aviabiletebi
ახალი ამბები

კახა ოქრიაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„2016 წელს მაჟორიტარებმა მოვიპოვეთ 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოვადგენთ კონსენსუსის მთავარ მხარეს“ – ამ განცხადებას, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი დმანისის ოლქიდან, კახა ოქრიაშვილი აკეთებს. ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს. დეპუტატი ამბობს, რომ მაჟორიტარები პროპორციულ სისტემას მხოლოდ ბონუსური სისტემის გათვალისწინებით დათანხმდნენ.

კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის პოლიტიკური პროცესების მდგრადობას და წარმოშობს მყიფე, სუსტ კოალიციურ ცენტრალურ ხელისუფლებას.

ოქრიაშვილი მოუწოდებს პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში და ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს.

“ვეხმაურებით ბოლო დღეებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს და გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები. ამ განცხადებაში გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო ნაწილზე, უფრო ზუსტად – არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებზე. ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ მაჟორიტარული და შერეული, ისევე, როგორც პროპორციული სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული და ლეგიტიმური და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ.

“დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ, მაჟორიტარები მზად აღმოვჩნდით კომპრომისისთვის, კონკრეტულად, დავთანხმდით პროპორციულ არჩევნებს ბონუსური სისტემის გათვალისწინებით. ასეთი სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ამცირებს მყიფე და არამდგრადი ცენტრალური ხელისუფლების შექმნის შესაძლებლობებს.

“რადგან საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამ საკითხში, კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ – პოლიტიკოსები, ვინც მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა, მათ შორის, მოქმედი მაჟორიტარებიც და რაც მთავარია, ჩვენი ამომრჩეველი. მეორე მხარეს წარმოადგენენ პროპორციული სისტემის მომხრეები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მაჟორიტარებმა, ჯამში მოვიპოვეთ 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოვადგენთ ამ კონსენსუსის მთავარ მხარეს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა გამოკითხული მოსახლეობის 47%, ხოლო გაუქმებას – მხოლოდ 28%.

“საქართველოს უახლესი ისტორია გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი და შეკრული პოლიტიკური პარტიები. დღემდე არსებული პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო პარტია არჩევნებში დამარცხების შემდეგ გაქრა ან მნიშვნელოვნად დასუსტდა. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დრო პარტიების სრულფასოვნად ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად. ამ მოსაზრებას საექსპერტო წრეებიც იზიარებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს 2024 წლისთვის მოხდება და სწორედ ამიტომ დავთანხმდით, მიგვეცა დრო და შანსი ამ პროცესისათვის. თუმცა ჩვენ, მაჟორიტარები, მივიჩნევთ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი – უფრო გამართული და გამართლებული ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის,” – აცხადებს ოქრიაშვილი.

“ქართული ოცნების” დეპუტატს მაგალითის სახით მოლდოვა მოჰყავს, რომელიც 2006 წელს, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა. ოქრიაშვილი ამბობს, რომ ამ ცვლილებების შედეგად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ყალიბდებოდა მყიფე, სუსტი კოალიციური ცენტრალური ხელისუფლებები, რასაც თან ერთვოდა პოლიტიკური სკანდალები და კრიზისები მმართველ კოალიციაში.

“ამ პროცესებმა მოლდოვაში გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და მოსახლეობის უკიდურესი სიდუხჭირე. შედეგად, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნილება და დღეს, მოლდოვა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემიდან შერეულ, პროპორციულ – მაჟორიტარულ სისტემაზე გადადის – სწორედ ისეთზე, როგორიც საქართველოში ფუნქციონირებს.

“მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, ჩვენ, მაჟორიტარები მაინც წავედით კომპრომისზე, რათა საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში ფართო კონსენსუსი შემდგარიყო. თუმცა სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესის სხვა მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად კომპრომისებისთვის, ხოლო მხოლოდ მაჟორიტარების ძალისხმევა არ იყო საკმარისი.
მოვუწოდებთ პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი და ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს,” – ნათქვამია ოქრიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....