aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„უკან  საბჭოთა კავშირში“: რატომ ვაუქმებთ თვითმმართველობას – შედეგი, რომელიც ძვირი დაგვიჯდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანალიტიკოსები „მეტრონომთან“ რამდენიმე ქალაქში თვითმმართველობის გაუქმების შესახებ საუბრობენ

ავტორი: ელზა პაპოშვილი

„უკან  საბჭოთა კავშირში“ – ასე აფასებენ „მეტრონომთან“ ექსპერტები და პოლიტიკოსები საქართველოს შვიდი ქალაქის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას. მმართველი გუნდი ცვლილებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობით ხსნის. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი ამბობს, რომ ეს რეფორმა ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება და ქვეყანას უკან წარსულში დააბრუნებს.

იურისტები „მეტრონომთან“  საუბარში ამბობენ, რომ ჩვენი კანონმდებლობით, თვითმმართველობის საკითხების გადაწყვეტაში სამართლებლივად შემაფერხებელი ბერკეტები არ არსებობს.

შესაბამისად, ოპოზიციის მოწოდება, რომ პრეზიდენტმა სასწრაფოდ  თვითმმართველობის არჩევნები ვადაზე ადრე დანიშნოს, რათა  მმართველმა გუნდმა ვერ მოასწროს ინიციატივის კანონად ქცევა, დიდ ვერაფერს შედეგს მოიტანს, რადგანაც სამართლებლივი კუთხით, ეს პირდაპირი შემაფერხებელი ვერ იქნება.

იურისტების და პოლიტიკოსების განცხადებით, ვენეციის კომისია და ეუთო გვეუბნება, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე არ არის რეკომენდირებული რაიმე ცვლილება, თუმცა, როგორც ირკვევა, საერთაშორისო რეკომენდაციების მიღება ჩვენ პოლიტიკოსებს ნაკლებად აღელვებთ.

ამ რეფორმას სამართლებლივად ვერაფერს დავუპირისპირებთ. ერთადერთი, მხოლოდ საზოგადოების რეაქცია დარჩა. გააჩნია მოსახლეობა როგორ და რა ფორმით შეხვდება ამ ინიციატივას.

თუ ცვლილება, რომლის ინიციატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ძალაში შევა ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი თვითმმართველი ქალაქების სტატუსს დაკარგავენ.

ეს სტატუსი ამ ქალაქის მაცხოვრებლებს აძლევს უფლებას, თავად აირჩიონ მერი. ადგილობრივ ხელისუფლებას კი, შეუძლია ბიუჯეტის დამოუკიდებლად ფორმირება და განკარგვა, ასევე უფლება აქვს საკუთარი მოსაკრებლები და გადასახადები შემოიღოს.

პოლიტოლოგების განცხადებით, ახლა, მმართველი გუნდი ცდილობს შეცვალოს წესი, რომელიც 2014 წელს თავად შემოიღო. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს რამდენიმე ქალაქის მოსახლეობამ პირველად აირჩია მერი და გამგებლები (რაიონის/სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები).

სხვათაშორის, ეს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. 2012 წელს, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ივანიშვილის კოალიცია მკაცრად აკრიტიკებდა სააკაშვილის ხელისუფლებას სუსტი თვითმმართველობის გამო და პირობას დებდა, რომ რეგიონებს მეტ თავისუფლებას მისცემდა.

დღეს, საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქია. თუ “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული რეფორმა ძალაში შევა, დარჩება ხუთი (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი).

პოლიტოლოგები და ოპოზიციის წარმომადგენლები „მეტრონომთან“ ამბობენ, რომ  როგორც ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება, ეს რეფორმაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. 2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. თუ საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებების მიღება 2017 წლის შემოდგომამდე მოასწრო, მაშინ არჩევნები უკვე ახალი წესით ჩატარდება.

ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ასეთია: მას შემდეგ რაც ქალაქებს თვითმმართველი სტატუსი მიენიჭათ, მნიშვნელოვნად გაიზარდა  ადმინისტრაციული ხარჯები, რაც ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვა.

