aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბლოგები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილის მუშტი: რა ხდება დღეს “ქართულ ოცნებაში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი ანალიზი არ სჭირდება მარტივ მამრავლებად დასაშლელად გამზადებულ “ქართულ ოცნებაში” დაწყებულ პოლიტიკურ პროცესებს. სწორი დასკვნის გასაკეთებლად 2012 წლიდან უნდა დავიწყოთ, როცა მილიარდერმა ივანიშვილმა სააკაშვილის გასასტუმრებლად გუნდის შეკვრა გადაწყვიტა და ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვასაც არ მოერიდა. პირადად მე, თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდი ეკლექტიკურად შეკოწიწებულ გაერთიანებას. თუმცა, აშკარა იყო, რომ ის არ წარმოადგენდა გრძელვადიანი პროცესებისთვის გათვლილ პოლიტიკურ ჯგუფს. ეს იყო უბრალოდ, სპონტანურად შეკრული ადამიანთა ჯგუფი მხოლოდ ერთი მიზნისთვის – მოეშორებინათ სააკაშვილის ხელისუფლება.

სააკაშვილის გადასაგდებად პოლიტიკური პარტიების გაერთიანება შედგა. ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ პროცესში “რესპუბლიკელებისა” და ალასანიას გუნდის შემოერთება იყო. ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამდა გათვალა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო პოლიტიკური ინტელექტის მხარდაჭერა. ივანიშვილის ირგვლივ შემოკრებილი პარტიების ერთობა რომ დროებით იქნებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა. ეს ივანიშვილმაც კარგად იცოდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად ის ყველაფერზე თანახმა იყო. როგორ შეიძლებოდა ივანიშვილის გაერთიანებაში მყოფი, მაგალითად თოფაძის და უსუფაშვილის, ან ალასანიას ერთობა? დროის ამბავი იყო ასეთი პოლიტიკური დიფუზიის შემდეგ ზედაპირზე გამოცდილ და აკადემიურ პოლიტიკურ ჯგუფთა ამოტივტივება. მოგვიანებით ასეც მოხდა. “რესპუბლიკელებმა” და ალასანიამ დიდხანს ვერ გაუძლეს. წითელი ხაზი მალე გამოჩნდა. ისინი წამოვიდნენ. მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო და ხვალინდელი პოლიტიკური ცხოვრების ასეთ აჯაფსანდალთან ერთად დაგეგმვა მათთვის უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა.

მილიარდერის ირგვლივ პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანების შემდეგ, ივანიშვილმა საკუთარი პარტიის “ქართული ოცნების” შექმნა გადაწყვიტა. მისი დაკომპლექტების პროცესში დაშვებული შეცდომები დღეს აშკარად გამოჩნდა. რადიკალურად საპირისპირო მსოფმხედველობის პერსონათა ერთ პარტიაში შეყვანა ივანიშვილის მთავარი შეცდომა იყო. თუკი სააკაშვილის მოსაშორებლად შექმნილი კოალიციის დაშლა ადვილად გადასატანი აღმოჩნდა, “ქართულ ოცნებაში” გაჩენილი ბზარი, შესაძლოა, საბოლოოდ სავალალო აღმოჩნდეს მილიარდერისთვის.

ლიბერალური შეხედულებებისა და კონსერვატორული აზროვნების ადამიანთა ერთ პოლიტიკურ გუნდში ყოფნა (არადა ასეთები ბევრია პარტიაში), რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. აღარაფერს ვამბობ ამ გუნდში არსებულ მწირ ინტელექტუალურ რესურსზე, რომლის ინდიკაციას პერიოდულად უკვე ახდენენ სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები და მოსახლეობის საკმაოდ მსუყე ნაწილიც. თუკი ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეს პროგრესი სჭირდება, “ქართული ოცნების” დაშლა სასარგებლოც უნდა იყოს ქვეყნისთვის. ამ გუნდში არსებობს საღი კონტიგენტიც, რომლებმაც თავის თავზე უნდა აიღონ ახალი სახეების მოზიდვის, პარტიის ტრანსფორმაციის პროცესი და პარტიის იმიჯის ზრდაზეც იზრუნონ. შესაძლოა ახალი გუნდი მომავალში ხელისუფლებაში არც იყოს, თუმცა ერთხელ და სამუდამოდ, ქართულ სინამდვილეში უნდა გაჩნდეს ანგარიშგასაწევი და აკადემიური პოლიტიკური გუნდი ბელადის გარეშე, რომელიც ქვეყანას დღემდე არ ღირსებია და რაც არის ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების გარანტი.

ახლა მოკლედ, თუ რა ხდება დღეს რეალურად “ქართულ ოცნებაში”. ბელადომანიაზე აგებულ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში მმართველი პირის ჩრდილში ყოფნამ, როგორც ჩანს, სერიოზული დაბნეულობა გამოიწვია “ოცნებაში”. ეს პროცესი ძალიან ჰგავს თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირის” დაშლის პროცესს, როცა ახალგაზრდულ დაჯგუფებას პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა და ძველგაზრდა პერსონებს ბრძოლა გამოუცხადა. განსხვავებით დღევანდელი დღისგან, მაშინ ახალგაზრდა “მოქალაქეთა კავშირში”, სააკაშვილის სახით გაჩნდა ახალი ბელადი, რომლითაც ყველაფერი “თავის ჩვეულ კალაპოტში ჩადგა”. თუმცა დღეს, ასეთი ბელადი არ ჩანს და მმართველი გუნდი ისევ ივანიშვილისკენ იხედება პოლიტიკური ვაკჰანალიის თავიდან ასაცილებლად. ამასობაში კი ამღვრეულ წყალში ახალგაზრდული ფრთა ბარიერის გარღვევას ცდილობს და უფრო მეტი გავლენის მოსაპოვებლად იბრძვის, ძველგაზრდები კი ივანიშვილის კარზე იტუზებიან და სიტუაციიდან გამოსავალს მილიარდერის მუშტის დაბრახუნებაში ხედავენ. როდის და რა ძალით დაარტყამს მუშტს ივანიშვილი მაგიდაზე, არავინ იცის, მაგრამ ანალიტიკოსებიც კი არ გამორიცხავენ, რომ თუკი დღეს, “ქართულ ოცნებაში” ვინმეს შეუძლია სიტუაცია დაალაგოს, ეს ბიძინა ივანიშვილია. გაუწევს თუ არა წინააღმდეგობას ახალგაზრდული ფრთა ამჯერად, უკვე ივანიშვილს, რთული სათქმელია, რადგან იქ ძლიერი პოლიტიკური ფიგურა აშკარად არ ჩანს.

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....