aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მედია მთავარი საზოგადოება

„ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ თანამშრომელთა ნაწილს ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაემშვიდობება“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილთან

საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემა „ვექტორის“ ავტორი ირაკლი ტაბლიაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თვითმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, ალბათ მოხდება ტელევიზიის თანამშრომლების უმრავლესობის სამსახურიდან გათავისუფლება.

ტაბლიაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი, სარგებლობს ე.წ. მუდმივი, ხოლო თანამშრომლების მეორე ნაწილი – დროებითი კონტრაქტით .

ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან „მოამბის“ გარდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა იხურება, ამ თანამშრომლების მნიშვნელოვან ნაწილს, ტელევიზიის ხელმძღვანელობა სთავაზობს გადასვლას სხვა სამსახურებში. თუმცა, პირველი ნოემბრიდან მათი ბედი მაინც გაურკვეველი რჩება.

ჟურნალისტის თქმით, გარდა სხვა მიზეზებისა, ამის გამოც უთხრა მან უარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას საარჩევნო თემატიკაზე გადაცემის პროდიუსერობაზე. ტაბლიაშვილი ამბობს, რომ მისი ვარაუდით, არჩევნების შემდეგ მას სამსახურიდან მაინც გაათავისუფლებდნენ.

მეტრონომი: რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში და რას გულისხმობთ, როდესაც  აცხადებთ, რომ თუ ტელევიზიის თანამშრომლები „კარგად მოიქცევიან“ მათ, შეიძლება, კონტრაქტი გაუგრძელონ?

ირაკლი ტაბლიაშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი, სარგებლობს ე.წ. მუდმივი კონტრაქტით, ხოლო თანამშრომლების მეორე ნაწილი  – დროებითი კონტრაქტით. ვინაიდან „მოამბის“ გარდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემა 17 ივლისიდან იხურება, თანამშრომლების მნიშვნელოვან ნაწილს, ტელევიზიის ხელმძღვანელობა   სხვა სამსახურებში გადასვლას სთავაზობს.

რა იგულისხმება სხვა სამსახურებში გადასვლაში?

– ჩემ შემთხვევაში შემომთავაზეს ის გადაცემა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე არჩევნების თემაზე მომზადდება და ეთერში სექტემბრის დასაწყისიდან განთავსდება. ადამიანებს, რომლებსაც მუდმივი, ან დროებითი კონტრაქტები აქვთ, საარჩევნო თემატიკის გადაცემაში დასაქმებას სთავაზობენ.

– არჩევნების შემდეგ რა იქნება? ანუ, თქვენ ტელევიზია უნდა დაგეტოვებინათ ამ გადაცემის დასრულების შემდეგ?

– იმის თქმა, რომ მე აუცილებლად დავტოვებდი მაუწყებელს, არ შეიძლება, მაგრამ, მაღალი იყო ამის ალბათობა და, შესაბამისად, ამიტომაც ვუწოდებ მე ამას დასაქმებას და არა სამსახურს.

ის, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობა გვთავაზობს დროებით, დროით  შემოფარგლულ საქმიანობას და არაფერს გვეუბნება თემაზე – რა მოხდება თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, მაფიქრებინებს, რომ მაუწყებელი გაწყვეტს ურთიერთობას თანამშრომელთა უმრავლესობასთან, დამოუკიდებლად იმისა, ვის აქვს დროებითი და ვის – მუდმივი კონტრაქტი.

თანამშრომელთა დიდი ნაწილი ამ პირობებსა თუ ამგვარ წინადადებაზე თანახმაა. მათი მოტივაცია ასეთია: მოდი, დავთანხმდები მენეჯმენტს ამ წინადადებას და მერე, თუ თავს გამოვიჩენ, მენეჯმენტი სხვა წინადადებას შემომთავაზებს და თანამშრომლობაც გაგრძელდება. მე ამ წინადადებას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, არ შეიძლება მუდმივ სტრესში ამყოფო თანამშრომლები. სტრესის შედეგად თანამშრომელთა დემოტივაცია, ან მათი კომპრომისზე წასვლა გარდაუვალია. სტრესი შექმნის არათავისუფალ გარემოს. ადამიანებს ექნებათ ერთი საფიქრალი, როგორმე აამონ ხელმძღვანელებს, როგორმე გააკეთონ ის, რაც მათ უფროსებს მოეწონებათ.

რადგან სწორედ ეს საფრთხ დავინახე, მე უარი ვთქვი ამ წინადადებაზე.

