aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება სამართალი

„ციხეში სისხლის ჩანჩქერები მოდიოდა“: გვანცა ყუფარაძის ექსკლუზიური ინტერვიუ

aviabiletebi
ავიაბილეთები

კლასელის დაჭრაში მსჯავრდებული, ათწელმისჯილი 14 წლის გოგო იურისტი ციხეში გახდა

25 წლის გვანცა ყუფარაძემ წლების განმავლობაში ურთულესი პერიოდი გადაიტანა: 14 წლის ასაკში ციხეში მოხვდა, იმ დანაშაულის ბრალდებით, რომელზეც კითხვები დღემდე არსებობს. გვანცა ყუფარაძის საქმე ისევ აქტუალური სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გახადა, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის პატიმრობაში არანაირი დარღვევა არ გამოიკვეთა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველ, უჩა ნანუაშვილსაც  გაუკვირდა.

გვანცა ყუფარაძემ პირველად „მეტრონომთან“ ისაუბრა იმ ავბედითი დღის შესახებ, როცა თანაკლასელი ბიჭი დაიჭრა, მისი დახმარება სცადა, მოგვიანებით კი თავად მოხვდა ციხეში, რადგან დაზარალებულმა ხელი მას დაადო.

„მეტრონომმა“ ინტერვიუს პირველი ნაწილი მკითხველს გუშინ შესთავაზა. ციხეში გატარებული უმძიმესი წლების მიუხედავად, გვანცამ უმაღლესი განათლების მიღება შეძლო და დღეს ერთ-ერთი კერძო კომპანიის იურისტია, სამომავლოდ კი, პოლიტიკაში ჩართვასაც არ გამორიცხავს.

„მეტრონომი“: გვანცა, ციხის პერიოდი გაიხსენეთ – როგორ პირობებში მოგიწიათ პატიმრობა?

გვანცა ყუფარაძე: 10 წელი მომისაჯეს, საიდანაც 5 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში გავატარე, დარჩენილი 5 წლით კი პირობით მსჯავრს დავექვემდებარე.  14 წლის ვიყავი, როდესაც იქ მოვხვდი და 19 წლის ვხდებოდი, ციხიდან რომ გამოვედი. თავიდან ე.წ. „კაპეზეზე“ შემიყვანეს, 3 დღით, სადაც ისეთი სიტუაცია იყო, ალბათ ჯოჯოხეთი თუ იქნება მსგავსი: სველი წერტილი იყო აბსოლუტურად ღია, ნოემბერში გათბობა არ ჰქონდათ და ყინავდა, საშინელი ანტისანიტარია და დამოკიდებულება იყო… საკანში სრულწლოვნებთან ერთად შემიყვანეს, არადა, წესით, არასრულწლოვანი ცალკე, ან არასრულწლოვნებთან ერთად უნდა განათავსონ. იქ არ შეიძლებოდა ადამიანის და არანაირი არსების ყოფნა. გამომძიებელი სისტემატიურად მიმეორებდა, – აღიარე, პირობითით გაგიშვებენ, თორემ აქ ცხოვრებას დაინგრევო. მის მუქარანარევ რჩევაში იყო სიმართლის ნაწილი, თუმცა, მის მიერ შემოთავაზებული გზა იმაზე უკეთესად არ მიმაჩნია, რაც გავიარე. თუმცა, ეს  ჩემი აზრია.

ამის შემდეგ ქალთა დაწესებულებაში გადამიყვანეს, სადაც არასრულწლოვანთა განყოფილება არ იყო. მაშინ აკავებდნენ არასრულწლოვნებს, მაგრამ მათთვის ცალკე ადგილი არ ჰქონდათ. 14 წლის ასაკის მსჯავრდებული მანამდე არ ჰყოლიათ და არც იცოდნენ რა ექნათ, სად წავეყვანე. ბოლოს გადაწყვიტეს და „საუკეთესო გამოსავლად“ 10-კაციან კამერაში განთავსება გადაწყვიტეს. მათი აზრით, იქ „უფრო მომაქცევდნენ ყურადღებას“, რეალურად კი ეს ბევრად სტრესული იყო.

– როგორ მოგაქციეს იქ ყურადღება? რატომ იყო სტრესული?

