aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

10 დღით საპატიმროში: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასამართლომ “გირჩის” წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სამართალდამრღვევებად ცნო და 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, მას სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

“გირჩის” წევრები გუშინ, გვიან ღამით დააკავეს.  შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის უშლიდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„პოლიციის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა. სამართალდამცველებმა იგი, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 1982 წელს დაბადებული ი.ხ. და 1972 წელს დაბადებული ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თუმცა, “გირჩის” წევრების თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს შსს-მ მოქალაქე ნარკოტიკების უკანონოდ გასაღებისთვის გააჩერა, სიცრუეა. მათი ცნობით, აღნიშნულ მოქალაქეს ედავებოდნენ ნარკოტიკის მოხმარებას და არა გასაღებას, რის შემდეგაც მას ვერაფერი აღმოუჩინეს, – მოქალაქემ უარი თქვა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და მალევე გაათავისუფლეს. “გირჩის” წევრები ამბობენ, რომ შსს-მ  არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აღნიშნული ქმედება მიმართულია “გირჩის” დასუსტებისკენ.

იტვირთბა....