aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

BANKING FORUM 2018: სასტუმრო “ბილტმორში” საფუძველი ახალ ტრადიციას ჩაეყარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს, სასტუმრო “ბილტმორში” საქართველოს ბანკების ფორუმი 2018 გაიმართა, რომლის მთავარი თემა “მომავლის ბანკი” იყო. აღნიშნული ფორუმის ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერი გაზეთი “მეტრონომი” გახლდათ.

The FINANCIAL media-ს დირექტორის, ზვიად ფოჩხუას განცხადებით, რომელიც ფორუმის მოდერატორი იყო,  მთავარი გამოწვევა ბანკებისთვის სიახლეების შემოტანაა, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბანკები საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდნენ არა მხოლოდ ფინანსური რესურსებით, არამედ ტექნოლოგიურადაც.

“ბოლო ათი წლის განმავლობაში ბანკებში სწორედ ეს ტექნოლოგიური გარდატეხა მოხდა – მთლიანად გადასვლა ონლაინ-ბანკინგზე, გადარიცხვების დაჩქარება, თანხებთან ხელმისაწვდომობის უფრო მეტად უზრუნველყოფა. ჩვენ ვსაუბრობთ შემდეგ ეტაპზე, თუ რა იქნება მომავალში და ბანკები რა სიახლეებს წარმოადგენენ, რადგან ის კომპანიები, რომლებიც უფრო ინოვაციურები იქნებიან, პოზიციებს შეინარჩუნებენ ბაზარზე და ზუსტად ეს არის მთავარი მიზანი. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ ბანკების წარმომადგენლები, არამედ სხვა, ამ სექტორთან პირდაპირ ან ირიბად შეხებაში მყოფი კომპანიები” – განაცხადა ზვიად ფოჩხუამ.

ფორუმი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გახსნა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფორუმი კარგი შესაძლებლობაა, რომ საბანკო სისტემის მომავალთან დაკავშირებით აზრები გაიცვალოს და ამ მხრივ, ახალი ტრადიცია დაამკვიდროს.

“მოგეხსენებათ, საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი მდგრადი და განვითარებულია. ამას აღიარებს როგორც სავალუტო ფონდი, ასევე მსოფლიო ბანკი. თუმცა ჩვენი სისტემის წინაშე გარკვეული გამოწვევებია. ეს მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი. დღეს, მთავარი თემა ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვაა. ამ მხრივ საქართველოს გარკვეული თემები აქვს წამოსაწევი” – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

“საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ, რომელიც ფორუმზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, მომავლის ბანკის მშენებლობის თემატიკაზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა ციფრული და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებებზე. კიკნაველიძე ფიქრობს, რომ რეგიონში საქართველოს ფინანსური სერვისების ცენტრად გახდომის ყველა წინაპირობა აქვს.

“დღევანდელი ფორუმის მიზანია ვილაპარაკოთ ტენდენციებზე, საბანკო სექტორის და მათ შორის გამოწვევებზე, მომავალზე. საბანკო სექტორის გამოწვევებიდან ორს დავასახელებდი. პირველი – ეს არის ტექნოლოგიური გამოწვევები. ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბანკო სექტორის განვითარებაზე საერთაშორისო მასშტაბით და საქართველოც ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება. მეორე გამოწვევა, რეგულაციებს უკავშირდება. აქაც, საერთაშორისო გამოცდილებით, საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეგულირებულია მთელ მსოფლიოში და ჩვენც ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უწყებებთან თუ ეროვნულ ბანკთან აქტიური თანამშრომლობა მოგვიწევს” – აღნიშნა კახა კიკნაველიძემ.

მისი თქმით, საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მთელ მსოფლიოში, რამაც საბანკო სექტორის ასეთი განვითარება განაპირობა. კიკნაველიძის განცხადებით, რეგულაციები მკაცრდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს თანდათანობით, რომ სექტორს და ქვეყნის ეკონომიკას არ შეეხოს.

გიორგი ცუცქირიძემ, ბანკების ასოციაციის დირექტორის მოადგილემ, ბანკების წინაშე არსებული გამოწვევების და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.

“რეგულაციები, რომლებიც ახლა შემოდის დაკავშირებულია ორ მთავარ ფაქტორთან. პირველი, ეს არის არაფორმალური სექტორის პრობლემა, რომელიც ზემოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე და არაფორმალური სექტორი ჩვენთან საკმაოდ მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი. კერძო პრაქტიკით დაკავებული ადამიანები არიან სწორედ არაფორმალურ სექტორში. საგადასახადო ცვლილება, რომელიც შემოვა, მათ საშუალებას მისცემს, მოახდინონ შემოსავლების დეკლარაცია. გაუადვილდებათ წვდომა საკრედიტო რესურსებთან იმიტომ, რომ ბანკს ექნება შესაძლებლობა შევიდეს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში, სადაც გამოჩნდება მათ მიერ მიღებული შემოსავლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ისინი ბრუნვის მხოლოდ 1%-ით იქნებიან დაბეგრილი. საკმაოდ ინოვაციური გადაწყვეტილებაა. ეს რეგულაცია, რომელიც ეროვნულ ბანკს შემოაქვს, დაკავშირებულია ამ პაკეტთან და არ უნდა განვიხილოთ ცალკე.

საბანკო სექტორს პოზიცია ჰქონდა, რომ რეგულაციები გარკვეული პერიოდის შემდეგ შემოსულიყო. იმიტომ, რომ ზაფხულში შემოვა საგადასახადო ცვლილება და მასთან ადაპტირება უფრო რბილი გადასვლით უნდა მომხდარიყო. ეროვნულმა ბანკმა კი ეს ფორმა აირჩია. ბუნებრივია, დაიწყება კონსულტაციები, თუ როგორ მოხდება ეს რბილი გადასვლა. აქ საუბარია ინპლემენტაციის ვადებზე და მის ეფექტზე. ჩვენ გამოვნახავთ ისეთ ვარიანტს, რომელიც ეკონომიკისთვის უფრო მომგებიანი იქნება” – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ: ირაკლი კოვზანაძე – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; მურთაზ კიკორია – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ბორდის წევრი; ანდრას ჰემბერგერი – MasterCard რეგიონალური გენერალური დირექტორი; კახა კიკნაველიძე – საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი; იაროსლავა ბაბიჩი – მაკროეკონომიკური პოლიტიკუს კვლევითი ცენტრის დირექტორი, ISET; ენდრიუ ტორნჰილი – თანადამფუძნებელი, SPORTCOIN; ვახტანგ გოგოხია – თანადამფუძნებელი, ოქროს საწმისი; გიორგი შერვაშიძე – თანადამფუძნებელი AISI COIN; ნათია თხილაიშვილი – პროკრედიტბანკის აღმასრულებელი ბორდის წევრი, დირექტორი; დმიტრი იურგელევიჩი – უფროსი მენეჯერი, E&Y Georgia; მაკა ნაჭყებია – გენერალური დირექტორი, DRC; გიორგი ცუცქირიძე – დირექტორის მოადგილე, ბანკების ასოციაცია; ზვიად ფოჩხუა – დირექტორი The FINANCIAL media.

იტვირთბა....