aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა

ვინ იქნება “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი: გვარი, რომელსაც “შუშის სასახლეში” ხშირად ახსენებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა და პოლიტიკური პარტიები უკვე ნელ-ნელა ყალიბდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებს არ შეუძლია სერიოზულად შეცვალოს საერთო პოლიტიკური სურათი, პარტიებს კარგად ესმით, რომ ეს იქნება კარგი მოთელვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. თუმცა, პრეზიდენტის კანდიდატურის გაყვანა (თუკი ამას ოპოზიციიდან ვინმე შეძლებს), საკმაოდ დიდი სტიმული, საფუძველი ბერკეტი და ფორა იქნებოდა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის.

რაც შეეხება მმართველ ძალას, რომელიც უკვე გადაიღალა ვეტოებთან ჭიდილით და ზოგადად სუსტ, მაგრამ სრული ძალაუფლებისთვის საჭირო ინსტუტუციასთან ბრძოლაში, წყალივით სჭირდება პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურის გაყვანა. აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტორზე, რომ “ოცნებამ” და კონკრეტულად ივანიშვილმა, თავის დროზე, “გულითადი” კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის გაყვანით, საბოლოოდ, სერიოზული კონკურენტი გამოიცხო. ასე რომ, ივანიშვილი უნდა შეეცადოს ამჯერად, გამოცდილებაზე ისწავლოს და ისეთი კანდიდატი შეარჩიოს, რომელსაც ბოლომდე ენდობა. ესეც რომ არა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აშკარად გამოაჩინა, რომ “ოცნების” შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატების (ყოველ შემთხვევაში აქამდე დასახელებულების) მიმართ ნდობის კოეფიციენტი დაეცა, რაც ზაზა სარალიძის საქმეზე დაშვებულმა შეცდომებმაც განაპირობა. აქედან გამომდინარე, მმართველ პარტიას საკმაოდ ფრთხილად და გააზრებულად მოუწევს კანდიდატის შერჩევა. ეს კარგად ესმის ივანიშვილს და ზუსტად ვიცი, რომ დღეს შუშის სასახლეში კონსულტაციები არ წყდება.

სანამ “ქართული ოცნების” რეალურ და არარეალურ კანდიდატებზე დავწერ, მინდა მოკლედ მიმოვიხილო ოპოზიციის მხრიდან შანსებზე, პერსონებზე, რომლებსაც რეალურად აქვთ ძალა კონკურენცია გაუწიონ მმართველი პარტიის კანდიდატს.

დავიწყოთ “შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის ბოლო ინიციატივით. ყოფილმა რესპუბლიკელმა და პარლამენტის ექს-სპიკერმა ღია წერილით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს და მას ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა. უსუფაშვილს სჯერა, რომ მარგველაშვილის და მისი ალიანსით შეიქმნება “მესამე პოლიტიკური ორბიტა”, რომელიც სერიოზული ძალა იქნება პრეზიდენტის არჩევნებზე. მითუმეტეს, თუკი მათ კვირიკაშვილიც შეუერთდება, რაზეც მიდის კიდეც საუბრები, “მესამე პოლიტიკური ორბიტიდან” წამოწეული კანდიდატი, რომელიც სავარაუდოდ მარგველაშვილი იქნება, საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა უნდა აღმოჩნდეს მმართველი ძალისთვის. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს “შენების მოძრაობის” ლიდერი.

უსუფაშვილს არ ეთანხმებიან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები. მაგალითად, “ნაცმოძრაობაში” დარწმუნებულები არიან, რომ მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში საზოგადოებას დაანახა, რომ ის სუსტი ლიდერია. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ ის საკმაოდ პრინციპულია. უსუფაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ არც “ქოცებს” და არც “ნაცებს” მარგველაშვილი-უსუფაშვილი-კვირიკაშვილის ტრიო არ ეპიტნავებათ, გრძნობენ მათი მხრიდან მოსალოდნელ სერიოზულ პოლიტიკურ წინაღმდეგობას და მომავალში არ არის გამორიცხული მათ მიმართ შავი პიარიც აგორდეს.

რაც შეეხება გახლეჩილ “ნაცმოძრაობას”, ორივე ნაწილი ახლახანს შეთანხმდა, რომ მეორე ტურში ისინი მხარს დაუჭერენ ერთმანეთის კანდიდატებს. მათ მემორანდუმი გააფორმეს და პირობა დადეს, რომ არჩევნების წინ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. “ევროპული საქართველოს” კანდიდატი, დიდი ალბათობით, დავით ბაქრაძე იქნება. თუკი მათ გადაიფიქრეს, ერთადერთი პერსონა, რომელიც ბაქრაძეს ჩაანაცვლებს შესაძლოა ელენე ხოშტარია იყოს.

არც “ნაციონალურ მოძრაობაშია” დიდი არჩევანი. მათი კანდიდატი ან გრიგოლ ვაშაძე იქნება, სანდრა რულოვსი, ან ისევ ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც, სხვათაშორის, საკმაოდ კარგი რეიტინგი აჩვენა გაზეთ “მეტრონომის” მიერ ჩატარებულ ონლაინ-გამოკითხვაში. კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი ნიკა მელიაა, რომელიც საკმაოდ ქარიზმატული ლიდერია და მსგავსი ხასიათის პოლიტიკური პერსონა კარგად ჰყავს დაცდილი სააკაშვილის გუნდს, მაგრამ მისი წარდგენა ნაკლებად სავარაუდოა.

ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც თავისი მცირერიცხოვანი ამომრჩეველი ჰყავს, ასევე წარადგენს საკუთარ კანდიდატურას, თუმცა, იოლად სავარაუდოა, რომ ის სერიოზულ ამინდს საპრეზიდენტო მარათონზე ვერ შექმნის. ისევე როგორც ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი, რომელსაც 4-5 პროცენტიანი მუდმივი ელექტორატი ყოველთვის ჰყავს, მაგრამ ყველა არჩევნებში პოლიტიკურ აუტსაიდერად გვევლინება.

აღნიშვნის ღირსია ალექსანდრე ელისაშვილის კანდიდატურაც, რომელმაც დედაქალაქის მერის არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა. საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ფიგურა იგივე სიმაღლეზე ვერ უნდა ავიდეს, მაგრამ ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება პოლიტიკური მონსტრებისთვის, რომლებსაც, არაა გამორიცხული ელისაშვილმა ელექტორატის საკმაოდ მსუყე ლუკმა წაართვას.

ასეა თუ ისე, დროა, შუშის სასახლეში ყველაფერი ზუსტად გადახარშონ და ისეთი კანდიდატურა მოძებნონ, რომელიც საქილიკო არ აღმოჩნდება ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტად გაუხსნის მათ ხელფეხს მეორე ტურამდე მიაღწიონ. მეორე ტურის შემთხვევაში კი ყველაფერი მოსალოდნელია. თუკი არჩევნების წინ სრულიად ოპოზიციის გაერთიანება და ჩამოყალიბება ერთ საერთო კანდიდატზე შეუძლებელია, მეორე ტურში ავტომატური გაერთიანება გარდაუვალია, რაც საბოლოოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის “ქართულ ოცნებას”. ეს კარგად ესმის ივანიშვილს და შეეცდება ისეთი კანდიდატი იპოვოს, რომელიც პირველ ტურშივე დაამარცხებს ოპოზიციას. სხვათაშორის, ეს უკვე შეძლო კახი კალაძემ დედაქალაქის მერის არჩევნებზე, თუმცა კალაძე ამჯერად ვერ მოახერხებს მმართველი პარტიის იმ წუმპედან ამოყვანას, რომელიც ზაზა სარალიძის საქმის შემდეგ შეიქმნა. ამ წუმპეში კი ერთდროულად აღმოჩნდნენ მანამდე დაანონსებული შესაძლო კანდიდატები სოზარ სუბარი და გიორგი გახარია. დღეს კი, მათი კანდიდატურის დაყენება აშკარად წინასწარვე კრახისთვის არის განწირული და ივანიშვილს ეს კარგად უნდა ესმოდეს.

სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის დაყენება აზრისგან შორს არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ ის ივანიშვილისთვის მთლად სანდო ფიგურა ვერ უნდა იყოს. თუკი ზურაბიშვილის ახლო პოლიტიკურ წარსულს გადავხედავთ, ნათელია, რომ ის ყოველთვის დაუმორჩილებელი იყო და დამოუკიდებელ თამაშს თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისება ზურაბიშვილს დადებითად ახასიათებს, ნაკლებად მოსალოდნელია ივანიშვილმა იმ დონემდე გარისკოს, რომ ახალი მარგველაშვილის შექმნის საშიშროება შეიქმნას.

ერთ-ერთი რეალური კანდიდატი თავად ბიძინა ივანიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაზე აქცენტები ხშირად კეთდება და მას მოსახლეობაში ისეთი მაღალი რეიტინგი აღარ აქვს როგორიც ადრე ჰქონდა, “შუშის სასახლის” მფლობელს აქვს რეალური რესურსი ამ ამოცანას გაართვას თავი. მეორე საკითხია, რამდენად შეეფერება მისი პერსონა პრეზიდენტის სავარძელს და რამდენად შეძლებს ის გაართვას თავი პრეზიდენტის ინსტიტუტის მართვისთვის საჭირო მოთხოვნებს.

თუკი შუშის სასახლე ნორმალური პოლიტოლოგების, ანალიტიკოსების თუ მრჩეველების სიმცირეს არ უჩივის, მცირე ანალიზისა და ფილტრაციის შემდეგ, წესით უნდა მიხვდნენ, არსებობს თუ არა ისეთი პერსონა მმართველი გუნდის რიგებში, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ასევე გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვისაც. შეძლებენ თუ არა ისინი სიურპრიზი მოუწყონ ოპოზიციას და ისეთი კანდიდატი შეარჩიონ, რომელიც პრობლემებს შეუქმნის პირველ რიგში ოპოზიციას და მეორე რიგში, შეაძლებინებს მოსახლეობას მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და შემოხაზონ 41? პერსონა, რომლის მიმართაც გარკვეული სიმპათიები არსებობს თავად ოპოზიციის მხრიდანაც და მოსახლეობაშიც მის მიმართ პოზიტიური განწყობაა, კახი კახიშვილია, რომლის სამინისტრო გაუქმდა და რეალურად ის მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისთვის. უდავოა, მის გვარს ხშირად ახსენებენ შუშის სასახლეში და ვინ იცის, იქნებ ივანიშვილის მრჩეველებს მმართველი პარტიის წუმპიდან ამომყვანის ძებნაში, მასზე გააკეთონ კიდეც ფსონი.

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....