aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

„ჩვეულებრივი მონები ვართ“: რატომ არ რთავენ მძღოლები კონდიციონერს სამარშრუტო ტაქსებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზაფხულის პერიოდში კონდიცირების საკითხი გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ „მეტრონომმა“ გადაწყვიტა დეტალებში გარკვევა. ფაქტია, რომ რიგ ყვითელ ავტობუსებში კონდიცირების სისტემა საერთოდ არ მუშაობს, ან მძღოლები საწვავის დაზოგვის მიზნით მიზანმიმართულად არ რთავენ.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ პირველი ივლისიდან მძღოლებს კონდიციონერების ჩართვას ავალდებულებს, მძღოლები მგზავრების კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, კონდიციონერს მაინც არ რთავენ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია, რომ მათ ზაფხულის დადგომამდე სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზები გამოასწორა და ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი გამართულად მუშაობს.

ამასთან, კომპანია მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს შეუმცირებს. „თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე – 2 200 340.

„კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს.

იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვა; მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მეტრონომმა“ გადაწყვიტა შეემოწმებინა ქალაქში არსებული სიტუაცია და რამდენიმე სამარშუტო ტაქსის მძღოლს და მგზავრებს გაესაუბრა. აღმოჩნდა, რომ მთელი დღის განმავლობაში მძღოლების უმეტესობას სამარშუტო ტაქსში კონდიციონერი ჩართული არა აქვს. მძღოლებს კომპანიის დავალების საპასუხოდ თავიანთი არგუმენტები მოაქვთ.

როგორც „მეტრონომთან“  საუბარში აცხადებენ, სამარშუტო ტაქსების ნაწილში გამაგრილებელი სისტემა გაფუჭებულია. N 77-ის სამარშუტო ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ  ,,თბილისის მიკროავტობუსი” მძღოლებს ავალდებულებს, ნებისმიერი გაუმართაობა ე.წ. ,,გარაჟში” მოაგვაროს, სადაც მომსახურებისთვის გაცილებით მაღალ საფასურს იხდიან.

გარდა ამისა, მძღოლები აღნიშნავენ, რომ ავტომობილების გაუმართაობის გამო, გამაგრილებელი სისტემის ჩართვით ძრავს დამატებითი ძალა ადგება და მათი ინფორმაციით, ამ მიზეზით, მოტორის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა. როგორც მძღოლები ამბობენ,  მისი შეკეთების ხარჯებს კომპანია არ ანაზღაურებს.

„არ არის მართალი, რომ კონდინციონერები მუშაობს და ჩვენ არ ვრთავთ. მანქანების დიდ ნაწილში მწყობრიდანაა გამოყვანილი სისტემა, თორემ მთელი სამუშაო დღის ამ სიცხეში გატარება არც ჩვენ გვეხალისება. მოძველებულია ,,მარშუტკები”, გავაკეთებთ თუ არა, ყველაფერი მალევე ფუჭდება. ხარჯი იზრდება, მაშინ, როდესაც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” იჯარის გადასახადს არ გვიკლებს.

ხარჯი განსაკუთრებით იმატებს ზაფხულის პერიოდში, როცა მგზავრთა ნაკადი ნაკლებია, მძღოლებს კი კონდიციონერის ჩართვას გვავალდებულებენ. კონდიციონერი საწვავის ხარჯს 15-20 ლარით ზრდის, როცა კომპანიამ მხოლოდ 2-3 ლარით დაგვიკლო მოსაკრებელი. მძღოლებმა  ვთხოვეთ ხელმძღვანელობას, რომ ცოტა კიდევ დაგვიკლონ მოსაკრებელი, რადგანაც ზაფხულში მგზავრების ნაკლებობა გვაქვს. მათ შემოგვთავაზეს, რომ მგზავრობის საფასური გაგვეზარდა. ჩვეულებრივი მონები ვართ, ჩვენი დარდი არავის აქვს. საშინელი ხელშეკრულებები გვაქვს დადებული. ცალკე ბანკის ვალები გვახრჩობს. სამსახურიდან რომ წავიდეთ, რა გავაკეთოთ, შიმშილით დავიხოცოთ?!“, – განაცხადა „მეტრონომთან“ საუბარში N77-ის მძღოლმა.