– იქ ძალიან რთული ვითარება იყო…. ამის შემდეგ, ჩემი ოჯახი და ადვოკატი დაჟინებით ითხოვდნენ, რომ ცალკე კამერაში გადავეყვანე ადმინისტრაციას, რადგან აშკარა დარღვევა იყო 14 წლის ასაკში ჩემი იქ მოთავსება. 20 კვადრატში 10-ზე მეტი ადამიანი ვიყავით… ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ყურამდეც მივიდა, ამიტომ, რამდენიმე თვის შემდეგ, დაშალეს 6-კაციანი კამერა და იქ მომათავსეს, გარედან კი ფურცელზე, პრინტერით ამობეჭდილი წარწერა მიამაგრეს – „არასრულწლოვანთა განყოფილება“…

როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებაში საუბარია, რომ ,,დარღვევას შემდგომში რეაგირება მოჰყვა,“ ამის შემდეგ, როგორ დავიჯერო, რომ სტრასბურგის მოსამართლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ეს საქმე. მსგავს საქმეებზე, მათ მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებებში პირდაპირ არის მოცემული, რომ არ შეიძლება არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ერთსა და იმავე სივრცეში (ერთ შენობაში) იყვნენ განთავსებულნი. უფრო მეტიც, გარკვეულ პერიოდებში, როდესაც კამერების გადატვირთვა ხდებოდა, ამ „არასრულწლოვანთა განყოფილებაში“ შემოჰყავდათ სრულწლოვნებიც. მათ (სტრასბურგში) ყოველივე ამის შესახებ ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია და მტკიცებულებები.

როდესაც ვინმე ვენას გადაიხსნიდა, ხდებოდა ჩხუბი, ან სჯიდნენ ვინმეს, შენობის  დერეფნები სისხლით იყო სავსე. სწორედ ამიტომ არის საჭირო არასრულწლოვნების გამიჯვნა, რომ  ისინი სხვა გარემოში იყვნენ.

საერთო საშხაპეში წარმოუდგენელი პირობები იყო. სველი წერტილები სულ იჭედებოდა. „იუნისეფის“ წარმომადგენელმა თავისი თვალით ნახა, როცა სველ წერტილებში შესვლა ითხოვა, თუ რა საშინელი ანტისანიტარია იყო – გამოჟონილი ფეკალიები თითქმის ერთ მეტრზე იყო ასული, ეს ყველაფერი კი, ამ ე.წ. ,,არასრულწლოვანთა განყოფილებაში“ ხდებოდა.

დღეში ერთი საათი მქონდა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა, დაცემენტებულ ოთახში  რომელსაც სახურავი არ ჰქონდა და იქიდან შემოდიოდა ჰაერი. (ე.წ.  ,,პრაგულკა“).

მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩემი მშობლები, რომ ვინმეს ე.წ. „ზონაზე“ არ გადავეყვანე. „ზონა“ ეს არის ღია სივრცე, სადაც საკნები არ იხურება, თანამშრომლები კამერებს არ აკონტროლებენ და პატიმრებს ერთმანეთთან ურთიერთობა – კონტაქტი შეუძლიათ… რამდენჯერაც პრესაში რამეს დაწერდნენ ჩემზე, ან ადვოკატი ზედმეტად იაქტიურებდა, მემუქრებოდნენ, რომ „ზონაზე“ გადამიყვანდნენ. სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილმა სარჩელმა დიდი გაღიზიანება გამოიწვია – ანუ, ჩვენ გვიჩივიო. ამ ყველაფრის შემდეგ, მე ნამდვილად არ მჯერა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა ეს საქმე დეტალებში გაიარეს და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჩემს საქმეში არანაირი დარღვევა არ იყო. არ ვამბობ, რომ სტრასბურგი ვინმემ მოისყიდა, ან იქაური მოსამართლეები არაობიექტურები არიან. უბრალოდ, არ მჯერა, რომ მათ დეტალურად შეისწავლეს ჩემი სარჩელი. ამას აქვს მთელი რიგი საფუძვლები, – სტრასბურგის სასამართლოში, ქვეყნის წარმომადგენელ მოსამართლეს ძალიან დიდი როლი აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა – არა გადამწყვეტი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გადატვირთულია ეს სასამართლო (მაგალითისთვის, ჩემი საქმის განხილვას თითქმის 9 წელი დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეშე წესით ვითხოვდით განხილვას, რადგან არასრულწლოვანი ვიყავი), როგორც ჩანს, დეტალებში არ შედიან და ნდობა დამყარებულია ქვეყნის წარმომადგენელ მოსამართლეზე, რომელიც აკეთებს ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, სიტუაციის, კანონმდებლობის შესახებ პრეზენტაციას. ეს რეგლამენტით არის გათვალისწინებული. თუმცა, სასამართლო მაინც უნდა შევიდეს დეტალებში და ბრმად არ ენდოს ამ დასკვნას. მე სწორედ ამ ნაწილში ვხედავ შეუსაბამობას, მიჩნდება კითხვები. გადაწყვეტილებაში,  ხშირად გვხვდება ასეთი ფრაზა: ,,შესაბამისობაში ქართულ კანონმდებლობასთან.“ მაშინ, როდესაც ეს ასე არ არის. მე არ მჯერა იმის, რომ მოსამართლეებმა ეს საქმე დეტალურად შეისწავლეს და ობიექტურად არ, ან ვერ შეაფასეს ვითარება. ისინი, დეტალებში არ შესულან. იმის მიუხედავად, რომ ნონა წოწორიაა საქართველოს წარმომადგენელი, მაინც არ მჯეროდა, რომ ამხელა ინსტიტუციაზე ვინმეს გავლენის მოხდენა შეეძლო. სამწუხაროდ, შევცდი. სტრასბურგის გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე ზედაპირული განხილვის შედეგია, რაც ქალბატონი წოწორიას მიმართ სხვა მოსამართლეების ნდობით არის განპირობებული. ნონა წოწორია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაინიშნა სტრასბურგში. ის მათთან დაახლოებული პირია.

