aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ციანიდის საქმის ქრონოლოგია: მამა გიორგის ამბავი, რომელმაც შესაძლოა ირაკლი შოთაძის სკამი შეიწიროს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პატრიარქის ბერლინიდან დაბრუნებამდე საათებია დარჩენილი და ე.წ. ციანიდის საქმეს, სავარაუდოდ, მეტი ნათელი მოეფინება, რადგან პროკურატურა მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის შესახებ მეტი ცნობის გასაჯაროებას, სწორედ უწმინდესის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გეგმავს.

მანამდე კი „მეტრონომი“ გთავაზობთ ქრონოლოგიას, თუ რა განცხადებები გააკეთა უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და იკვეთება თუ არა პროკურატურის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ნიშნები, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ.

მთავარი პროკურატურა 2017 წლის 13 თებერვალს, მაშინ როცა პატრიარქი გერმანიაშია და ოპერაციას იკეთებს, მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

”2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერებისციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს თხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ .მამალაძე ამზადებდა ერთერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერებაციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.“- ნათქვამია უწყების პირველ განცხადებაში.

ამ საქმეს, 2017 წლის 13 თებერვალს, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„მტკიცებულებებით რამდენიმე ვერსიაა გამოკვეთილი და მიმდინარეობს ძიება. ვის მიმართაც იქნა მტკიცებულებები მოპოვებული, პასუხისგებაშია მიცემული. ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა ახლაც უსაფრთხოების ზომები და საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება და შეიძლება ინფორმაციის გასაჯაროებამ ეს დააზიანოს. გრძელდება მოწმეების დაკითხვა. “ – განაცხადა შოთაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა მანამდეც პატრიარქის მოწამვლის მცდელობა, შოთაძემ უპასუხა, რომ მას არ დაუსახელებია, რომ საქმე პატრიარქს ეხებოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ  პროკურატურას მსგავსი სახის საქმესთან აქამდე შეხება არ ჰქონია:

“ამ სისხლის სამართლის საქმეს არანაირი გრიფი არ ადევს. გამოძიების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გექნებათ, მაშინ, როცა ეს არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს. ”

დანაშაულის მოტივზე პროკურორმა უპასუხა, რომ ის სავარაუდოდ ანგარებით ნიშნებს შეიცავს:

” ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, დანაშაული შეიცავს ანგარებით მოტივს. ”

მთავარი პროკურორის განმარტებით, გიორგი მამალაძე იმ პირმა გათქვა, რომელიც შხამიანი ნივთიერების მოპოვებაში შუამავალი უნდა ყოფილიყო:

“კონკრეტული პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მკვლელობის მომზადების საქმეზე. მიმდინარეობს გამოძიება თუ როდის მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და რა მიზნით ინახავდა კონკრეტული პირი მას. როცა გავიგეთ რომ ეს პირი გერმანიაში გაფრენას გეგმავდა, დავგეგმეთ საგამოძიებო მოქმედებები, რადგან, ჩვენი ინფორმაციით, საფრთხე ექმნებოდა უმნიშვნელოვანეს ადამიანებს.  შესაბამისად, პრემიერის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს დაცვის უფროსი, მის თანამშრომლებთან ერთად, გაემგზავრა გერმანიაში, რათა უზრუნველყოფილიყო პატრიარქის უსაფრთხოება.

სოსო ოხანაშვილის (პატრიარქის დაცვის უფროსი)  დაკითხვა ლოგიკური იყო, რადგან ის პატრიაქრის დაცვის უფროსია და რა წვდომა ჰქონდა კონკრეტულ პიროვნებას (გიორგი მამალაძესპატრიარქთან, ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა მისი გამოკითხვა.

როცა გიორგი მამალაძემ შხამიანი ნივთიერების მოპოვებაზე დაიწყო მუშაობა, ჩვენ საწყის ეტაპზევე ჩავერთეთ ამ დროს, ვინაიდან მოგვმართა მოქალაქემ, რომელსაც დეკანოზის მოსაზრებით, შუამავლობა უნდა გაეწია ამ შხამიანი ნივთიერების მოპოვებაში. “- განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, ბრალდებული გიორგი მამალაძე დუმილის უფლებას იყენებს.