აქვე ვიტყვი, რომ რასაკვირველია, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საარჩევნო თემატიკის გადაცემა უნდა მზადდებოდეს, თუმცა, მის გარდა,  უნდა მზადდებოდეს სხვა ტიპის, სხვა შინაარსის გადაცემებიც. მე არ დავთანხმდი მენეჯმენტის წინადადებას დამატებით იმიტომაც, რომ ამგვარი სხვა გადაცემები იხურება და უკლებლივ ყველას, დამოუკიდებლად ჩვენი კონკრეტული კვალიფიკაციისა და სამუშაოს სპეციფიკისა, გვთავაზობენ მხოლოდ ერთ მიმართულებას და თან, კვლავ ვიმეორებ, არც არაფერს გვეუბნებიან საკითხზე – რა იქნება პირველი ნოემბრიდან.

– თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ არჩევნების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა მოხდება?

– ჩემი აზრით თუ პროგნოზით, თანამშრომლების მნიშვნელოვან ნაწილს, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ტელევიზიის ხელმძღვანელობა, არჩევნებს დასრულების შემდეგ, დაემშვიდობება. ადამიანები, რომლებიც სათანადოდ კვალიფიციური არ იქნებიან, ხელმძღვანელობა სამსახურიდან გაათავისუფლებს, თუმცა თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმი, შეიძლება, სულაც არ იყოს მათი კვალიფიკაცია.

ამავე დროს, დროებითი გადარჩენის აუცილებლობიდან თუ ლოგიკიდან  გამომდინარე, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ბევრი ვერც საკუთარი კვალიფიკაციის დემონსტრირებას მოახერხებს… სამსახურის დაკარგვის შიში ადამიანებს მოაქცევს გარკვეულ კონიუნქტურაში. არათავისუფალ ადამიანებს კი არ აქვთ კარგი პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა.

აქვე ვთქვათ – ნოემბრის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში არაფერიც არ ხდება. კონკურსით გამარჯვებული გადაცემები, რომელთა შედეგებიც უვე ცნობილია (მაგალითად, „რეალური სივრცე“), 2018 წლის იანვრიდან იქნება ეთერში. გარდა ამისა, ამ გამარჯვებულებს უკვე ჰყავთ თავიანთი გუნდები და პირველ ნოემბრამდე საარჩევნო დასაქმებულების ადგილი ამ გადაცემებშიც არ იქნება.

ზემოთჩამოთვლილი ვარაუდის გარდა, მაქვს უარის თქმის სხვა საფუძველიც – მე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ თანამშრომლს, რომელსაც სამსახურიდან უკვე დღეს ათავისუფლებენ. მაგალითად, არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ გია ხადურისა და კახა თოლორდავას „უცნობი მუსიკის“ დახურვის საფუძველს. რეიტინგი?

არაა ეს რელევანტური არგუმენტი. რეიტინგი მაუწყებელში არც არავის ჰქონია და თუ ობიექტურები ვიქნებით, სწორედ ამგვარ გადაცემებს შეეძლოთ რეიტინგის მოტანა მართებული სხვა მიდგომის და სათანადო პრომოუტინგის შემთხვევაში. იგივე ეხება სალომე დადუნაშვილის გადაცემას… სხვა პროგრამებს.

ამას ვიტყვი ჩემ პროექტზეც – „ვექტორი“ და შევახსენებ ყველას, ეს გადაცემა სწორედ კონკურსის წესით მოხვდა ეთერში 2016 წლის იანვარში. რასაკვირველია, შეიძლებოდა მისი დახვეწა, შეცვლა… სხვა ავტორების შერჩევა, მაგრამ, ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა მოხსნა ეს გადაცემა ეთერიდან ისე, რომ ამგვარ გადაცემაზე კონკურსიც კი არ გამოაცხადო. შეგახსენებთ, რომ ჯერაც დღის წესრიგშია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციას გააფთრებით ებრძვის რუსეთი.

მთელი მსოფლიო საუბრობს რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება ამ ომს და ამ დროს, თურმე, ჩვენ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელში აღარ უნდა იყოს გადაცემა, რომელიც ამ კურსს ატარებს… დიახ, მე ვადასტურებ, რომ „ვექტორი“ კრიტიკული იყო იმ ნაწილში, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ტემპი ჰქვია, მაგრამ, პარალელურად იყო კონტექსტუალური ანალიზი, მაყურებელს ვუხსნიდით, რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი და რა გამოწვევების წინაშეა მსოფლიო.

და კიდევ, ხომ ვთანხმდებით, რომ ადამიანები თავისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე უნდა საქმდებოდნენ? თუ ვთანხმდებით, გეტყვით, მე ძალიან მიყვარს ჭადრაკი, ფეხბურთი ან მუსიკა, მაგრამ, ხომ არ შეიძლება ჩემი დასაქმება საჭადრაკო ან მუსიკალურ გადაცემაში? ამას ვამბობ იმიტომ, რომ ჩემი უშუალო სპეციფიკა არ არის არჩევნები.

