დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია საერთოდ “ღადაობაა”, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ჯანაშიამ სასამართლოში, ე.წ. “პიჯაკების საქმის” დაწყებამდე განაცხადა, დოქტორ დოტის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით საქმე არ არის აღძრული და მისი ვიზიტის ხარჯები სდსს-ს არ გაუწევია.
“დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია საერთოდ “ღადაობაა”. დოქტორ დოტიზე საერთოდ მასალები არ არის და მისი ხარჯი საერთოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ გაუწევია. ეს ინფორმაცია არის შავი პიარისთვის. დოქტორ დოტი იყო ჩამოსული თბილისში და მისი ეს მოგზაურობა დააფინანსა ადმინისტრაციამ. ბრალდება ხმამაღლა რომ წაიკითხო, შეიძლება “გააცინე და მოიგეში” 2 ათასი ლარი მოიგო. იქ წერია, რომ დოქტორი დოტის ჩამოსვლა რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამიტომ დაადო პრეზიდენტმა გრიფი მსგავს ხარჯებს და ამით გაიფლანგა თანხები”, – განაცხადა ჯანაშიამ.
მისივე თქმით, დოქტორ დოტის ვიზიტზე გაწეული ხარჯებისთვის პროკურატურას არავინ დაუკითხავს.
“დოქტორ დოტის ვიზიტის ხარჯები პროკურატურაში დევს, საქმე არ არის აღძრული, არავინ დაუკითხავთ ადმინისტრაციიდან მარტივი მიზეზის გამო – მე ვიყავი სამიზნე და არა ადმინისტრაცია”, – აღნიშნა სდსს-ს ყოფილმა უფროსმა.
ბრალდების მხარის მოწმეებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მასაჟისტ დოროტი შტეინს, იგივე დოქტორ დოტის დაკითხვას შეეხებოდა, არ ადასტურებს მთავარი პროკურატურა.
ე.წ. პიჯაკების საქმე – სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. პროკურატურა მოწმედ სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს წარმოადგენს.
ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია.