aviabiletebi
ბლოგები მთავარი პოლიტიკა

მძიმე არჩევანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამ გამოიწვია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ის შედეგი, რომელმაც ჩვენი ორად გახლეჩილი საზოგადოების ერთი ნაწილი შეაშინა, მეორეს კი იმედი ჩაუსახა? რა გველოდება მეორე ტურში? – ეს არის კითხვები, რომელთა ირგვლივაც გაცხოველებული დისკუსია და შუბების მტვრევა მიმდინარეობს.

ზუსტი პასუხი სოციოლოგიურ კვლევას საჭიროებს. თუმცა, ალბათ არ ვიქნებით შორს სიმართლისგან, თუ ვიტყვით რომ დამდგარი შედეგი არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებდნენ, რომ იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც თვლიდა რომ ქვეყანაში მათთვის ან არაფერი იცვლება, ან სულაც უარესდება, ხოლო ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიემართება.

ხელისუფლებაში ეს საგანგაშო სიგნალი, როგორც ჩანს, სათანადოდ არ შეაფასეს და შედეგად ამომრჩევლის შესაბამისი პასუხიც მიიღეს. რა თქმა უნდა, არჩევნების ეს შედეგი კიდევ ბევრმა სხვა სუბიექტურმა და ობიექტურმა ფაქტორმა განაპირობა, რომლებზედაც აღარ შევჩერდები, რადგანაც ასე მგონია რომ საზოგადოების უმეტესობამ ეს ყველაფერი კარგად იცის.

ზოგადი შენიშვნის სახით, ვიტყვი, რომ მმართველი პარტია გაება იმ დაგებულ მახეებში, რომლებიც ტავის დროზე ვერ აიღო და აფეთქდა იმ შენლებული მოქმედების ნაღმებზე, რომლებიც თავის დროზე ვერ გაანეიტრალა.

ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა სახელისუფლებო დონეზე „ქართული ოცნების“ დომინირების პირობებში, ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო, ხოლო განსხვავება სახელისუფლო და ოპოზიციური კანდიდატის შედეგს შორის სულ რაღაც 1%-შეადგენს, აჩვენებს, რომ ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილი დაეკიდა.

„ქართული ოცნება“ აღმოჩნდა იმ მოკრივის როლში, რომელიც რინგზე ფავორიტად გამოვიდა, მაგრამ მეტოქისგან ძლიერი დარტყმა გამოეპარა, ნოკდაუნში აღმოჩნდა და ახლა მეორე რაუნდში ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას.

მეტოქე – „ნაციონალური მოძრაობა,“ გრძნობს რა ფსიქოლოგიურ უპირატესობას, ცდილობს პირველ რაუნდის მონაპოვარი მეორეში განამტკიცოს, ორთაბრძოლა მოიგოს და შემდეგ გადავიდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანმიმდევრულ შევიწროებაზე. სწორედ ამას ემსახურება მათი კანდიდატის მიერ დაანონსებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

თუმცა, უკვე ჩანს იმის ნიშნები, რომ მოულოდნელი წარმატებისგან ეიფორიაში ჩავარდნილმა „ნაცმოძრაობამ“ უკვე დაიწყო შეცდომების დაშვება.

მეორე ტურისათვის დამატებით ხმების მონადირებისა და პოზიციების განმტკიცებისათვის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი პატრიარქთან და ვიზიტის შედეგებზე მისთვის სასარგებლო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საპატრიარქომ უარყო, შემდეგ „რესპუბლიკელების“ შემოერთება, და ბოლოს ირაკლი ოქრუაშვილთან სტუმრობა, ნამდვილად ვერ გაზრდიდა ვაშაძის ავტორიტეტს. ვერც პოპულისტური ნაბიჯები, ( ნარკოტიკების შემნახველ-მომხმარებელთა მასობრივი ამნისტიის დაპირება და სხვა), მაფიქრებინებს, რომ ვაშაძის შტაბში ესმით, ხმების 37,74% არის მათი კანდიდატის ის მაქსიმუმი, რომელმაც მეორე ტურში შეიძლება მხოლოდ მცირედით მოიმატოს. გიგი უგულავას კრიტიკული განცხადება, რომლითაც მან ვაშაძის ოქრუაშვილთან, როგორც რუსეთის კრეატურასთან, ვიზიტი დაგმო, იყო მინიშნება, რომ „ევროპული საქართველო“ დიდად არ გაირჯება თავის ელექტორატის ვაშაძის სასარგებლოდ მობილიზებისათვის.