მოხდა ისე, რომ მეტ-ნაკლებად კარგად ვიცი სწორედ ევროატლანტიკური მიმართულება და, ამდენად ვასკვნი, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის შემოთავაზება, დავსაქმებულიყავი საარჩევო გადაცემაში, იყო მხოლოდ შემოთავაზება შემოთავაზებისათვის და არა უმეტეს.

არ აპირებს რა ევროატლანტიკური სპეციფიკური გადაცემის გაკეთებას, მენეჯერებმა შემომთავაზეს, შევაფასებ ასე – დასაქმება… დიახ, ეს სწორედ დასაქმებაა, რადგან არჩევნების თემა არც მაინტერესებს და ამ კუთხით ინფორმირებული, კვალიფიციურიც ნაკლებად ვარ.

–  ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი  სარედაქციო პოლიტიკას ცვლის, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც თქვენც საუბრობდით, რომ რუსული პროპაგანდა ქვეყანაში გააქტიურებულია?

– საქართველოში რუსული პროპაგანდა ნამდვილად ძლიერია. ჩემი აზრით, ამ საფრთხეებს ქართული საზოგადოება მშვენივრად ხვდება. მას, პირველ რიგში, ობიექტური ინფორმაციით უნდა დავუპირისპირდეთ. არ შეიძლება რუსული პროპაგანდის საცეცების გაძლიერება საქართველოში.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მე არ მინდა, ვიყო ასე რადიკალური და განვაცხადო, რომ  საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ საინფორმაციო პოლიტიკას ცვლის.

საზოგადოებრივ მაუწყებელში, მის ყველა რგოლში, დღესაც არიან პირები, რომლებიც კარგად ხვდებიან და გრძნობენ რუსული პროპაგანდის საფრთხეებს. ამავე დროს, კვლავ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ ამას მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ცალკეული სიუჟეტით არ უნდა ვპასუხობდეთ. ამას უნდა ავსებდეს სპეციფიური გადაცემა, იმგვარი და იმაზე უკეთესი, როგორიც იყო „ვექტორი“. აქ პიროვნულად ჩემზე არ ვსაუბრობ, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ტაბლიაშვილზე უკეთესად იციან ევროპა. მთავარია ასეთი ტიპის გადაცემები იყოს და ვინ წაიყვანს მას, მნიშვნელობა არ აქვს.

– თქვენ წერილს მაუწყებლის ხელმძღვანელობიდან გამოხმაურება თუ მოჰყვა. როგორია მათი მოსაზრება თქვენს პოზიციაზე?

– არასაჯარო გამოხმაურებების შესახებ ვერაფერს გაგიმხელთ. რასაც მე მივაქციე ყურადღება, მენეჯმენტის წარმომადგენელთა მხრიდან საჯარო გამოხმაურება არ ყოფილა. არ დავმალავ, რომ მათთან პირადი კომუნიკაცია შედგა, თუმცა, მე არ ვარ იმ პირთა შორის, რომლებსაც პირადი საუბრები საჯარო განხილვაზე გამოაქვთ. ამდენად, შინაარსს, ბუნებრივია, ვერ გაგიმხელთ..

– რას აპირებთ?

– საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით არაფერსაც აღარ ვაპირებ. მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი. 14 ივლისს  ჩემი გადაცემა „ვექტორი“  ეთერში ბოლოჯერ გავა. ბრძანება იმის თაობაზე, რომ მე ვთქვათ 15 ან 16 ივლისს გავთავისუფლდები, ჯერაც არ არსებობს. მაღალი ალბათობით, რადგან მაუწყებლის ხელმძღვანელობიდან შეთავაზება არ მივიღე, მაუწყებლის თანამშრომლის სწორედ ამ დროიდან აღარ ვიქნები. ბუნებრივია, ჟურნალისტურ სფეროში მოღვაწეობას გავაგრძელებ.

„მეტრონომი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველს ია ანთაძეს დაუკავშირდა და ტელევიზიაში თანამშრომლების არჩევნების შემდეგ შესაძლო მასობრივ დათხოვნაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. ანთაძე ამბობს, რომ გადაცემა „ვექტორის“ წამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს სხვა გადაცემის წაყვანა შესთავაზეს, ხოლო მან უარი განაცხადა. რაც შეეხება არჩევნების შემდეგ თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას, ეს სამომავლო საკითხია და ამაზე არჩევნების შემდეგ გაგვცემს პასუხს.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....