ გმობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას და არც კი იცის სად არის ეს საზღვრები!? სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს ირონიული კომენტარი, ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველო იმდენად მცირე და უმნიშვნელო ქვეყანაა დასავლეთისთვის, რომ მისი მოძებნა რუკაზედაც კი შეუძლებელია. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, როგორიცაა NDI. ქალბატონ თორნტონს შევახსენებ, რომ NDI ჩვენი ქვეყნის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს ბოლო 25 წლის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის როლი საქართველოს, როგორც ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საქართველოში ყოველთვის დიდი მადლიერებით იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოსთვის ამ თანადგომის ინიციატორები და განმახორციელებლები იყვნენ – ქალბატონი მადლენ ოლბრაიტი, ბატონი კენეტ ვოლაკი და სხვები, რომლებიც ყოველთვის საქართველოს ინტერესების იცავდნენ. ჩვენი ასეთი მეგობრები დღევანდელ სენატსა თუ წარმომადგენლობით პალატაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მრავლად არიან. მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მასშტაბი, ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები ერთად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ანტიტერორისტული კოალიციის ფორმატში, აშშ-ის პოლიტიკური ლიდერშიფი იღებს საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, გაუმართლებელია ცინიკური განცხადებებით ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნებისთვის მტრული ნარატივის დამკვიდრებას, ნარტივისა, რომლის თანახმადაც აშშ-ს არაფრად უღირს ჩვენსავით პატარა ქვეყნების პარტნიორობა. მივმართავ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ამ განცხადებისთვის, რადგან ასეთი განცხადებები მხოლოდ აშშ-სა და საქართველოს მტრის წისქვილზე ასხავს წყალს“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ლორა თორნტონის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსზე:

”გასულ ღამეს, “იმედის” ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, – დაწერა ლორა თორნტონმა Facebook-ის პირად გვერდზე.

 

იტვირთბა....