– როგორ მოახერხეთ ციხეში ყოფნისას იურიდიული განათლების მიღება და საერთოდ, რატომ დაინტერესდით ამ პროფესიით?

– ციხეში ძალიან დაძაბული გარემო იყო, მაგრამ არსებობდა ერთი ადამიანი, ციხის თანამშრომელი, სმენის უფროსი, რომელიც მთელი პატიმრობის პერიოდში ჩემზე ზრუნავდა და ადამიანურად მექცეოდა. ხშირად მესაუბრებოდა. საბოლოო ჯამში, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ის პროფესიით იურისტია და ერთხელ ვუთხარი, რომ მადლობას გადავუხდიდი იმით, რომ მეც იურისტი გავხდებოდი. მაშინ გაეღიმა ამაზე და ეს სერიოზულად არ მიიღო. დაპირება შევუსრულე.

დღეს რომ იურისტი ვარ, „იუნისეფის“ – გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის დამსახურებაც არის, რადგან, რომ არა ისინი და მათი მოთხოვნა მაშინდელი მთავრობის მიმართ, ციხეში განათლების მიღებას ვერ მოვახერხებდი. მე საკანში ჩემით დავიწყე სწავლა, რადგან განათლების მიღების უფლება წლების განმავლობაში მეზღუდებოდა. ესეც უნდა იცოდეს წესით სტრასბურგმა, რომ დარღვევაა… ჩემი მშობლები ითხოვდნენ, რომ ციხეში რეპეტიტორები შემოეყვანათ ჩემთვის, მაგრამ უფლება არ მისცეს. დედა მათემატიკოსია და ყოველდღე, ამანათი შემოჰქონდა ჩემთვის, საიდანაც მიგზავნიდა წიგნებს, დავალებებს, რომ ამომეხსნა.  ვკითხულობდი  ბევრს. მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც დამაპატიმრეს და 4 წლის პროგრამა მქონდა გასავლელი. უნისეფის დაფინანსებით, გამოიყო ერთი ოთახი ციხის ტერიტორიაზე და აიყვანეს პედაგოგები, სადაც სხვადასხვა ასაკის მსაჯვრდებულებს, ჩემი დაპატიმრებიდან 3 წლის შემდეგ, შეგვეძლო შესვლა და განათლების მიღება. იქ სკოლის ატესტატის აღებისთვის ვემზადებოდი. შედეგად, ოთხი წლის პროგრამა  ჩავაბარე. შემდეგ, ეროვნულ გამოცდებზე გავედი, რის შედეგადაც, პენიტენციალური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, უნივერსიტეტში განვაგრძე სწავლა.

უნდა მესწავლა, სხვა გზა არ მქონდა. სხვაგვარად საკუთარ ცხოვრებას ვეღარასდროს დავიბრუნდებდი…

– მინისტრს, თეა წულუკიანს როგორ დაუმეგობრდით? ფაქტია, რომ ქალბატონი თეა თქვენ საქმეზე კომენტირებისას, ყოველთვის თქვენ მხარეს იჭერს. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც კი აღნიშნა, რომ ეს სამწუხარო დასკვნა იყო. იუსტიციის სამინისტორში სტაჟიორად მიგიღოთ. როდის გაიცანით?

