aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ახალ წლამდე პროდუქტებზე ფასები 8-12%-ით გაიზრდება“: FX Group-ის მთავარი ანალიტიკოსი „მეტრონომთან“ პროგნოზირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი და FX Group-ის მთავარი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია „მეტრონომთან“ არჩევნების შემდეგ, ლარის კურსის დოლართან გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს და კურსის ვარდნის შემდეგ, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ორ კვირაში, ფასებზე 8%-იან მატებას ვარაუდობს. მისი თქმით, ლარის გაუფასურებით მხოლოდ საბანკო სისტემა დარჩა მოგებული და ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოსახლეობა და  მცირე ბიზნესი ბანკების „საჯიჯგნად დატოვა“. მისი აზრით, ლარის კურსი დოლართან 2,65-მდე დაეცემა.

ანალიტიკოსის აზრით, საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეკონომიკის წურბელებად გადაიქცნენ: სწორედ კომერციული ბანკები განსაზღვრავენ თამაშის წესებს და ეროვნული ბანკიც მათი ინტერესების გამტარებელია – ის მათ პოლიტიკას კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ახალისებს და ხელს უწყობს.

შეგახსენებთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ლარის გაუფასურების მოწმე კიდევ ერთხელ გახდა: ზუსტად ორი თვის წინ, 24 აგვისტოს, 1 დოლარი 2,3946 ლარი ღირდა, 25 აგვისტოს ლარი 2 პუნქტით გაუფასურდა და მისი კურსი 2,4169 გახდა.

ამის შემდეგ ეროვნული ვალუტა ლამის ყოველდღიურად უფასურდებოდა და დღეს მისი კურსი უკვე 2,5402-ია. ბუნებრივია, ამ პროცესით უკმაყოფილოა მოსახლეობა და უკმაყოფილოა ბიზნესი, რომელიც კურსის მერყეობით კიდევ ერთხელ დაზარალდა.

„მეტრონომი“:  არჩევნების შემდეგ, ლარის კურსი რამდენიმე დღეა რაც გაუფასურებას განაგრძობს. გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთ პატარა რყევებზე კომენტარს არ გააკეთებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რყევები მართლაც მოკლევადიანია და დევალვაცია ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის გამოწვეული, როგორია თქვენი პროგნოზი?

ნიკა შენგელია: საქმე იმაშია, რომ ეს რყევები მოკლევადიანი არ არის და რა იგულისხმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება ლარი წლის ბოლომდე გაუფასურდეს და საბოლოო ჯამში, წლის ბოლოსთვის 2,60 გახდეს, მაგრამ  თუ ეს ხდება ნაწილ-ნაწილი ეტაპობრივად, ეს არც მოსახლეობაზე და არც საშუალო ბიზნესზე ზეგავლენას არ მოახდენს. თუმცა,  როდესაც ლარის კურსი ასე სწრაფად ვარდება და მისი რყევები საკმაოდ სწრაფია, ეს არის შეგნებული ქცევა. ამაზე ორი დომინანტი „თი-ბი-სი“  და  „საქართველოს“ ბანკი მოქმედებს. ამაზე კი ეროვნული ბანკი თვალს ხუჭავს და მათ მომსახურების სააგენტოდ არის გადაქცეული.

კურს შორის სხვაობაზე ბანკები დიდ შემოსავალს ნახულობენ, მათმა შემოსავალმა  ერთ წელიწადში 1 მილიარდ ლარამდე მოგებას მიაღწია. ეს პირდაპირპროპორციულად საშუალო და მცირე ბიზნესს ურტყამს და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებას იწვევს. საბითუმო ფასები უკვე გაძვირებულიც არის. ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა, იმპორტიორებს დაკარგული აქვთ და თუ ერთი კვირის წინ ისინი ლარის გაცვლით კურს დოლართან  2,50-ს ანგარიშობდნენ, დღეს უკვე 2,60-იან კურსს ანგარიშობენ.

ახლა, საქართველო თურქეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანას იწყებს. ჩვენს ქვეყანას თავისი არა აქვს. აქედან გამომდინარე ფასების გაძვირება უკვე დაიწყება. ჩათვალეთ, რომ იქითა კვირიდან, საცალო ფასები აიწევს.

– ფასების მატებას კონკრეტულად რამდენი პროცენტით ვარაუდობთ და როდიდან?

– სასოფლო-სამეურვეო პროდუქციაზე დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ფასები 8%-ით მოიმატებს. გაყინულ პროდუქციაზე კი 12%-იანი მატება დაფიქსირდება. საქართველოში თვის განმავლობაში 3 000-მდე ტონა გაყინული ქათმის პროდუქცია შემოდის. პროდუქტების 80%-ი სტატისტიკის მონაცემებით, უცხო ქვეყნებიდან შემოგვაქვს.

როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი დაბალი და სტაბილური ფასების შენარჩუნებააო, ძალიან გასაკვირია ასეთ პირობებში ამის გაკეთებას როგორ აპირებს.

– თქვენი პროგნოზი როგორია, ლარის კურსი უახლოეს დღეებში როგორი იქნება?

– საბოლოო ჯამში, ვვარაუდობ, რომ დოლარის კურსი 2,60 დან 2,65-მდე გაიზრდება. თუმცა, ეროვნული ბანკი მას წლის ბოლოს ჩამოიყვანს და მისი საშუალო კურსი 2,50 დან 2,53-მდე ჩამოვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ფუნქციები შეასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავისი მოსახლეობა საშუალო და მცირე ბიზნესი, ორ ბანკს საჯიჯგნად მიუგდო, რომლებიც ბლუმბერგის ტერმინალში ვაჭრობით, ლარის კურს თავის ჭკუაზე აყალიბებენ.

