aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები კვლევები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

100 000 გამოკითხული: მერობის კანდიდატთა რეიტინგი – „მეტრონომის“ გამოკითხვის შედეგებს ექსპერტები რეალურად მიიჩნევენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხათუნა ლაგაზიძე: „მეტრონომის“ საიტზე მოცემული გამოკითხვის შედეგები, საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობას ასახავს

გია ხუხაშვილი: „მეტრონომის“ საიტზე მოცემული გამოკითხვა სიტუაციას ლოგიკურად ასახავს

„მეტრონომზე“, მერობის კანდიდატთა რეიტინგის დასადგენად გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვაში – „თბილისის მერობის კანდიდატებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას“, თითქმის 50 დღის განმავლობაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და გამოიკვეთა საბოლოო რეიტინგი. მართალია, ამ გამოკითხვას არ აქვს პრეტენზია, რომ სრულად ასახავს თბილისის მოსახლეობის განწყობას, მაგრამ თბილისელების ნაწილის პოზიცია ქმნის გარკვეულ სურათს, თუ რას ფიქრობენ დედაქალაქის მაცხოვრებლები.

გვაქვს მცირე შენიშვნა: გამოკითხვაში არ მონაწილეობენ „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა, რადგან ხმის მიცემის დაწყების დღეს, ისინი არ იყვნენ ოფიციალურად რეგისტრირებულები როგორც მერობის კანდიდატები. იმედი გვაქვს, კანდიდატები რედაქციის მიმართ განაწყენებულები არ იქნებიან და კონსტრუქციულად მიიღებენ ჩვენს არგუმენტს.

თვიმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგები ცნობილი არ არის, თუმცა სოციოლოგიური და შიდაპარტიული კვლევებით გარკვეული შთაბეჭდილება იქმნება. წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა სახის კვლევები უკვე დიდი ხანია დაწყებულია და საზოგადოებაში შექმნილი განწყობის მეტ-ნაკლები კონტროლი ხდება.

განსაკუთრებული აქცენტი კი დედაქალაქის მერობის არჩევნებისკენ არის მიმართული. შესაბამისად „მეტრონომმა“ საიტზე გამოკითხვა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ჩაატარა – ვის ისურვებდით თბილისის მერად?

წინასაარჩევნო გამოკითხვა საიტზე  მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიწყო და  5 ოქტომბერს დასრულდა.

ვის ისურვებდით თბილისის მერად? შედეგები „მეტრონომზე“ შემდეგნაირად გადანაწილდა:

კახა კალაძე (29%, 28,860 ხმა), ალეკო ელისაშვილი (27%, 27,561 ხმა), ზაალ უდუმაშვილი (14%, 14,484 ხმა), ელენე ხოშტარია (14%, 14,270 ხმა), არცერთი (14%, 13,865 ხმა), კახა კუკავა (1%, 597 ხმა), ირმა ინაშვილი (1%, 517 ხმა), არ მივალ არჩევნებზე (407 ხმა), თენგიზ შერგელაშვილი (0%, 150 ხმა).

გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. GOOGLE-ANALYTICS-ის მონაცემებით, ასაკობრივი ზღვარი პროცენტების მიხედვით ჩვენ საიტზე შემდეგნაირად ნაწილდება: 100%-დან, 27% 18 დან 24 წლამდე ადამიანია, 33% – 25-დან 34-წლამდე, 15% – 35-დან 44 წლამდე, 12% – 45-დან 54-წლამდე, 5% – 55-დან 64-წლამდე, 5% – 65 წლის ზევით საქართველოს მოქალაქეებმა შეადგინეს.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული ცდომილება არსებობს იმაშიც, რომ გამოკითხვაში მონაწილეთაგან მცირე პროცენტი წარმოადგენს თბილისის გარეთ მაცხოვრებლებს, რადგან გამოკითხვა ჩატარდა საიტზე და ხმის მიცემა შეეძლოთ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც თბილისში არ ცხოვრობენ.