– ის ჩემი მეგობარი არ არის. ქალბატონი თეა ჩემთვის დიდი ავტორიტეტია და ბევრ საკითხში ძალიან სამაგალითო ადამიანი – ამ კუთხით შეგვიძლია ვისაუბროთ მეგობრობაზე.

იყო ვერსიები, თითქოს თეა წულუკიანი ჩემი ნათესავია. სხვები კი ამბობდნენ, თითქოს ჩემს საქმეზე სარჩელი მან შეადგინა და გადააგზავნა სტრასბურგში. ეს ყველაფერი სასაცილოა, უბრალოდ აბსურდია! ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად შეიძლება.

გარდა იმისა, რომ ჩემმა მშობლებმა და ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვიტეს საქმის გადაგზავნა, იმავდროულად, ყველა ლოკალურ შესაძლებლობას იყენებდნენ – საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე, იმ ეტაპზე, ქალბატონი თეა ახალი დაბრუნებული იყო საქართველოში და წარმოადგენდა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ მოწვეულ მრჩეველს, როგორც დარგის ექსპერტს. მათი ინიციატივით შედგა კომისია, რომელიც იღებდა განცხადებებს იმ საქმეების აღრიცხვისათვის, რომელშიც იკვეთებოდა აშკარა დარღვევები. მათ შორის მოხვდა ჩემი საქმეც. დღესაც კარგად მახსოვს, როგორი ემოცია მქონდა, როდესაც მამამ მითხრა, საზღვარგარეთიდან სერიოზული ექსპერტი იყო ჩამოსული, რომელმაც  ჩემს საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დარღვევები აშკარა იყო. ქალბატონი თეა, წლების განმავლობაში, სხვა საქმეებთან ერთად, ჩემ საქმეზეც იბრძოდა. ის მაშინაც ჩემს გვერდით იყო, როდესაც ციხიდან გამოვედი და მშობლებთან ერთად დამხვდა, რომ მოელოცა გათავისუფლება. თეა წულუკიანი ადამიანების მიმართ თანადგომით ყოველთვის გამოირჩეოდა. ვფიქრობ, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, ის ასეთია. ის არ გახლავთ ჩემი ახლობელი, მაგრამ იმაზე მეტად დამიდგა გვერდით, ვიდრე ბევრი მათგანი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ ლოგიკურია, რომ ჩემთვის ის  პიროვნულად  ძვირფასი ადამიანია.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ჩემ სტაჟირებას, ეს კანონის სრული დაცვით მოხდა. კვლევითი პრაქტიკა გავიარე, ანაზღაურების გარეშე.

მანამდე შსს-ში გავიარე კვლევითი პრაქტიკა. ამავე პერიოდში დავასრულე სწავლების მეორე საფეხური და მივიღე მაგისტრის ხარისხი. ახლა კერძო კომპანიაში იურისტად ვმუშაობ.

ჩემთვის მტკივნეულია, რომ ჩემს საქმეს იუსტიციის მინისტრის საწინააღმდეგოდ აქტიურად იყენებენ.

– მიუხედავად ურთულესი ისტორიისა, წარმატებას მიაღწიეთ. სოციალურ ქსელში  თამამი განცხადებებით გამოირჩევით – პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ აპირებთ?

– ვერ ვიტყვი, რომ წარმატებული ვარ, მაგრამ არც ის მინდა, რომ უმადური ვიყო ცხოვრების მიმართ, ყველაფრის მიუხედავად. არიან ადამიანები, ვისი ცხოვრებაც ბევრად რთულია, ვიდრე – ჩემი. არჩევანი ყოველთვის არსებობს და მე ორი ალტერნატივა მაქვს: დავნებდები, ან შევეცდები დადებითად განვვითარდე.  მე მეორე ვარიანტი ავირჩიე. რაც შეეხება პოლიტიკაში მოსვლას, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა – სამომავლოდ.

ამ ეტაპზე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიისგან, რომელიც მმართველ გუნდს არ მიეკუთვება,  მაქვს შემოთავაზება, მაგრამ პოლიტიკაში აქტიურ გამოჩენას ამ ახლა არ ვგეგმავ.

ყველას მიმართ მაქვს პასუხისმგებლობა, ვისაც ჩემი სჯერა ადამიანურად და ელის, რომ წარმატებას მივაღწევ. მათ ამ მოლოდინს აუცილებლად გავუმართლებ.

მანა ნოდია

იტვირთბა....