aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

“ზაზა ფაჩულია ნაკრებიდან კი არ წავიდა, გაიქცა” – რა მოხდა ევრობასკეტზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის ასისტენტები, კოტე ტუღუში და ირაკლი ხოშტარია დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია “აიპრესს” კალათბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მიაწოდა, რომლის თქმითაც, მისთვის ეს გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი და ფედერაცია ამბავს მალავდა.

დღეს კალათბურთის ფედერაცია, მოახლოვებულ არჩევნებთან დაკავშირებით, გამგეობის სხდომას მართავს და ღონისძიების დრო და ადგილი გამგეობის წევრებისთვის ცნობილი არ არის.

ქართულ კალათბურთში შექმნილ პრობლემებზე, “ევრობასკეტზე” ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზე და ფედერაციის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებზე “აიპრესთან” კალათბურთელი, ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია საუბრობს:

– საბოლოოდ ჩამოყალიბდით და გადაწყვიტეთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროთ?

– გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. უბრალოდ, ველოდები თამაშის წესებს. დღეს უნდა იყოს გამგეობის სხდომა, სადაც დასახელდება არჩევნების თარიღი და თამაშის წესები, თუ ვინ იქნება დელეგატი, ხმის მიმცემი, როგორი წესით ჩატარდება არჩევნები. ჩემთვის ამ სხდომის შესახებ არავის შეუტყობინებია. ამავდროულად, მე ვარ გამგეობის წევრი, აუცილებლად უნდა დავესწრო გამგეობას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა გასაიდუმლოებულია ეს სხდომა. გავიგე რომ დღეს არის, დაიწერა ფედერაციის საიტზე, რომ არის დღეს და ადგილი არ არის მითითებული, სად ჩატარდება და დრო. ვურეკავ კალათბურთის სამყაროში ვინც არის „აქეთ“,  ყველას ვურეკავ, არავინ იცის.

– არ იციან, თუ მალავენ?

– არ ვიცი, ვერ გეტყვი. ისეთებს დავურეკე, რომლებშიც დარწმუნებული ვარ, რომ იცოდნენ, არ დამიმალავდნენ. ნამდვილად არ იციან, მაგრამ ისეთი თემაა, რომ ყველამ უნდა იცოდეს, ვინც კალათბურთთან დაახლოებულია.

– თუ ეს ყველაფერი თავიდანვე გასაიდუმლოებულია, იმედი გაქვთ, რომ არჩევნები სამართლიან და თანაბარ გარემოში ჩაივლის?

– ძალიან მეპარება ეჭვი იმის გათვალისწინებით, რაც ხდება. ყველაფერი უკუღმაა. წესდებაზე ლაპარაკის ახლა დაწყება გვიანია და არ მინდა, წინა არჩევნებს დაემსგავსოს ყველაფერი, წესდების გასწორება-არგასწორებაზე დაიკარგოს დრო, მაინც არ გაასწორებენ. დიდი ალბათობით, არჩევნები ჩატარდება უსამართლოდ.

– შიო ხეცურიანი რომ პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებდა, ეს რამდენიმე თვის წინ დავწერეთ. მაშინ როდესაც მან ნახევარი საარჩევნო კამპანია უკვე დაასრულა, ხოლო თქვენ ისიც არ იცით, როდის ჩატარდება გამგეობის სხდომა და  თქვენს ერთ-ერთ კონკურენტს მოთავებული აქვს საქმის ნახევარი, ის დრო, რაც დარჩება არჩევნებამდე, რამდენად მოასწრებთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოებას?

– მოსწრებული მაქვს ყველაფერი. შიომ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა, რადგან კალათბურთის ფედერაციისთვის უკვე გადაშლილი წიგნია. შიო დადის და 10 წლიანი პროგრამით ლაპარაკობს, ამოწურა უკვე თავის თავი. 10 წლის შემდეგ კი არა, კალათბურთს დღეს უნდა შველა. განვითარების გრძელვადიანი პროგრამა აუცილებელია, ოღონდ იმ გეგმასთან ერთად, დღეს როგორ გადავარჩინოთ კალათბურთი.

ზის ფედერაცია და პასუხი აქვს მის ყველა კითხვაზე. შიო ხეცურიანი შესაბამისად არ მოიქცა, რადგან ბოლომდე არ იცის, ვისთან აქვს საქმე.

