aviabiletebi
ბლოგები სპორტი

ფეხბურთი და მისი მეკობრეები

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფეხბურთო განზომილებაში, თასი ზოგისთვის საკრალურია, ზოგისთვის პრინციპებს და ფილოსოფიას გამოხატავს, ვიღაცისთვის კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთზე მიღწეული წარმატების მატერიალური აღმნიშვნელია, სხვებისთვის კი – უბრალოდ ჭურჭელი, რომლის ფასიც, მის შესაქმნელად გამოყენებული მასალის საბაზრო ღირებულებასა და გაწეული შრომის ანაზღაურებას არ სცდება.

ამ მოსაზრებების ფონად, უნდა ითქვას, რომ ერთი რამ მაინც ფაქტად რჩება – ფეხბურთის არსშივეა კონკურენცია, შეჯიბრი. სხვადასხვა ფორმატიან დრამაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული რჩება და საკრალურ ჭურჭელსაც სწორედ ის ისაკუთრებს. ამგვარად მოყოლილი ისტორია, ალბათ, ყველაზე გამარტივებული ფორმა იქნება, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა, უამრავი გარემოებით სავსე პროცესთან გვაქვს საქმე.

სტატისტიკას თასების რაოდენობა ქმნის, ფილოსოფიას, პრინციპებს და საფეხბურთო მსოფლმედველობას კი – ის განვლილი გზა, რომელიც მიზნამდე (თასამდე) მიდის. პოპულარულ მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, უნდა ჩავთვალოთ, რომ გარკვეული ქმედება, ვგულისხმობ საფეხბურთოდ არაპოპულარულ მცდელობებს გამარჯვებისათვის, არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს თავის თავში, რადგან, დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვანი მხოლოდ სტატისტიკაა, თასები, გამარჯვევბების რაოდენობა, რადგან საშუალება არავის აღარ ახსოვს. მაგრამ არა, შეიძლება არ გვახსოვდეს, მეგობრებს ამაზე არ ველაპარაკებოდეთ, თუმცა სადღაც ის მაინც რჩება, ქვეცნობიერში ილექება, კონრეტული გუნდის ხსენებისას, შიგნიდან ჯანყდება, იბრძვის, გუნდის და ისტორიის კონსტრუქციის შემადგენლად აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს. სიმბოლურია და, ამასთან, პარადოქსულიც, რომ ასეთი საფეხბურთო უტილიტარიზმის (ამ ტერმინის ყველაზე მარტივი გაგებით) ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ახლა ოცნების თეატრში ქადაგებს მატერიალიზმს. მაგრამ მხოლოდ ის არ ქმნის საფეხბურთო ამინდს. ვნება, ემოცია, სპონტანურობა ფანებში და მათ სიმღერებში უფრო იგრძნობა, ვიდრე მოედანზე, სადაც წინასწარ, დეტალურად გაწერილი, დაფაზე დახაზულ-დახატული გეგმის მიხედვით ვითარდება ყველაფერი და სადაც ყოველი უკან გაკეთებული პასი მრიცხველივით წერს შემოსულ მოგებას – ესეც თანამედროვე ფეხბურთის უმთავრესი პრობლემა.

ფეხბურთის რელიგიურობა არ არის უბრალოდ ჰიპერბოლა, მას რეალობასთან საკმაოდ მყარი კავშირი აქვს. უამრავი ფეხბურთელი (ამის იმედი მაქვს) და ფანი ფეხბურთით ცოცხლობს. ის მეტია, ვიდრე ცხოვრება, ის თავისთავად მეტია, ვიდრე 22 კაცის უსახო, უმიზნო სირბილი ბურთისკენ. ფეხბურთი ხელოვნებაა, ჰარმონია, ესთეტიკა და სიამოვნება, სიამოვნება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი – სილამაზისგან მოგვრილი სიამოვნება. სამყაროში ფეხბურთის უმაღლესი იდეა არსებობს და ფანებიც სწორედ მას სცემენ თაყვანს – ფეხბურთი რელიგიაა.

თუ საფეხბურთო იდეალისტებზე, მორწმუნეებზე ან, როგორც სოციალურად მიღებულია, გულშემატკივრებზე მოგვიწევს ლაპარაკი, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ზანქტ პაულის ფანები არიან.

თვითონ კლუბი 1907 წელს დაარსდა, მაგრამ ორგანიზებულ საფეხბურთო შეჯიბრებში 1910 წლიდან ჩაერთო, პროფესიულ საფეხბურთო სამყაროში კი 1974 წლიდან შეაბიჯა. 1977 წელს ბუნდესლიგაში მოხვდა, თუმცა დღემდე, სულ რამდენიმე სეზონი გაატარა გერმანული ფეხბურთის ელიტაში, მაქსიმალური მიღწევა კი მე-10 ადგილი იყო.