მეორე ტურისთვის „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის ძირითადი რესურსები ასე გამოიყურება: საინფორმაციო ომის იარაღი „რუსთავი-2,“ საკმაო ფინანსები ადამიანური რესურსის მობილიზებისათვის (ამასწინათ, ვაშაძის მთავარმა მრჩეველმა პოლიტექტნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა განაცხადა რომ მათ ქვეყნის მასშტაბით 17, 000 „მოხალისის“ მობილიზება შეძლეს), ერთგული ამომრჩეველი და პლუს სხვა პარტიებისგან მიღებული ხმების ნაწილი, მეორე ტურისათვის შემონახული კომპრომატების ახალი პორცია, „ქართულ ოცნებაზე“ გულაყრილი პასიური ამომრჩეველი, რომელიც მეორე ტურშიც შესაძლოა სახლში დარჩეს, ხელისუფლების შეცდომების ხარჯზე სიტუაციის პროვოცირება და რევოლუციური სცენარისკენ წაყვანა არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლის საბაბით. ასევე, დასავლეთის მხარდაჭერა, რომელთაც არ სურთ რომ საქართველოში ყველა სახელისუფლებო შტო ერთი პარტიის ხელში იყოს თავმოყრილი.

„ქართული ოცნებისათვის“ რომლის ლიდერიც ერთ დროს საერთოდ ოპოზიციისათვის აპირებდა საპრეზიდენტო სავარძლის დათმობას, საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლამის პოლიტიკური გადარჩენის საქმე გახდა.

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, არჩევნების მეორე ტურში„ქართული ოცნების“ გამარჯვება ან დამარცხება სწორედ ხელისუფლებაზე განაწყენებული იმ ამომრჩეველის ხელშია, ვინც ეს წყენა არჩევნებზე არმისვლით გამოხატა, ან კიდევ ემოციურ ფონზე არჩევანი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გააკეთა. თვით ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც კი აღარ არის სადღეისოდ იმ ძალის მქონე, რომ „ოცნება“ მას დაეყრდნოს. დღეს „ქართული ოცნება“ და მისი მიმდევრები აქტიურად ცდილობენ ამ ამომრჩევლის საარჩევნო ყუთებთან მიყვანას მმართველი პარტიის მხარდასაჭერად, თუმცა ქმედებები ჯერჯერობით სპონტანურია და რაც ყველაზე პრობლემური – ძალიან ტრივიალური.

არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად, მმართველ გუნდს რამდენიმე საშინაო და საგარეო დავალება აქვს შესასრულებელი. ეს დავალებები კი შემდეგში მდგომარეობს. მეტოქესთან საინფორმაციო ომის მოგება, ან მისი საინფორმაციო შემოტევების განეიტრალება, განსაკუთრებით „რუსული“ მიმართულებით. ხელისუფლებამ მოსახლეობას უნდა გასაგებად აჩვენოს, რომ მათი წუხილები და პროტესტი არა მხოლოდ გაგებულია, არამედ გზებია დასახული მათ გამოსასწორებლად. არჩევნების პირველ ტურში ხელისუფლებას აშკარად უღალატა ე.წ. „ადმინისტრაციულმა რესურსმა.“ შესაბამისად, მას მოუწევს ყველა ალტერნატიული საშუალებებით ხალხის მობილიზება. „ქართულ ოცნებას“ ასევე მოუწევს დასავლეთის დარწმუნება, რომ ქვეყანაში სტაბილურობისათვის, ვაშაძის გაპრეზიდენტება მაღალი პოლიტიკური რისკების შემცველია.

როგორც ცნობილია, მეორე ტურში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც უბრალოდ მეტოქეზე მეტ ხმას დააგროვებს. ამ კუთხით, კი ვფიქრობ „ქართულ ოცნებას,“ მაინც მეტი რესურსები და შანსები უნდა ჰქონდეს, თუკი რა თქმა უნდა, შეძლებს მათ გონივრულად გამოყენებას.

ზაალ ანჯაფარიძე

იტვირთბა....