– ელით თუ არა, რომ პროდუქტებზე ფასების მატებასთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც გაიზრდება?

– კომუნალური გადასახადები რომ მოიმატებს ეს ცხადია. ის თანხა, რომელიც საქართველოს სივრცითი მოწყობისთვის იხარჯება, რომლებიც მსოფლიო ბანკიდან სესხის სახით იღებს, ეს ყველაფერი ქვეყანას ვალად ხომ უგროვდება. საგარეო ვალი ეს ახალი ხომ არ არის. ეს შედის დენის ტარიფში, წყლის, გაზის და აქედან გამომდინარე თითოეული ჩვენგანი ამ თანხებს ჩვენივე ჯიბიდან ვფარავთ. ტყუილია ის საარჩევნო დაპირებები, რომ კომუნალურ გადასახადებს გააიაფებენ. ეს არის ტყული წყლის ნაყვა, როგორ გააიაფებენ? იქნებ ჩვენც გვითხრან? ამ ვალებს გადახდა არ უნდა? კი, ბატონო, დენის ყიდვა იაფი ჯდება, მაგრამ გადასახადი ძვირია, რადგანაც მოსახლეობა იმ ვალებს იხდის, რასაც ჩვენი ხელისუფლება იღებს. საქართველოს საგარეო ვალმა, როგორც კომერციული ბანკების, ასევე ქვეყნების, 15 მილიარდს მიაღწია – ეს ძალიან მძიმე შედეგებია.

– ლარის კურსის ვარდნას არჩევნებს თუ უკავშირებთ? გამოითქვა ვარაუდი, რომ არჩევნებზე ხელისუფლებამ დიდ ოდენობით თანხები დახარჯა და ასევე ლარის კურსს ხელოვნურად იჭერდა. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– არჩევნებისთვის დიდი არაფერი ფული არ დახარჯულა, თუმცა  ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი განპირობებული გარემოება ესეც გახლავთ. რა თქმა უნდა, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება კურს ხელოვნურად იჭერდა.

– ეროვნული ბანკის რეზერვები 3 მილიარდი დოლარია. თქვენი აზრით, რამდენად სწორია კურსის მერყეობის დროს სავალუტო რეზერვების ხარჯვა და ზოგადად ინტერვენცია?

– საერთოდ გამართული საბაზრო ეკონომიკის დროს, ეროვნული ბანკი ლარის მცურავი კურსის დადგენაში არ უნდა ერეოდეს. ჩვენთან, ფაქტობრივად, საბაზრო ეკონომიკა არ არის და ვერცერთი ეკონომისტი ვერ მეტყვის, რომ ჩვენთან ეს ინსტიტუტი არსებობს. მაგალითად ქვეყანას არა აქვს ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ეს ბაზარი ბანკებმა ჯიბეში ჩაიდეს. ბიზნესისთვის რაიმე თანხა, რომ დაგვჭირდეს, ჩვენთვის ერთადერთი ხსნა, მხოლოდ ბანკებია. მათ გარდა, უმარავი საფინანსო ინსტიტუტები უნდა არსებობდეს, იგივე ფასიანი ქაღალდების სახით და იქიდან კომპანიებმა თანხა მიიზიდონ.

ინფლაციასთან ბრძოლის ბერკეტი ეროვნულ ბანკს მხოლოდ ერთი აქვს, ეს არის საპროცენტო განაკვეთის გაზრდა. ესეც ვერ გამოიყენა. ეროვნულ ბანკს რეფინანსირების სესხებზე პროცენტის გაზრდა მოუწევს, რადგანაც დეკემბრის 20 რიცხვიდან, პროდუქციაზე ფასები უკვე 10%-ით იქნება მომატებული. ეს უკვე ორნიშნულს უტოლდება, რომელ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ?

– ხელისუფლების განცხადებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საგარეო სექტორი მკვეთრად გაუმჯობესდა, გაიზარდა ექსპორტი, ტურიზმის შემოსავლები და გზავნილები. ამის მიუხედავად, ლარის გამყარების ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა. რატომ არ აისახა ეს ეროვნულ ვალუტაზე?  

– როდესაც ამბობენ რომ ექსპორტი გაიზარდა, აქ სრულიად სხვა რაღაცას გულისხმობენ. ესენი ადარებენ შარშან, იანვარში ექსპორტი კონკრეტულ პროდუქციაზე რამდენი იყო და არა საერთო ჯამს. მერე გამოდიან და ამბობენ, გაიზარდაო. ნეტა იმას მოვესწრებოდეთ ნახევარი მაინც იყოს.

რაც შეეხება ლარის რეალურ სტაბილურობას, ყველაზე მეტად ემიგრანტების გადმორიცხული თანხები მოქმედებს. ფაქტობრივად, ლარებში გაცემული სესხები ისევ დოლარში ხურდავდება.  მთავარი რაც ქვეყანამ უნდა აიღოს პრიორიტეტად ის არის, რომ ლარი სტაბილური იყოს.

„აწარმოე საქართველოს“ მსგავსი პროექტები ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს და უბრალოდ გლეხებს უნდა აძლევდნენ და არა ახლობელ ნათესავებს. შეამცირონ ფრინველის და სხვა ისეთი პროდუქტების შემოტანა, რომელიც საქართველოშიც შეიძლება მივიღოთ. ხალხი ხომ უფრო დასაქმდება?! ამაზე არავინ ფიქრობს, ქვეყნის ეკონომიკას ეს ორ წელიწადში დაეტყობა. მთავარია, მინიმუმ 3 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს არ ხდება. ტურისტების ქვეყანაში შემოდინება ლარს დევალვაციისგან ვერ იხსნის.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....