მთავარი პროკურორის ბრიფინგის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან; აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაულიეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე და მათ თავიდან აგვაცილეს ეს დიდი უბედურება. პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას. გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა. მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა.” – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ცოტა ხანში, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც ისაუბრა ჟურნალისტებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე:

უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა მადლობა მოვახსენო შესაბამის სამსახურებს, დაველოდოთ გამოძიებას და სხვა დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ერთი რაც მინდა ვთქვა, ყველა დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, კანონის წინაშე უმკაცრესად იქნება დასჯილი. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს გავიგებთ, თუმცა, ცხადია, რომ კონკრეტული პიროვნება, მამალაძე, კონკრეტული საწამლავით მიემგზავრებოდა გერმანიაში, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება”, – განაცხადა კალაძემ.

ამ განცხადებების შემდეგ საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა მიიჩია, რომ საქმე ეხებოდა პატრიარქის მოწამვლის მცდელობას. თუმცა, გაზეთი „რეზონანსის“ სტატიამ, სათაურით, ”პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა”, ე.წ. ციანიდის გაუგებარ საქმეს კიდევ მეტი ბუნდოვანება შესძინა. სტატიაში ნათქვამი იყო: პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალიერთერთი პირისმკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არაპატრიარქის, – აცხადებენ “რეზონანსთან” საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ – პატრიარქი.

მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ,” – განგვიცხადეს მთავარ პროკურატურაში, სადაც აღნიშნავენ იმასაც, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი, საუბარიაერთერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან”.

კონკრეტულად ბრალდებაში ვისზეა საუბარი, ამის შესახებ პროკურატურაში არ საუბრობენ, თუმცა, დიდი ალბათობით საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე.“- წერდა „რეზონანსი“.

გამოცემის სკანდალურ სტატიას მალევე პროკურატურის პასუხი მოჰყვა:

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს. ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. პროკურატურა საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს აცნობიერებს, თუმცა შესაძლო მსხვერპლთა ვინაობის შესახებ ან ვერსიებზე, რომლებზეც გამოძიება მუშაობს, ხსენებული ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. შესაბამისად გთხოვთ იხელმძღვანელოთ პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით. ვერსიების გადამოწმების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. მას შემდეგ, რაც დასრულდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მოიხსნება გამოძიებისთვის საინტერესო პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს. ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ჩატარებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები, რომლებზეც დანიშნულია სათანადო ექსპერტიზა.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების მიერ კვლავ საკმაოდ დამაბნეველ განცხადებას, მთავარი პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის განმარტება მოჰყვა, რომელმაც ტელეკომპანია „იმედთან“ ციანიდის საქმე კიდევ უფრო მეტ ბურუსში გახვია. პროკურორის მოადგილის განცადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი 16 თებერვალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ახსენა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ფრაზა ნახსენები  საჩივრის ავტორის განცხადებაში იყო.

მისივე თქმით, საქმეში არსებობს ფარული ჩანაწერები და საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ გერმანიაში მყოფ პირებს, სადაც კათოლიკოსპატრიარქი ოპერაციას იკეთებდა, საფრთხე ნამდვილად ემუქრებოდათ და ეს საფრთხე სახელმწიფომ თავიდან აიცილა. თუმცა კითხვაზე, იყო თუ არა დანაშაულის სამიზნე უწმინდესი ილია მეორე, ვასაძემ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შეკითხვას ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ უპასუხებს.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, საგამოძიებო უწყება მტკიცებულებების ნაწილს გამოაქვეყნებს პატრიარქის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

პატრიარქი დღეს, 18:00 საათზე ბრუნდება საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საქმის ახალ დეტალებს პროკურატურა, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გაავრცელებს.

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.

იტვირთბა....