სანაცვლოდ კი, ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, არ გაზრდილა შემოსავლები, შემცირდა ხარჯების ეფექტურობა, არ გაუმჯობესებულა ადგილზე მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.

2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, შვიდი თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასებისთვის 10 მილიონი ლარია (4 მილიონ დოლარზე მეტია) გამოყოფილი.

რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ხარჯების შემცირება მუნიციპალიტეტების ფინანსურ მდგომარეობაზე და დამოუკიდებლობაზე არ აისახება და პირიქით, ეს ფული მათ უფრო ეფექტიანად მოხმარდებათ.

რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკვე მიმართა ინიციატივით აღნიშნული ქალაქების საკრებულოებს (ადგილობრივი სათათბირო ორგანოები), რათა მათ საკუთარი ქალაქების თვითმმართველობების გაუქმებას დაუჭირონ მხარი.

სამთავრობო ინიციატივის განხილვა უკვე დაიწყო ადგილებზე. მაგალითად, ოზურგეთის, ფოთის და გორის  საკრებულოს წევრებმა უკვე დაუჭირეს მხარი საკუთარი ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევას.

ეს პროცესი რეგიონებში ხმაურიანად მიმდინარეობს. მაგალითად, ოზურგეთის საკრებულოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს იმის ნიშნად, რომ საქართველოში თვითმმართველობა მოკვდა.

ცვლილებების წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

მისი თქმით, უნდობლობა, რომელსაც ცენტრი იჩენს საკუთარი მოქალაქეების მიმართ, გაუმართლებელია.

“რატომ ვაუქმებთ თვითმმართველობას? იმიტომ რომ ეს იაფი დაგვიჯდება? არა, ეს ჩვენ უფრო ძვირი დაგვიჯდება. როდესაც შენ მართავ ქვეყანას ცენტრიდან, არის შანსი, რომ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი და  ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების ეკონომიით გამართლება, პრობლემის ბეცი და მქანიკური ხედვაა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ხარჯებში კი არა, მმართველობის ეფექტურობასთანაა.

ხუხაშვილის აზრით, ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითმმართველობა ყოველდღიურად უნდა ძლიერდებოდეს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე რას ვაჩვენებთ აფხაზებს და ოსებს, რადგანაც თუ საქართველოს მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა და გვინდა, რომ ეს ხალხი ჩვენთან ინტეგრაციით დავაინტერესოთ, მაშინ თვითმმართველ ქალაქების გაუქმებას ასე ნაჯახით არ უნდა დავერიოთ. ხუხაშვილის აზრით, ასეთი საქციელით  მათ ვაფრთხობთ და კიდევ უფრო მეტ კითხვებს ვუჩენთ.

„ეს რეფორმა როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი გაგებით და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ, უკან გადადგმული ნაბიჯია, მეტი თუ არა. ეს რეფორმა კი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. რა თქმა უნდა, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის და მიზანმიმართული ქმედებაა.

ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ქალაქებში ხელისუფლების პოზიციები სუსტია. არჩევნების დროს, ქალაქები უფრო დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, შესაბამისად ამ საფრთხის წინაშე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნო რისკები მაქსიმალურად შეამციროს, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური, საბოლოო ჯამში, ხელისუფლება უფრო უარყოფით ემოციას გამოიწვევს, ვიდრე თავის ამოცანას გადაჭრის.

ეს არის აბსოლუტურად სპონტანური და გაუაზრებელი ქმედება. ხელისუფლებამ თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ნაბიჯი თავად გადადგა, ხოლო ახლა თავისი „დანაშაული“ უკან ალოკა“, – ამბობს ხუხაშვილი “მეტრონომთან”.