კვლევებს პერიოდულად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI აქვეყნებენ. NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, სადაც შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს, კახა კალაძეს (ქართული ოცნება) აქვს 30%, ალეკო ელისაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 19%, ზაალ უდუმაშვილს (ნაციონალური მოძრაობა) – 18%, ელენე ხოშტარიას (ევროპული საქართველო)- 5%, არ იცის 12%-მა და პასუხზე უარს ამბობს 4%. ასევე ცნობილი ხდება, რომ შიდა კვლევა „ოცნებამაც“ ჩაატარა, თუმცა პროცენტული მონაცემები და პოლიტიკური სურათი განსხვავებულია.

ყველა კვლევით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახი კალაძე ლიდერობს, თუმცა, მთავარი ინტრიგა მეორე ტურთან დაკავშირებით იკვეთება. იქნება თუ არა საერთოდ მეორე ტური და ვინ გავა მეორე ტურში, დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი?! შეიძლება თუ არა ამ ორი კვირის განმავლობაში მონაცემები რადიკალურად შეიცვალოს და რა შეიძლება ამ ცვლილების მიზეზი გახდეს? ამ კითხვით „მეტრონომმა“ პოლიტოლოგებს მიმართა.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ „მეტრონომის“ საიტზე მოცემული გამოკითხვის შედეგები, საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობას ასახავს: მისი თქმით, გამოკითხვაში მოცემული თანმიმდევრობა შეესაბამება თავად კანდიდატების რესურსებს და საზოგადოების დამოკიდებულებას მერობის კანდიდატების მიმართ. ლაგაზიძის აზრით, მეორე ტურის გამართვა დამოკიდებული იქნება არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაზე და ამ დროში განვითარებულ  მოვლენებზე.

პოლიტოლოგის განცხადებით, თუ მეორე ტური იქნება, ყველაზე რეალური კანდიდატი თეორიულად  ალეკო ელისაშვილია. თეორიულ შანსში ლაგაზიძე საზოგადოების ხმების მობილიზებას და საარჩევნო ყუთებთან მიტანის უნარს გულისხმობს, რასაც კარგად აწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურა  სჭირდება.

„არ ვიცი ალეკო ელისაშვილს საარჩევნო შტაბი და სტრუქტურა რამდენად კარგად აქვს  ორგანიზებული. შეიძლება ობიექტურად, საზოგადოებაში ოპოზიციურ ლიდერებს შორის, მის მიმართ, ყველაზე მეტი სიმპათია არსებობს, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საარჩევნო ხმებად იქცევა, თუ მან ვერ შეძლო საკუთარი მომხრეების ორგანიზება და საარჩევნო  უბნებთან  მიყვანა.

მეორე მთავარი საკითხი კი ის იქნება, რომ ელისაშვილმა საკუთარი ამომრჩეველი უნდა დაარწმუნოს, რომ მას გამარჯვების უნარი შესწევს და მეორე ტურში გასვლას  შეძლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველს საკუთარი ენერგიის  გახარჯვა და საარჩევნო უბანზე მისვლა, უბრალოდ დაენანება.

ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციურმა პარტიულმა კანდიდატმა საკუთარი ამომრჩევლის უკეთ მობილიზება შეძლოს. ეს კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე კარგად გამოსდის. არ არის გამორიცხული, მეორე ადგილზე, სწორედ ორგანიზებულობის ხარჯზე ვიხილოთ პარტიული კანდიდატი და არა ელისაშვილი“, – ამბობს ლაგაზიძე „მეტრონომთან“.

მისი თქმით, ეს გამოკითხვის შედეგებს არ ეწინააღმდეგება, რადგანაც არჩევნების შედეგებს განსაზღვრავს არა მხოლოდ ამომრჩევლის სიმპათიები, არამედ მათი მოტივირების და მობილიზების უნარი. ლაგაზიძის განცახდებით, ხმების დაცვა ასევე კომისიებშიც გახდება საჭირო, რაც არჩევნების უზარმაზარ სეგმენტს და პრობლემას წარმოადგენს. პოლიტოლოგის აზრით, ამ კუთხით, ელისაშვილთან ჭიდილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საკმაოდ  მარტივი  იქნება.

„თუ ოპოზიციას თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს, ალეკო ელისაშვილის მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში მის სასარგებლოდ უნდა გაერთიანდნენ. თუმცა, ჯერჯერობით, რასაც ოპოზიციის მოქმედებას ვუყურებ, ეს არის ბრძოლა დამარცხებისთვის, ანუ ცალ-ცალკე ყველა მათგანი მეორე ადგილისთვის იბრძვის.