„თბილისის მიკროავტობუსში” არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამაგრილებელი სისტემა რომელიმე სამარშუტო ტაქსში არ მუშაობს. მათი განცხადებით, იმ შემთვევაში თუ მანქანაში არ არის გამართული კონდინციონერი, ის ხაზზე ვერ გავა.

„ყველა მანქანა შემოწმებულია. კომპანიამ  ჩადო ინვესტიცია და ზაფხულის დადგომამდე მიკროავტობუსები საკუთარი ხარჯებით გაარემონტა. ამ ეტაპზე მონიტორინგის ჯგუფი ავტოსადგომებზე მუშაობს და ტრანსპორტი, რომელშიც კონდინციონერი გაფუჭებულია ხაზზე არ გადის.” – აღნიშნავენ თბილისის მიკროავტობუსში.

კომპანიის განცხადებით, თბილისის მერის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების მხოლოდ 20%-ში.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები გამორთული ექნებათ. კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

კომპანიასა და მძღოლებს შორის დაუსრულებელი დავა და პრობლემები წლების განმავლობაში გრძელდება. ამ დაუსრულებელ კინკლაობაში კი თბილისის მცხოვრებლები ზარალდებიან. „მეტრონომთან“ მგზავრები როგორც მძღოლებს, ასევე კომპანიას ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მგზავრი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მან კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვა არაერთხელ სცადა, თუმცა ნახევარი საათის განმავლობაში არავინ უპასუხა. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში სამარშუტო ტაქსიდანაც ჩამოვიდა. „მეტრონომმა“, დღის განმავლობაში სპეციალური დაკვირვება მოაწყო.  გაჩერებაზე დგომის პერიოდში 12 სამარშუტო ტაქსი დავთვალეთ, რომელსაც, პაპანაქება სიცხეში ფანჯრები ღია ჰქონდა და კონდიციონერი ჩართული არ იყო.

„N109 სამარშუტო ტაქსით ვიმგზავრე, სადაც კონდიციონერი ჩართული არ იყო. ტრანსპორტი ხალხით იყო გატენილი, ყველას ოფლი გასდიოდა, მაგრამ ხმას არვინ იღებდა. მძღოლს დავუძახე და ვუთხარი კონდიციონერს არ ჩართავთ-თქო? გაბრაზებული ხმით მიპასუხა, ფანჯრები დახურონ და ჩავრთავო. დავხურეთ, მაგრამ კონდიციონერის მაგივრად ვინტილაცია ჩაგვირთო, უფრო გაგვგუდა. მგზავრებმა აქეთ ხვეწნა დაუწყეს გამოერთო, ისევ ფანჯრების გაღება გვერჩივნა. მძღოლმაც, ხომ გითხარით, ვერ აგრილებსო და კმაყოფილი სახით გადმოგვხედა. ასეთი სიტუაციაა მთელი დღის აგნმავლობაში ყველა სამარშუტო ტაქსში“. – აცხადებს ჩვენთან საუბარში მოქალაქე ნაზიბროლა მამალაძე.

„ცხელ ხაზზე დარეკვა არა ერთხელ ვცადე, მაგრამ კაციშვილი არ მპასუხობს. ეს მონიტორინგიც ერთ დღეს მოხდა და მორჩა. თანაც როგორც გავიგე, როცა მონიტორინგს ატარებს მერია, ან  კომპანია, მძღოლებმა იციან და იმ დღეს კონდიციონერს რთავენ და მერე ისევ იგივე გრძელდება. მძღოლების ხშირ შემთხვევაში მესმის, როცა ზაფხულში მგზავრები არ ჰყავთ, ხარჯი ემატებათ და კონდიციონერის ჩართვა, სახლში უფულოდ მისვლას ნიშნავს. ეს პრობლემები აღარასდროს დასრულდა“, – ამბობს „მეტრონომთან“ მამალაძე.

„თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიის ცხელი ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. კომპანიაში იმ მგზავრების პრეტენზიებს პასუხობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვა შეუძლებელია.

„დილიდან ჩვეულებრივად შემოდის ზარები და ოპერატორები მომხმარებლებს პასუხობენ. დაკავება შეიძლება იყოს. ჩვეულებრივად მუშაობს ცხელი ხაზი, ძალიან დატვირთულია და იმიტომაა დაკავება“,-განუცხადეს „მეტრონომს“ „თბილისის მიკროავტობუსში“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი  

იტვირთბა....