მე ბოლო მომენტამდე იმიტომ ვინახავ თავს, რომ არ მინდა ჩემს წინააღმდეგ რაღაც  პუნქტები ჩადონ წესდებაში. გეუბნებით, წესდება ისეთია, ცალსახად არაფერი წერია შიგნით, ყველაფერი ბუნდოვანი და ორაზროვანია. სრულად საკმარისად მიმაჩნია 40 დღე ჩემი საარჩევნო პროგრამის გასაცნობად. ჩემი პროგრამის კალათბურთის სამყაროსთვის გასაცნობად 4  დღეც მეყოფა. ეს სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომ ვარ გაჩერებული და არ გამომიცხადებია ჩემი პრეზიდენტობის სურვილის შესახებ.

– თუკი ხეცურიანიც არ იქნება მოქმედი ფედერაციისთვის მისაღები კანდიდატურა, არ იქნებით თქვენც, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მოქმედი ხელმძღვანელობა საკუთარი კანდიდატისთვის გამოიყენებს აღნიშნულ წესდებას?

– არ ვაპირებ ხელის ჩაქნევას, ვაიმე, ესენი მაინც გააყალბებენ-მეთქი. რაც აქვთ ჩადენილი, გაფლანგული ესპანურ კონტრაქტზე, ძალიან კარგად იციან. ვაცლი, კიდევ ვიმეორებ. ბოლომდე ვაძლევ შანსს, წავიდნენ ლამაზად.

ცალსახად ვიცი, რომ გაბრიჩიძე არ იყრის კენჭს და გამოაცხადეს თვითონაც. ეს ერთგვარი აღიარებაა. თუკი ყველაფერი კარგად მიდიოდა, ეს კაცი გვიფრიალებდა ესპანურ კონტრაქტს, რომ ეს ძალიან მაგარია, ყველამ გაიგო, დააფასა და შეაფასა, მე ვერ გავიგე თურმე. რატომ არ იყრის მაშინ კენჭს?

წელიწადნახევრის წინ ჩვენ გვქონდა დიდი შეხვედრა, სადაც 4 კანონმდებელი ესწრებოდა, ხაბელოვი, ხაბარელი, ლორთქიფანიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინსიტრი. მე დავარმწუნე ისინი, რომ პროექტი იყო წაგებიანი. სპორტის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ აჩერებს დაფინანსებას.

ამის შემდეგ, ზაფხულში ჩუმად ჩამოიყვანეს და ნაცვლად 10-12 დღიანი კემპისა, ჩუმად გააკეთეს რაღაც, არავის გაუგია. ჯერ ეს თანხები საიდან მოიტანეს, თუ სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა? არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ შიდა რესურსით ვერ მოახერხებდნენ. მწვრთნელებს ხელფასები არ აუღიათ, სულ აგვიანდება. ფინანსურად ძალიან მძიმე სიტუაციაა ფედერაციაში. ალბათ, შიდა რესურსით მოიძიეს 300 ათასი ევრო და გააქტიურეს ეს კონტრაქტი. ეს კიდევ ერთხელ მიჩენს ეჭვს და უფრო სწორედ დარწმუნებული ვარ, რომ ფული აკლდება ქართულ კალათბურთს და მიდის სხვაგან.

– ერთ-ერთ შეხვედრაზე  სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრმა ისაუბრა კალათბურთის ფედერაციაზე და მოახლოებულ არჩევნებზე. ეს იყო დაახლოებით 3-4 თვის წინ. მან იმედი გამოთქვა, რომ მიხვდება კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, რომ მათ უნდა დაიცვან წესრიგი და შანსი უნდა მისცენ ახალაგზრდა კანდიდატს, რომელიც ახალ სისხლს მოუტანს. ის გულისხმობდა შიო ხეცურიანს, რომელიც არის ზაზა ფაჩულიას მეგობარი. ამის გამო, ხომ არ იქნება, ხეცურიანი პრივილეგირებული კადრი და ექნება თუ არა მას მხარდაჭერა სახელმწიფოსგან?

– რაც შეეხება ხეცურიანს, რომ ფაჩულია უჭერს მხარს და მინისტრი, ერთ რამეს ვიტყვი, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თავს არიდებენ საუბარს. ფაჩულია, მოქმედი კალათბურთელი თუკი ერევა არჩევნებში, მაშინ აქედან ნაკრების სხვა მოთამაშეები ჩაერევიან. არ მინდა ასეთი რამ მოხდეს და განხეთქილება.

ფაჩულიას რაც ეხება, ამ ევროპაზე რა მოხდა, როგორ მოხდა, ამას ვიტყვი უახლეოს ხანში. რა როგორ იყო და რატომ ვერ მივაღწიეთ ასეთი გუნდით სასურველ შედეგს. ყველაფერი გახდება განსჯის საგანი.

– ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ კულუარებში, რომ ევრობასკეტზე ისრაელში თანაგუნდელებს ძალიან ცუდად ექცეოდა და დისციპლინასაც ხშირად არღვევდა. ამაზე საუბრობთ?

