aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ხელისუფლების მოვალეობაა გვითხრას-ვინ იყვნენ ტერორისტები და რას გადავრჩით: გია ხუხაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კატეგორიულად მიუღებელია ის, როგორც იქცევა ხელისუფლება, რადგან საერთაშორისო სტანდარტია, რომ როცა ასეთი უბედურება ხდება, ორი რამ უნდა ითქვას მაქსიმალურად სწრაფად: ვინ იყვნენ ტერორისტები და რა გეგმები ჰქონდათ,-ამის შესახებ “მეტრონომს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შეფასებისას:

“არცერთ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს და ამიტომ შეთქმულების თეორიებს ვავითარებთ. ეს კი პირველ რიგში ხელისუფლებას აზიანებს. შეიძლება ტექნიკური დეტალები არ გაგვიმხილონ, მაგრამ საზოგადოებას პატივი უნდა სცენ და იმ ადამიანების იდენტიფიცირება მოახდინონ, ვის გამოც ასეთი მასშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა. ჩვენ ხან ჩატაევზე ვსაუბრობთ, ხან პეტრეზე-ეს კი ხელისუფლების პრობლემაა. ეს ცივილიზებულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ხელისუფლებას დიდი პრობლემები ექნებოდა. გვახსოვს ტერაქტები ევროპაში-მაშინვე ხდებოდა ტერორისტების იდენტიფიცირება და მათი გეგმების გასაჯაროება.

ჩვენ გლობალურ პრიზმაში უნდა შევხედოთ ყველაფერს-ერაყში და სირიაში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა ფაქტობრივად დასრულდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ამ დაჯგუფებაში იყვნენ, სახლში ბრუნდებიან. მათი ნაწილი ჩრდილო კავკასიიდან და რუსეთიდან იყო. ისინი ბუნებრივია პირდაპირ რუსეთში ვერ აღმოჩნდებიან და ე.წ. მწვანე დერეფნებს ეძებენ. მაღალი რისკია, რომ ეს ე.წ. მწვანე დერეფანი საქართველოც აღმოჩნდეს.

საქართველოს მხრიდან მათი აყვანა ან ლიკვიდაცია შეცდომა არ იყო, რადგან აქედან სხვა ქვეყანაში რომ გადასულიყვნენ, იმ ქვეყნიდან მძიმე ბრალდებებს მივიღებდით. ასეთი თამაშები კიდევ უფრო დიდი ხიფათის შემცველია.

მაგრამ, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვებია-თუ კვირების განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყვნენ ეს ადამიანები, სპეცოპერაცია მოულოდნელობის ეფექტით რატომ არ ჩატარდა, რატომ დახვდნენ ისინი მომზადებულები?

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რაც უფრო დიდხანს იქნებიან ჩუმად, მით უფრო მეტ დაუმსახურებელ საყვედურს მიიღებენ. მათი მოვალეობაა გვითხრან-ვინ იყვნენ ტერორისტები და რას გადავრჩით.”-განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი, არაოფიციალური ინფორმაციით, “ისლამური სახლემწიფოს” ერთ-ერთი დიდი დაჯგუფების ხელმძღვანელი, ათათურქის აეროპორტის აფეთქების ორგანიზატორი, აჰმედ ჩატაევი იქნა ლიკვიდირებული.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....