ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დეკანოზის ადვოკატი: სასამართლოზე მოწმის სახით ირაკლი ფირცხალავაც დაიკითხება

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

დეკანოზ გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს წინაშე ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, როგორც დაცვის მხარის მოწმე. მისი თქმით, ფირცხალავა მას შემდეგ დაიკითხება, რაც სრულად დაკითხავენ ბრალდების მხარის მოწმეებს.

”ირაკლი ფირცხალავამ საჯაროდ განაცხადა, რომ ირაკლი მამალაძე არის აგენტი-პორვოკატორი და მას ამ ნიშნით არაერთ საქმეში მიუღია მონაწილეობა. ბუნებრივია, ჩვენს საქმეშიც, ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის, რადგან ძალიან პროვოკაციულია მისი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც განახორციელა მამა გიორგისთან.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ სასამართლოს წინაშე დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ დაიკითხოს დაცვის მხარის მოწმედ ირაკლი ფირცხალავაც და სასამართლომ ეს დააკმაყოფილა. ფირცხალავა დაიკითხება მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან სრულად. პროკურატურას ბუნებრივია არ სურდა მისი დაკითხვა და მიაჩნდა, რომ ის საქმისათვის არსებითს და მნიშვნელოვანს ვერ მისცემდა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა”-აღნიშნა შესვენებისას დეკანოზის სახაზინო ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა.

მისი თქმით, ამ წუთებში იკითხება ადვოკატი ლილი გელაშვილი.

ცნობისთვის, მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის და ადვოკატ ირმა ჭკადუას გარდა, ადვოკატი ლილი გელაშვილია. მან განაცხადა, რომ ციანიდის საქმის თაობაზე 24 იანვარს შეიტყო.

“სოციალურ ქსელში პირველი დღიდანვე, რაც ეს ფაქტი გახდა ჩემთვის ცნობილი, მე ამის შესახებ დავწერე, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია; ეს არის 24 იანვარი; ეს იყო ის დღე, როცა პირველად შევხვდით ირაკლი მამალაძეს”, – განაცხადა გელაშვილმა.

ადვოკატ პაატა მეხრიშვილისთვის ჯერ უცნობია დაიკითხება თუ არა დღევანდელ პროცესზე ადვოკატი ირმა ჭკადუა, ციანიდის საქმის კიდევ ერთი მოწმე.
ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....