– დიახ მისის წასვლა ნაკრებიდან გაქცევას უფრო ჰგავდა. თანაგუნდელები ფეისბუქით არ უნდა იგებდნენ, რომ ნაკრების კაპიტანი მიდის ნაკრებიდან.

– ანუ ეს ამბავი ნამდვილია?

– დიახ. ნამდვილია და  ამხელა მოთამაშეები ნაკრებიდან ასე არ მიდიან. ნაკრების კაპიტანი მესამე მწვრთნელით არ უნდა ელაპარაკებოდეს მთავარ მწვრთნელს ევროპის ჩემპიონატზე და თან ულტიმატუმებით. ჯერ მაგაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი ამ ფედერაციას, რომ ასეთი სიტუაცია იყო იქ.

რატომ მოიგო კოკოშკოვმა ევროპის ჩემპიონატი? იმიტომ, რომ წამყვანი მოთამაშე დასვა, რომელიც იმ მომენტისთვის ნაკრებისთვის წაგებიანად ჩათვალა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ეს. ფაჩულია რაღაც მომენტში სკამზე რომ მჯდარიყო,  მოვიგებდით თამაშებს, ამის წინაპირობა არსებობდა. ეს წინა ტურნირებმაც აჩვენა, სადაც ზაზას არ უთამაშია. ამის შემდეგ ჩამოდის ფაჩულია და თურმე ყველა უნდა გადაწყობილიყო მასზე. ფაჩულიაზე ეწყობოდა გუნდი.

იმის ნაცვლად, რომ ზაზა მორგებოდა გუნდს, რომელსაც უკვე მოგებული ჰქონდა თამაშები ლიტვის, ლატვიის, საბერძნეთის ნაკრებებთან და მოიგო აკროპოლისის თასი, პირიქით ითხოვდა, ყველა მის თამაშს უნდა მორგებოდა.

შედეგის გამო თუ გაუშვეს ნაკრებიდან მწვრთნელები, მიზეზი უნდა თქვან. ადამიანებს ჩუმად არ უნდა უშვებდნენ და ამ ამბავს, ღამე კულუარულად არ უნდა ვიგებდეთ. ევრობასკეტზე უამრავი პრობლემა იყო, რომლებიც ნაკლებად იყო მეორე და მესამე მწვრთნელების ბრალი. 2 კვირაში მსოფლიოს შესარჩევი თამაშია. რატომ არ ტარდება ეს თამაში საქართველოში, ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზეც ვისაუბრებ. ამ პრობლემებზეა ხმამაღლა სალაპარაკო და არა კულუარულად.

განცხადებების გაკეთდა ზაზა ფაჩულიას მხრიდან, რომ მარტო ჯიგარი აქვთ ქართველ კალათბურთელებს. გემახსოვრებათ ეს ინტერივუ და თურმე ამის ხარჯზე თამაშობენ და ყველაფერი ამან იცის მარტო, მაგით შეიძლება მოატყუოს დამწყები გულშემატკივარი.

ზაზა როგორ ხელში აყვანილი მოიყვანეს გუნდში კაპიტნად, კარგად მახსოვს, ასევე მინდოდა ხელში აყვანილი ყოფილიყო ჩემს მეხსიერებაში. სამწუხაროდ, ასე ვერ მოიქცა. ის ერევა პროცესებში და ყველაფერზე ამბობს, არ ვიცის. ყველაფერში ერევა. მაშინ მე იძულებული გავხდები დანარჩენი ნაკრები  ჩაერიოს და ვნახოთ, ფაჩულია თუ დანარჩენი ნაკრები.

– მომავალში, თუკი დავუშვებ იმის ალბათობას, რომ შიო ხეცურიანი მოიგებს არჩევნებს, ზაზა ფაჩულია უკარნახებს თამაშის წესებს. ამის წინაშე შეიძლება დავდგეთ?

– კი, აუცილებლად. ეს ასე იქნება. თვითონ  თუ უნდა, ჩამობრძანდეს, იყაროს კენჭი, მოიგოს და იყოს პრეზიდენტი. ფაჩულიამ კი არა, მიშა ქორქიამ ვერ მოიგო თავის დროზე არჩევნები, ოლიმპიური ჩემპიონი იყო.

მოვუწოდებ კალათბურთის ფედერაციის მესვეურებს, რომ წავიდნენ ღირსეულად და დროულად. ფედერაციის სახელით ვინც კენჭს იყრის, უნდა იცოდეს, რომ ყველაფრის უშუალო მემკვიდრე იქნება და კალათბურთის სამყაროსთვის და ხალხისთვის მოუწევს ყველაფერზე პასუხის გაცემა.

მაგდა კლდიაშვილი

წყარო: ipress.ge

იტვირთბა....