ზანქტ პაული ჰამბურგში შეიქმნა, მუშათა კლასის მხარეში. ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, კლუბს 400-ზე მეტი დარეგისტრირებული ფანკლუბი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათგან უმეტესი, რა თქმა უნდა, გერმანიიდანაა. ასეთი გაერთიანების შექმნა ნებისმიერ, მინიმუმ 5 ადამიანს შეუძლია და ბევრი მათგანიც სწორედ იმ მეგობრების მიერაა დაარსებული, რომლებიც სტადიონზე ერთად დადიოდნენ. ფანკლუბების შექმნას და შემდგომ საქმიანობას არანაირი ღრმა რეგულაციები არ ზღუდავს, მაგრამ ზანქტ პაულის ფანობა, ყველაზე მეტად, საფეხბურთო იდეალიზმთან და ამ იდეალიზმისკენ მიმავალ გზასთან ასოცირდება, რომელიც პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე ბრძოლასაც მოიაზრებს საკუთარ თავში.

ეს ის კლუბია, რომელმაც შეძლო და თასების, დიდი ფულის და კომერციული სვლების გარეშე გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და, ჩემთვის, ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა საფეხბურთო სამყაროში.

კლუბის ძველი გულშემატკივარი, სვენ ბრუქსი, გარდიანთან ინტერვიუში ამბობს, რომ 80-იანი წლების დასაწყისისთვის ფანები არაფრით გამოირჩეოდნენ. მხოლოდ შემდგომ, 80-იანი წლების შუა ნაწილში მომძლავრებული ნეონაცისტური მოძრაობების საპასუხოდ გაერთიანდნენ და შექმნეს, დღესდღეობით, ფანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაერთიანება, რომელიც რადიკალურად მემარცხენე იდეებისთვის იბრძვის.

ანტიფა, ანტირა ფანები ჩამოყალიბებული კლასობრივი ცნობიერებით, ვისთვისაც სტადიონი, ფეხბურთის სათამაშო მოედნის გარდა, სოციალური პროტესტის გამოხატვის წმინდა ადგილიცაა. ჩანტები საბრძოლო ჰიმნებია, „ბაიერნთან“ თამაში კი – კლასობრივი ბრძოლის სიმბოლო (რომელსაც ხშირად აგებენ). ისინი საფეხბურთო იდეალებისთვის იბრძვიან. როგორც თვითონ ამბობენ, თავიანთი საყვარელი კლუბის სულს იცავენ. მათ მისი გადარჩენა უნდათ საფეხბურთო ღმერთის წინაშე, რათა მატერიალიზმის, უსახობის რეალობაში არ აღმოჩნდეს, იდეა არ გაიცვალოს უსულო თასზე. ისინი თასებით არ ამაყობენ, ამისთვის მათ პრინციპები, ერთგულება და ღირებულებები გააჩნიათ. მსოფლიოს ფანკულტურაში მიღებულია გულშემატკივართა ორ ნაწილად დაყოფა: 1. ტრადიციული ფანები; 2.მომხმარებლები, კონსიუმერიზმის ილუზიას დამორჩილებულები, რომელთაც პლასტიკურებსაც უწოდებენ ხოლმე, გუნდების ხშირი ცვლილების გამო. ისინი რწმენას ღალატობენ, ვერცხლზე ცვლიან მას (გერმანიაში თასი ვერცხლისაა).

არ შეიძლება გამოგვრჩეს გუნდის ფანების სიმბოლო – თავის ქალა და ძვლები (Jolly Roger), რომელსაც სხვადასხვა დატვირთვა შეგვიძლია მივაწეროთ: 1. ის სიმბოლოა ფანებისა და კლუბის კულტურის, მიზნების, რწმენის ერთმანეთთან შერწყმისა, ის არა მხოლოდ ფანებთან, არამედ კლუბთანაც ასოცირდება; 2. 80-იან წლებში, როდესაც „მხიარული როჯერი“ კლუბის ისტორიული ფანკლუბის (Black Block) გერბად მოგვევლინა, სხვა დატვირთვაც შეიძინა, ის იქცა სიმბოლოდ მუშების ბრძოლისა – ბოსების წინააღმდეგ, ღარიბების ბძოლისა – მდიდრების წინააღმდეგ; დღესაც, თანამედროვე საფეხბურთო რეალობაში, ეს არის სიმბოლო ბროლისა გაბატონებული რეალობის წინააღმდეგ. სიმბოლო, რომლითაც საფეხბურთო მამები უნდა შეაშინო, აუჯანყდე, დედებს კი ახალი რეალობის შექმნა „აიძულო“.

ზანქტ პაულის გულშემატკივრების ისტორია და რეალობა არ არის უბრალოდ თანამედროვე ფეხბურთის ანტიპატიისგან გამოწვეული ალტერნატივა. ეს კულტურა უფრო ღრმაა, შინაარსიანი და მიზანმიმართული. აქ პროტესტი ყოველდღიურობად იქცა, ოღონდ ეს ყოველდღიურობა არ აუფასურებს მას, პირიქით, აქ ღირებულებები უფრო ღირებული გახდა.

დავით ჩაგელიშვილის ბლოგი 

იტვირთბა....