მისი თქმით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ გრძელვადიანი ხედვა არ აქვს და მისი კონკრეტული ქმედება, ერთი ჩინოვნიკის ინტერესების დონეზე ვიწროვდება. ხუხაშვილის განცხადებით, ერთ  ჩინოვნიკს რა ხუშტურიც მოუვა, ყველაფერს იმის მიხედვით კერავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობას ქვეყნის განვითარების არანაირი გეგმა არ გააჩნია.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმება, უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც ხელისუფლების კიდევ უფრო ცენტრალიზებას გულისხმობს. შავგულიძის განცხადებით, სამწუხაროდ, ხელისუფლებას აღმოაჩნდა ტენდენცია, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციაზე სრული კონტროლი განახორციელოს.

პოლიტიკოსის განცხადებით, არგუმენტი, რომ თითქოს ამ რეფორმით საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ხდება, აბსოლუტურად მცდარი და არასწორი შეხედულებაა, რადგანაც სწორედ ძლიერი თვითმმართველობის პირობებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკეთესად იცის, რა არის იმ კონკრეტული რეგიონისთვის საჭირო და როგორ იქნება იმ რეგიონისთვის ოპტიმალური ხარჯვა. შავგულიძის თქმით, პირიქით, ყოველთვის გაცილებით მეტი სახსრები ხარჯვა ხდება, როდესაც ეს  ცენტრალიზებულად ხდება.

„საზოგადოებას ახსოვს, 2012 წლისთვის ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნება“ საზოგადოებას თვითმმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებას ჰპირდებოდა  და ამბობდა, რომ ქალაქის მერებიც კი ადგილობრივი მოსახლეობისგან იქნებოდა არჩეული. თუმცა, როგორც სამართლიანობის აღდგენის დაპირება არ შეასრულეს, ასევე არ შეასრულეს ეს დაპირებაც. ამის ერთადერთი მიზეზი კი ერთი ადამიანის სურვილი და ხუშტურია, რომელმაც ჩათვალა, რომ მთელი ქვეყანა მხოლოდ მის მიერ უნდა იმართებოდეს. თვითმმართველობის გაძლიერება ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერების და განვითარების ერთ-ერთი წინა პირობა იყო.

ასეთი მოწყობა, როგორსაც ახლა „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, ეს არის ტიპიური საბჭოური სახელმწიფოებრივი აზროვნება, როდესაც ერთი ცენტრიდან, ერთი მმართველი პარტიისგან ყველა ინსტიტუტი იმართება. ამ ყველაფერს დემოკრატიულ და სამართლებლივი ქვეყნის მშენებლობასთან არაფერი საერთო არა აქვს.

ქვეყნის ასეთი ინსტიტუციონალური და ადმინისტრაციული მოწყობა, ჩვენ ევროპულ სივრცეს გვაშორებს. ევროკავშირმა  ფორმალურადაც რომ მიგვიღოს, მისი ორგანული ნაწილი ვერ გავხდებით, რადგანაც ჩვენი სახელმწიფოებრივი მმართველობა ევროპული ვერ იქნება“, – ამბობს შავგულიძე.

მისი თქმით, გაუგებარია ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის მოთხოვნა, რომ პრეზიდენტმა ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნოს, რადგანაც ამით არაფერი არ იცვლება. შავგულიძის განცხადებით, გაუგებარია, დროში როგორ უნდა მოესწროს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები უკვე 4 თვეში ისედაც უნდა ჩატარდეს.

შავგულიძის  განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტით, იგივე ვენეციის კომისია და ეუთო  გვეუბნება, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე არ განხორციელდეს არანაირი ცვლილება, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა ასეთ პირობას არ იცავს და ბოლო წუთამდე შესაძლებელია ცვლილებები, რადგანაც ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ არ ითვალისწინებს.

პოლიტიკოსის აზრით, ევროპისგან უარყოფითი რეაქცია აუცილებლად მოჰყვება და ჩვენს სამომავლო გეგმებზე ცუდად იმოქმედებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება, რომელსაც წინასაარჩევნოდ ყველა რეგიონის გაკონტროლება სურს.

 

იტვირთბა....