aviabiletebi
კულტურა მთავარი

ქართული მოდა- პლაგიატიზმი თუ კრეატივის ნაკლებობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ცნობილი ამერიკელი ნოველისტი ჰერმან მელვილი ამბობდა: უმჯობესია ორიგინალური იყო და დამარცხდე, ვიდრე იმიტატორობით მიაღწიო წარმატებასო, მაგრამ დღევანდელ დღეს, მომრავლებული პლაგიატების ფონზე, ცხადია, რენესანსის ეპოქის მწერლის სიტყვები ისეთი რეზონანსული ვეღარ იქნება. ასევე არავისთვისაა უცხო ის ფაქტი,  რომ იქ, სადაც არსებობს ინოვაცია, არსებობს ყოველთვის იმიტაციაც, თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ “შეალამაზებ”’, რა დეტალს ამოიღებ, ან დაამატებ, რადგან  როდესაც იპარავ იდეას, ყოველთვის ჩანს.

 

გასულ კვირას,  მოდის კვირეულის ფარგლებში მოწყობილი   ჩვენებების მიმდინარეობისას, პლაგიატიზმისა და კრეატივის ნაკლებობის პრობლემა კიდევ ერთხელ გაჟღერდა კულუარებში. ცხადია, სამართლიანი არ იქნება, კრეატიულობის დეფიციტის გამო, ყველას ხელაღებით უწოდო პლაგიატი, მაგრამ ამ კუთხით გუშინ მოწყობილ ჩვენებაზე დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება.

 

დათუნა სულიკაშვილის  შესახებ პირველად  2-3 წლის წინ შევიტყვე მისი ჩვენებიდან  ინტერნეტში გავრცელებული  ფოტოების საშუალებით. მახსოვს, გაოცებული ვუყურებდი ალექსანდრე მაქვინის “რქებდადგმული ქალების” იმიტაციას. მოდის სფეროში გაცნობიერებული  ადამიანებისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ პოდიუმზე თავზე რქებდადგმული მოდელები ალექსანდრე მაქვინის  1996/97 წლის შემოდგომა- ზამთრის კოლექციის ჩვენებისას გამოვიდნენ. ჩვენების სახელწოდება იყო „დანტე“ და შემდეგში ამ მოდელების პრინტები მაქვინის სახლმა მაისურებზედაც გადაიტანა. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ამას ხელი არ შეუშლია დათუნა სულიკაშვილისათვის, რომ 2012 წელს რქების იდეა თავის ჩვენებაში გაემეორებინა.

 

1

 

2

 

მაქვინისა და დათუნა სულიკაშვილის “შემოქმედებას” შორის არაერთი “პარალელის” გავლება შეიძლება. გედის ბუმბულებით ტანსაცმლის  გაფორმება მაქვინის სახლისთვის თუ უკვე დავიწყებული ამბავია, სამაგიეროდ იგივე ბუმბული დათუნას  უკლებლივ ყველა კოლექციის განუყოფელი ნაწილი გახდა. მან წარმატებით გაიმეორა მაქვინის  არა მხოლოდ სხვადასხვა წვრილმანი, თუ მსხვილმანი დეტალი მის მიერ შექმნილ ტანსაცმლზე მუშაობისას,  არამედ ასევე წარმატებით მოახდინა იმიტირება  მაქვინის შოუს ელემენტებისაც. შარშანდელი მისი ჩვენება ხელოვნური თოვლის ფანტელების ფონზე ქრისტი ყიფშიძის თეთრი კაბით გამოსვლით დასრულდა. ანალოგიური დასასრული ჰქონდა თეთრი ფანტელების ქვეშ გამოსული მაქვინის მოდელს 1999/2000 წლის ჩვენების “The Overlook”-ის დროს. მაქვინს ამ ჩვენების დასკვნით ნაწილში ადამიანების იზოლაციისა და ჩაკეტილობის პრობლემის იდეა ჰქონდა ჩადებული. რა იდეა ჩადო დათუნა სულიკაშვილმა იმავე დასასრულში ეს უცნობია.

 

3

 

2000 წელს მაქვინის სახლმა მოაწყო გაზაფხული- ზაფხულის კოლექციის  ჩვენება სახელწოდებით “თვალი”. შოუ  ნიუ ორკში გაიმართა და მისი მიზანი იყო პროტესტი მუსულმანი ქალების რეპრესიების წინააღმდეგ. მოდელები მუსულმანური ჩადრითა და შავი სამოსით გამოდიოდნენ პოდიუმზე. ამ ყველაფრის უნიჭო ინტერპეტირებას დათუნა 2015 წლის ზაფხულში ბათუმში შეეცადა, როდესაც ის  ადგილობრივმა, მეგობარმა დიზაინერმა მიიწვია შოუს გასაფორმებლად.

 

4

 

ანალოგიების ძებნით თავს აღარ შეგაწყენთ. თუ დათუნა სულიკაშვილის შემოქმედებით ხართ დაინტერესებული, ეს თავად შეგიძლიათ უხვად მოიძიოთ ინტერნეტში. გარდა ამისა, ის არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება იმ  დიზაინერებს  შორის, რომლებიც  სხვისი იდეების იმიტირებას ახდენენ. როდესაც მოდის ინდუსტრიაზეა საუბარი, ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, თუ  სად გადის ზღვარი პლაგიატიზმსა და იმიტირება-ინსპირაციას შორის. საკითხს ამ კუთხით თუ შევხედავთ, დათუნას პლაგიატიზმს მაინც ვერ დავწამებთ, რადგან ის მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა დაიბადოს და თანაც არა საქართველოში, იმისათვის, რომ ოდესმე მაქვინის ურთულესი შემოქმედების კოპირება სათანადოდ შეძლოს. მან შეიძლება მოიპაროს იდეა თოვლისა თუ რქების, ბუმბულისა თუ ნახევრად მოშიშვლებული მკერდის, მაგრამ მხოლოდ ამით ვერასოდეს გახდება მაქვინის დონის დიზაინერი. როგორც ტომ ფორდმა აღნიშნა, იმიტაციის მყიდველები არასოდეს იქნებიან ჩემი მყიდველები.’’ ასე რომ მაქვინის დონის დიზაინერებიც ნაკლებად წუხან იმ პრობლემაზე, რასაც სხვისი იდეების იმიტირება ჰქვია.

5

 

პლაგიატის მიზეზი კი, როგორც თავად მოგეხსენებათ, ერთადერთია და ის მარტივად ჟღერს- პოპულარობის მოხვეჭის სურვილი საკუთარი იდეების არქონის ფონზე. მერე რა, თუ დათუნა სულიკაშვილის ტანსაცმელს, დავით კომასაგან გასხვავებით, ვერავინ ცნობს მეგობრების ვიწრო წრის გარდა. ასევე, მერე რა, თუ ამ “გაქანებით” ის ვერასოდეს გამართავს ჩვენებას პარიზსა თუ ნიუ ორკში და არც ჰოლივუდის ვარსკვლავები ჩაიცვამენ მის სამოსს ოდესმე. სამაგიეროდ მას ყოველთვის ექნება გარანტირებული ადგილი ქართულ ყვითელ ჟურნალ-გაზეთებსა და თოქ შოუებში. ხოლო ის, თუ რატომ ხდება ქართველი დიზაინერების   ჩვენებების დასრულება მქუხარე ტაშის ქვეშ, ხოლო  რატომ ისმის შემდეგ კულუარებში ცხვირაბზუებული ბომონდის წევრების უკმაყოფილო რეპლიკები, ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს დავწერ.

 

 

მარიამ ტფილელი

იტვირთბა....