მათ საკუთარი თავის იმედი თავადვე არ აქვთ, ხოლო მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ხმებს ერთმანეთს ართმევენ. ძირითადად, ბოლო ერთ კვირას თუ არ გავითვალისწინებთ, ოპოზიციის ტაქტიკა იყო, ხმების ერთმანეთისთვის წართმევა და არა სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს კი მათ შედეგებზე ძალიან ცუდად  აისახება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით მმართველი გუნდის კანდიდატი  სარგებლობს და მას დიდ კომფორტს უქმნის.

კალაძის მთავარი პრობლემა ახლა, მისი გუნდის შიგნით წინასაარჩევნოდ სრულიად  გაუგებარი გადაწყვეტილებები უფროა, ვიდრე ოპოზიცია: მაგალითად, საკრებულოს სხდომაზე, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა. ოპოზიცია კი მანამდე, ძირითადად, ერთმანეთისთვის „თმების გლეჯვით“ იყო დაკავებული და კალაძისთვის არ ეცალა“,-ამბობს  ლაგაზიძე „მეტრონომთან“.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ „მეტრონომის“ საიტზე მოცემული გამოკითხვა სიტუაციას ლოგიკურად ასახავს. მისი თქმით, ორ კვირაში თუ რაიმე სიუპრიზები არ მოხდა, ხმების გადანაწილება პროცენტულად და ადგილების მიხედვით, სწორედაც, რომ „მეტრონომზე“ მოცემული შედეგების მსგავსად უნდა დალაგდეს.

მისი აზრით, მთავარი პრობლემა ალეკო ელისაშვილს შეექმნება, რადგან ის არ არის პარტიული კანდიდატი და სტაბილურობა არ გააჩნია. მისი მდგომარეობა ძალიან მყიფეა და ამ ორ კვირაში მომხდარმა მოვლენებმა შესაძლოა მის რეიტინგზე ზეგავლენა მოახდინოს და მეორე ადგილიდან ჩამოვარდეს. თუმცა, ხუხაშვილის აზრით, თუ რაიმე სერიოზული რყევები არ მოხდა, მას მეორე ადგილზე გასვლის ყველაზე რეალური შანსი აქვს.

„ალეკო ელისაშვილი კალაძისთვის ყველაზე პრობლემური კანდიდატია. მხოლოდ ელისაშვილს შეუძლაი მთელი ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება. ბუნებრივია, თუ უდუმაშვილი მეორე ტურში გავიდა, ელისაშვილის ამომრჩეველი მას ხმას არ მისცემს. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არც სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ. უდუმაშვილი ამიტომაც, სახელისუფლო კანდიდატისთვის იდეალური ვარიანტია. კალაძემ პირველ ტურში, რომც ვერ გაიმარჯვოს, მეორე ტურში ის აუცილებლად უპრობლემოდ გავა.

ახალი პოლიტიკოსების, როგორც მაგალითად ბურჭულაძე იყო, განეიტრალება არჩევნების წინ ძალიან ადვილია. ამიტომაც ვამბობ, რომ ორ კვირაში ელისაშვილს ირგვლივ რა მოვლენები განვითარდება, რთული სათქმელია. მას არა აქვს ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური გამოცდილება. ამიტომ რაიმე ფატალურ შეცდომაზე მისი პროვოცირება ძალიან მარტივია. ის ტექნოლოგიებს ცუდად ფლობს, არა ჰყავს შესაბამისი გუნდი და რაიმე სისულელეზე მისი პროვოცირება ადვილი იქნება. რაც იგივე ბურჭულაძის შემთხვევაში მოხდა. მასზე თავიდან დიდი მოთხოვნა იყო, შემდეგ კი ჩამოვარდა“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

ასე თუ ისე, არჩევნებამდე 2 კვირა დარჩა და ჯერჯერობით ძალიან რთული საწინასწარმეტყველოა, თუ რამდენად დაემთხვევა „მეტრონომის“ შედეგები რეალურ სურათს. ერთი ფაქტია, რომ დღითიდღე პოლიტიკური ტემპერატურა იწევს და 21 ოქტომბრისთვის, სანამ ის პიკს მიაღწევს, კანდიდატებს შორის დაძაბულობა თვალში საცემია.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....